შსს-ს გადაწყვეტილებით „კაფე გალერი“ და „ბლოუ ბარი“ გაიხსნა. კლუბ „გალერის“ დამფუძნებელი ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთად შევიდა. მას შემდეგ რაც ალექსანდრე ანთაძე კლუბის ტერიტორიაზე შევიდა, პოლიციამ კლუბის ტერიტორია დატოვა. როგორც კლუბ „გალერის“ დამფუძნებელი აცხადებს პოლიციის მხრიდან გადაცდენა და ზეწოლა არ ყოფილა.
„ყველაფერმა კანონის ფარგლებში ჩაიარა. სავარაუდოდ, ალბათ, არანაირ ფინანსურ მოთხოვნას არ გავაკეთებთ“, - აცხადებს ალექსანდრე ანთაძე.
როგორც ცნობილია, ოპერატიული ინფორმციის საფუძველზე 12 მაისს ღამის კლუბებში სპეცოპერაციები ჩატარდა, მათ შორის სამართალდამცველები შევიდნენ კაფე „ბასიანში“. კლუბ „გალერისგან“ განსხვავებით „ბასიანი“ ამ დრომდე დალუქულია და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. არაოფიციალური ინფორმაციით, კლუბ „ბასიანში“ პოლიციამ რამოდენიმე წერტილი აღმოაჩინა, სადაც რეალიზაციისთვის გამზადებული ნარკოტიკული საშუალება ინახებოდა.
როდის დასრულდება კლუბ „ბასიანში“ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე უცნობია. შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება და როგორც კი დასრულდება, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
„ამის პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირება არასწორი და უადგილოა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ჯავახაძემ.
შეგახსენებთ, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია გამსაღებლებსა და კლუბების მეპატრონეების კავშირზე საუბრობს. როგორც ძალოვანმა მინისტრმა აღნიშნა, ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ ღონისძიებებს წინ უძღოდა სამთვიანი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგად დადასტურდა, რომ კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვა მიმდინარეობდა სისტემური სახით და ამაში ჩართული იყო კლუბის დაცვის უფროსი.
„ერთ-ერთ კლუბში ნარკოტიკს დაცვის უფროსი ყიდდა, რაც პირდაპირ მიგვითითებს სისტემურ კავშირზე გამსაღებლებსა და კლუბს შორის. აქ შემიძლია გითხრათ, რომ სასამართლოს განჩინებით 20-ზე მეტი კონკრეტული ფაქტი გვაქვს დაფიქსირებული, საკონტროლო შესყიდვის, როგორც კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე კლუბის შიგნით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
თავის მხრივ, კლუბ „ბასიანის“ მეპატრონე ზვიად გელბახიანი შსს-ს არაკოორდინირებულ მუშაობაში ადანაშაულებს. გელბახიანის შეფასებით, ღამის კლუბი „ბასიანი“ ხელისუფლების მძევალია და აცხადებს, რომ პოლიციის გადაწყვეტილება გაუგებარია. მისი თქმით, გუშინ შსს-დან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ დაახლოებით 9 საათზე კლუბი გაიხსნებოდა და მედიასთან ერთად შეეძლებოდა, რომ შესულიყო, თუმცა დაახლოებით, 15 წუთში დურეკეს და უთხრეს, რომ კლუბის გახსნა გადაიდო. თავად კი, დაბარებულია დაკითხვაზე.
„ეს ეჭვებს ბადეს, რომ ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური სარჩული, ვინაიდან „ბასიანის“ გახსნასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთი მხრივ, შს მინისტრი აცხადებს, რომ უმოკლეს ვადაში, დაახლოებით, 4-5 დღეზე იყო საუბარი, კლუბი გაიხსნებოდა, თუმცა მოადგილეს სხვა ვერსიები აქვს - იძახის, რომ კლუბი 2-3 კვირაში გაიხსნება.
„ბასიანი“ „თეთრი ხმაურის მოძრაობასთან“ ერთად აქტიურად არის ჩართული კამპანიაში, რომელიც ბევრ საკითხში ითხოვს ცვლილებებს. მე და ჩემს თანამებრძოლებს გვაქვს განცდა, რომ „ბასიანი“ არ იხსნება იმიტომ, რომ არის მძევალი“, - აცხადებს გელბახიან.
3 საათიანი დაკითხვის დასრულების შემდეგ კლუბის მეპტრონე აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუკი შს სამინისტრო პასუხისმგებლობას მას აჰკიდებს იმაზე, რომ კლუბში შეიპარა ნარკოტიკი, ასეთ შემთხვევაში, საზღვარზე ნარკოტიკის შემოპარვისთვის უნდა გადადგეს გიორგი გახარია. ზვიად გელბახიანი ამბობს, რომ მასთან სამართალდამცავებს კითხვები ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით ჰქონდათ.
„რეალიზაციის ნაწილში იყო კითხვა, რომ თუ შევამჩნიე ვინმე ტერიტორიაზე, რაზეც ვუპასუხე, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მსგავსი ფაქტები აღვკვეთოთ და ჩვენი დაცვის წევრები ყოველთვის ცდილობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რამე გამოვლინდა, აღკვეთონ. მაგრამ ჩვენი მხრიდან, მენეჯმენტის მხრიდან შემჩნეული არ იყო.
იმ შემთხვევაში, თუ საზღვარზე შემოდის ნარკოტიკები, მაშინ ყოველი შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს ამის გამო. ეს ქსელია და პრობლემაა. აქ არ მზადდება ნარკოტიკები და რაც შემოდის საზღვარზე შემოდის და მაშინ დღესვე მოუწევს გახარიას განცხადების დაწერა და გადადგომა. თუ მე ამკიდებს პასუხისმგებლობას, რომ კლუბში რატომ შეიპარა ნარკოტიკი, მაშინ მეც იგივე პასუხისმგებლობას ვკიდებ რატომ იპარება საზღვარზე? მის კომპეტენციაში შედის რომ არ შემოიპაროს“, - აცხადებს ზვიად გელბახიანი.
„ბასიანის“ დამფუძნებლები კვირას აქციას გამართავენ. ისინი კლუბის გახსნას ითხოვენ და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ 1 ივნისამდე კლუბი არ გაიხსნება, იძულებული გახდებიან, ის ოფიცილურად დახურონ, რადგან უკვე ვეღარ ფარავენ ხაჯებს და დავალიანებას. საპროტესტო აქციისთვის ემზადება მოძრაობა „თეთრი ხმაური“.
„პოლიტიკური სისტემა ხალხის წინააღმდეგ არის მომართული და ის პოლიტიკა, რომელსაც ისინი აწარმოებენ ხალხის მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ დაპირისპირებას და პრობლემების გადაფარვას ემსახურება. ერთადერთი რაც დაგვრჩენია არის ის, რომ ისევ გავერთიანდეთ, ვკონსოლიდირდეთ და ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ადამიანებს. ეს არ იქნება მხოლოდ აქციები, ეს იქნება გრძელვადიანი სამუშაო, რომელსაც გავაგრძელებთ კონკრეტული სტრატეგიებით“, - განაცხადა „თეთრი ხმაურის“ ხელმძღვანელმა ბექა წიქარიშვილმა.