„გაფიცვა სამუშაო საათებში გვინდა, სახლში საკუთარ ოჯახს ხომ არ გავეფიცები?“

„გაფიცვა სამუშაო საათებში გვინდა, სახლში საკუთარ ოჯახს ხომ არ გავეფიცები?“

მეტროს გაფიცვასთან დაკავშირებით სასამართლომ მეტად უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, რამაც მიწისქვეშ დასაქმებულთა გულისწყრომა გამოიწვია. შესაბამისად, მათ უმალვე აქცია გამართეს და მერია გააფრთხილეს, რომ გაფიცვა არ გადაიდება. სასამართლოს პოზიციის მიუხედავად, თუკი მემანქანეთა მოთხოვნა არ შესრულდება, 3 ივნისის შემდეგ მეტრო არ იმუშავებს.

მეტრო „რუსთაველის“ მეტროს მემანქანეებმა აქცია გამართეს. ისინი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც სამუშაო საათებში მათ გაფიცვის უფლება არ აქვთ.

„გაფიცვა სამუშაო საათებში გვინდა, სახლში, რომ მივალ საკუთარ ოჯახს, ხომ არ გავეფიცები?“, - აცხადებდნენ შეკრებილები. მემანქანეების მთავარი მოთხოვნა ისევ რჩება ხელფასის 45%-ით გაზრდა.

აქციაზე იმყოფებოდნენ „აუდიტორია 115“-ის, პროფკავშირების წარმომადგენლები და სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ მემანქანეებს.

„სასამართლოს გადაწყვეტილება გაფიცვის აკრძალვასთან დაკავშირებით არის სახიფათო ყველა დასაქმებულისთვის“, - განაცხადა ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონიტორინგის იურისტმა, ლინა ღვინიანიძემ.

თბილისის მეტროს მემანქანეებს და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 დღის ვადით 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო.

2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა პროფესიულ გაერთიანების წევრი მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება „სამუშაო საათების განმავლობაში“.

მეტროს მემანქანეების პროტესტთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიის იურიდიული სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ მემანქანეები მოლაპარაკებებზე არ მიდიან, ამიტომ სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ ქალაქში მიმოსვლა ეჭვქვეშ არ დამდგარიყო.

„მეტროს გაჩერება გამოიწვევს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების მუშაობის შეფერხებას, მაგალითად, როგორიცაა სასწრაფოს და სახანძროს გადაადგილება, მიმოსვლის უსაფრთხოება დადგება ეჭვქვეშ. სხვა ბერკეტი არ გაქვს გარდა იმისა, რომ მივმართოთ სასამართლოს და კანონის ფარგლებში დავიცვათ ჩვენი უფლებები. ამ ეტაპზე მეორე მხარე შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ჩვენ მათ შევთავაზეთ კომისიის წესით მოლაპარაკება, თუმცა მათ აზრს მოკლებულად მიიჩნიეს კომისიის ჩამოყალიბება და მათ მიერ ხელფასის 45%-ი მომატების საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა“, - განაცხადა გიორგი გოგაძემ.

მეტრო „რუსთაველთან“ შეკრებილმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კი საქალაქო სასამართლოს განჩინებას უკანონოს და ანტიკონსტიტუციური უწოდეს. ისინი განჩინების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებენ.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ კი მოუწოდა სახელმწიფოს, კანონმდებლობა იმგვარად შეცვალოს, რომ დასაქმებულებს გაფიცვის უფლების ეფექტური რეალიზების საშუალება მიეცეთ, როგორც ამას შრომის საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს.

რაც შეეხება მეტროს მემანქანეების მიერ დაანონსებულ გაფიცვას, ის კვლავ ძალაში რჩება. თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ისინი 3 ივნისის შემდეგ გაიფიცებიან.