საქართველო ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია

საქართველო ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია

2008 წლის ომიდან 10 წლის შემდეგ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატა, დღეს ბოლო სხდომას გამართავს და გადაწყვეტილების გამოსატანად გავა. სარჩელი საქართველომ 2008 წლის 11 აგვისტოს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის შესაბამისად შეიტანა. სტრასბურგის სასამართლომ, 2011 წლის 13 დეკემბერს საქმე დასაშვებად სცნო, 2012 წლის 3 აპრილს კი განსახილველად დიდ პალატას გადასცა.

სარჩელი, რომლის განხილვა დღეს იწყება, ეხება სიცოცხლის უფლების, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, სიცოცხლის უფლების, საკუთრების დაცვისა და განათლების უფლების და გადაადგილების თავისუფლების დარღვევებს.

გადაწყვეტილების გამოტანამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და დიპლომატებმა საგანგებო თათბირი გამართეს, სადაც ის მტკიცებულებები განიხილეს, რომლითაც აგვისტოს ომის დროს ევროკონვენციის მუხლების დარღვევა დგინდება. საქართველოს სახელმწიფოს ორი ბრიტანელი ადვოკატი ჰყავს, რომლებიც ევროსასამართლოში ხვალ სიტყვით წარსდგებიან.

საქართველოს მხარეს სტრასბურგის სასამართლოსთვის 700-ზე მეტი ნივთმტკიცებულება აქვს წარდგენილი. როგორც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, ბექა ძამაშვილმა განაცხადა, ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება რუსეთის მხრიდან გორში ბალისტიკური იარაღის გამოყენების ფაქტი.

„ეს ხდება სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ქართულ მხარეს ცალმხრივად უკვე შეწყვეტილი ჰქონდა საბრძოლო მოქმედებები, შესაბამისად, თვითონ მტკიცებულებები საკმაოდ მყარია, დაწყებული თვითონ აფეთქების მომენტით, გადაღებულია უშუალოდ აფეთქების მომენტი და შემდეგ გამყარებულია მთელი რიგი მტკიცებულებებით, მათ შორის, ექსპერტის დასკვნით, რომ ეს იყო „ისკანდერი“, რომელიც მხოლოდ რუსული არმიისთვის იყო განკუთვნილი“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

სავარაუდოდ, დღეს გადაწყვეტილება არ იქნება გაცხადებული და როგორც ვარაუდობენ, წლის ბოლომდე შესაძლოა, რომ დიდმა პალატამ საბოლოო გადაწყვეტილება გაასაჯაროვოს.

როგორც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, ევროსასამართლოს აქვს ყველა მტკიცებულება იმისთვის, რომ გამოიტანოს ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება. მინისტრის განცხადებით, მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ ვლადიმერ პუტინი 2008 წლის აგვისტოს ომამდე გაცილებით ადრე ემზადებოდა საქართველოში ინტერვენციისთვის.

„დიდი იმედი გვაქვს როგორც მხარეს, რომ სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას, სამართლიან გადაწყვეტილებას როგორც ეს მათ სჩვევიათ, რადგან ეს არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო სასამართლო და ის იტყვის სიმართლეს. სიმართლე კი არის ის, რომ რუსეთი 2008 წლის საომარი მოქმედებებისთვის მინიმუმ 2006 წლიდან ემზადებოდა. ამას მოწმობს ბატონი პუტინის საჯარო გამოსვლაც და რომ ჩვენ ვიხილეთ გაასმაგებული ხარისხი კონტროლისა აგვისტოს თვეში რუსეთის მხრიდან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა შესაბამისი ზომა იქნა მიღებული იმისათვის, რომ საქართველოს სასარგებლოდ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში.

„პარლამენტი დაინტერესდა ამ საქმის მიმდინარეობით. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა საგანგებო, სპეციალური შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და განვიხილეთ ამ საქმის თითოეული დეტალი. მათ შორის განვიხილეთ ის, თუ როგორ არის ჩვენი ქვეყნის არგუმენტები მომზადებული, რა სახის არგუმენტებია მტკიცებულების სახით წარმოდგენილი. ჩვენ დავრწმუნდით, რომ ყველა შესაბამისი ზომაა მიღებული იმისათვის, რომ საქართველოს სასარგებლოდ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში. პარლამენტი, რა თქმა უნდა, დააკვირდება ამ პროცესებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში საქმის სწორად წარმართვის შემთხვევაში, მხოლოდ ერთი შედეგი შეიძლება დადგეს - ეს არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან კონვენციის დარღვევა. ბოკერიას შეფასებით, როგორც წინა საქმეში, რომელიც საქართველოს მოქალაქეების რუსეთის ტერიტირიიდან გამოძევებას ეხებოდა, ამ შემთხვევაშიც უნდა მოხდეს რუსეთის მხრიდან ვალდებულბების დარღვევის დაფიქსირება.

„სარჩელი მომზადებულია ძალიან სერიოზულად, ძალიან ზუსტად და ძალიან კარგად. მაშინ სასამართლოს ჩვენ რამდენიმე სარჩელით მივმართეთ. ახლა მნიშვნელოვანი ეს სამუშაო არ ჩავარდეს, რაც ვნახეთ, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებას კომპენსაციებთან დაკავშირებით - ამ საქმეს საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკურად არანაირი ყურადღება არ მიაქცია და ის სამუშაო არ გასწია, რაც ეკუთვნოდათ. გამარჯვების შემდეგ რამდენიმე ხანი გავიდა და არანაირი შედეგი არ არის.

რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ბრალია, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა ინსტრუმენტები ყოფილიყო პროაქტიური და ისევ სასამართლოს არ დალოდებოდა. ეს სწორედ დამოკიდებულების ნიშანია. ამ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ საქმეს ისე მიუდგებიან, როგორც მათ ეს ევალებათ, საქართველოს ინტერსებიდან გამომდინარე. ეს იქნება ერთ-ერთი ინსტრუმენტი წნეხისა რუსეთის მიმართ“, - აცხადებს გიგა ბოკერია.