ევროპაში თხილის ექსპორტი გაზრდის ნაცვლად, დაიკლებს

ევროპაში თხილის ექსპორტი გაზრდის ნაცვლად, დაიკლებს

თხილის ევროპაში ექსპორტის პერსპექტივები ბუნდოვანია. ჯერ ერთი, რომ ბოლო 2 წელიწადში პროდუქციის ხარისხი მკვეთრად დაეცა, გარდა ამისა, დაინერგა ახალი სტანდარტი, რომელსაც მეწარმეები მოკლე დროში ვერ ითვისებენ.

მთავრობის 2018 წლის 11 მაისის დადგენილებით, ბიზნესოპერატორი, რომელიც ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულს ამზადებს, ვალდებული იქნება HACCP-ს სისტემა დანერგოს. აღსანიშნავია, რომ HACCP-ს სისტემის დანერგვის ვალდებულება თხილის ექსპორტიორებს 2018 წლის იანვრიდან გაუჩნდათ, თუმცა, მაშინ მხოლოდ გადამუშავებულ თხილის გულზე იყო საუბარი.

გარდა ამისა, 2018 წლის 11 მაისის დადგენილებით, ბიზნესოპერატორმა თხილის ექსპორტისას ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუში სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით უნდა აიღოს. პარალელურად აუცილებელი იქნება ლაბორატორიული კვლევის შედეგები სააგენტოს წარუდგინოს. მთავრობის 2018 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.

მეწარმეებს ახალი სტანდარტის სწრაფად დანერგა მაინცდამაიც არ მოეწონათ. კომპანია „ქესკიას“ დამფუძნებელი მარიამ კოდუა ფიქრობს, რომ HACCP-ის სტანდარტის გაფართოება ბევრ მეწარმეს შეუჩერებს ექსპორტს.

„ძალიან ბევრი მეწარმე, ვინც თხილის ექსპორტს ახორციელდება, იძულებული გახდება ადგილზე გაყიდოს პროდუქცია. გარკვეული ნაწილი შეეცდება ამ სისტემის დანერგვას, თუმცა, ეს დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ყველა ვერ შეძლებს.

ჩვენს შემთხვევაში, ჯერ არ ვიცი ზუსტად როგორ იქნება, რადგან ახალი საწარმო გვაქვს გასაკეთებელი, არსებულის გადაკეთება საკმაოდ რთულია. HACCP-ის პრინციპები რომ დავნერგოთ, ინფრასტრუქტურის ნაწილში დიდი ხარჯის გაწევა მოგვიწევს და სავარაუდოდ, სექტემბრისთვის ამას ვერ მოვასწრებთ“, - განუცხადა „ბიემს“ მარიამ კოდუამ.

ასეთივე რთულ მდგომარეობაში იქნებიან სხვა მეწარმეები, რომელებიც დროში ვერაფრით ჩაეტევიან. შესაბამისად, წელს თხილის ექსპორტის მასშტაბები გამოკვეთილი არ არის, არადა შარშან ამ მიმართულებით დიდი ვარდნა იყო.

2017 წელს, თხილის ექსპორტში კლებამ დაახლოებით 80 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს დააადასტურა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

„თხილთან დაკავშირებით იყო პრობლემები და ეს აისახა ციფრობრივ მაჩვენებლებში. შარშან თხილის ექსპორტში კლება დაახლოებით 80 მილიონი დოლარია. ამან შეამცირა პარამეტრები, როგორც პირველადი წარმოების, ისე გადამუშავების თვალსაზრისით“, - განაცხადა ხანიშვილმა.

მისივე თქმით, თხილის ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემა მხოლოდ აზიური ფაროსანასგან არაა გამოწვეული. „ძირითადი პრობლემა იყო კლიმატური პირობები, ასევე აგროვადების და აგროღონისძიებების დაუცველობა“, - დასძინა ხანიშვილმა.

ქართული თხილი არის ერთ-ერთი ნომერ პირველი პროდუქტი, რომლითაც ბოლო წლებია ევროკავშირი ყველაზე მეტად ინტერესდება, თუმცა შარშან ექსპორტმა ძალიან იკლო. სხვათა შორის, მას შემდეგ რაც თხილის ხარისხის პრობლემა გაჩნდა, იგი რუსეთის გზას გაუყენეს, რადგან იქ პროდუქცია მკაცრი შემოწმებისგან თავისუფალია.

„2017 წელს თხილი ექსპორტი თითქმის 100 მილიონი დოლარით შემცირდა და ამან ევროპის მიმართულებით ექსპორტის მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად დაარტყა. წინა წლებში თხილის ექსპორტი ღირებულებით მნიშვნელოვნად აღემატებოდა ღვინის ექსპორტს, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით. 2017 წელს კი გაიზარდა ღვინის ექსპორტი რუსეთში, ასევე ჩინეთში და აჯობა თხილის ექსპორტს.

საერთოდ კი, საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქცია და ნედლეული სარგებლობს მოწონებით და ინტერესით ევროპაში და ამ მიმართულებებს ხელშეწყობა სჭირდება. ვფიქრობ, საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ ევროკავშირმა ჩვენს ექსპორტში 35-40% ნიშანი სტაბილურად დაიკავოს“, - აღნიშნა სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ.