„გამსაღებლების მიმართ საჭიროა კიდევ უფრო დიდი სიმკაცრე“

„გამსაღებლების მიმართ საჭიროა კიდევ უფრო დიდი სიმკაცრე“

„ნარკოტიკების რეალიზაციის მიმართულებით სანქციები იყოს მკაცრი“, - ასეთია შსს-ს პოზიცია. გიორგი გახარიას უწყებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ნარკოტიკების მოხმარების წახალისება და არ გახდეს კრიმინალის წყარო. შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე აცხადებს, რომ მსჯელობა მიდის იმაზე, თუ რამდენად ჰუმანური შეიძლება იყოს პოლიტიკა ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ.

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ ნარკოპოლიტიკაზე ძალიან აქტიური მსჯელობები მიმდინარეობს გუნდის შიგნით და ყველა იზიარებს, რომ სისტემას გაადამიანურება და მეტი ჰუმანურობა სჭირდება, როცა საქმე ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებას ეხება. აქვე მინისტრი აცხადებს, რომ ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით მეტი სიმკაცრეა საჭირო.

„ის, რომ სისტემას გაადამიანურება, უფრო მეტი ჰუმანურობა სჭირდება, როცა მოხმარებას ეხება საქმე, ეს არის ფაქტი და პრინციპულად ამას ყველა იზიარებს. თუმცა როგორი უნდა იყოს კონკრეტიკაში სისტემა, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. რაც შეეხება გამსაღებლებს, აქაც არის შეჯერებული აზრი, რომ საჭიროა არამცთუ ის სიმკაცრე, რაც დღეს არის, არამედ კიდევ უფრო დიდი სიმკაცრე“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

როგორი იქნება კანონი, როგორ ჩამოყალიბდება მუხლები და რომელ ნივთიერებასთან მიმართებაში როგორი მიდგომა იქნება, მათ შორის მარიხუანასთან მიმართებაში, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებები გამოიტანა, ამაზე მთავრობის შეჯერებული პოზიციები მალე გახმოვანდება.

ნარკოპოლიტიკა იყო ერთ-ერთი განხილვის თემა, რაზეც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს. შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა, მას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. როგორც დეპუტატები აცხადებდნენ ბიძინა ივანიშვილის დასწრების საჭიროება იმიტომ დადგა, რომ უმრავლესობის წევრები რიგ საკითხებზე ვერ თანხმდებოდნენ. უმრავლესობის განსხვავებული პოზიციები უფრო დაახლოვდა, თუმცა დეტალებზე შესათანხმებლად შეხვედრა კიდევ იგეგმება. უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მომხრეა.

„ბატონი ბიძინა ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, ისე როგორც ყველა დანარჩენი გუნდის წევრი. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ გადაწყვეტილების მიღება უსასრულოდ არ გაგრძელდება. ჩამოვაყალიბებთ პოზიციებს. თუ საჭიროება დადგა, იქნება შიდა რეიტინგული კენჭისყრა. რეალურად, ჩვენ ყველა ვარიანტში მივიღებთ გადაწყვეტილებას. საბოლოოდ პროექტზე 7 ივნისამდე შევჯერდებით“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ კენჭისყრა თავისუფალ რეჟიმში ჩატარდეს, როცა უმრავლესობის უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას. კობახიძე იმედოვნებს, რომ ღია კენჭისყრა საჭირო არ გახდება და პოზიციები დაახლოვდება.

„გვქონდა მოცემულობა, როცა დაახლოვდა პოზიციები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ იმის გამო, რომ ვფიქრობთ, გარკვეული საკითხების დაკონკრეტება მომავალში ხელს შეუშლის ამ საკითხებზე შეჯერებას. პრინციპები რჩება იგივე, რომ ჰუმანურობა უნდა იყოს გამოვლენილი მომხმარებელთა მიმართ, ხოლო ნარკოტიკების რეალიზაციის მიმართულებით მკაცრი პოლიტიკა იქნება გატარებული.

მიდგომა არის ის, რომ უნდა მოხდეს რეგლამენტაცია იმ საკითხების, რომელიც არის დაკავშირებული ნარკოტიკების მოხმარებასთან და ნარკოტიკების გასაღებასთან. იყო და რჩება განსხვავებული მოსაზრებები მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში. მე იმედი, მაქვს, რომ მოხერხდება პოზიციების მთლიანად დაახლოება. გამორიცხული არ არის, რომ კენჭისყრა ჩატარდეს თავისუფალ რეჟიმში, როცა უმრავლესობის უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას, თუმცა მინდა იმედი გამოვთქვა, რომ პოზიციები მაქსიმალურად დაახლოვდება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე დარწმუნებულია, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სახელისუფლო გუნდში მომდევნო შეხვედრაზე შეთანხმება მოხდება. დეპუტატი აცხადებს, რომ ახლა კონკრეტული პოზიციების დაახლოვება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე არასწორია დეტალებზე საუბარი.

„შიდა პარტიული კულტურიდან გამომდინარე, ყოველთვის მივესალმებოდი და ახლაც მივესალმები სარეიტინგო კენჭისყრებს. არ ვთვლი, რომ თუკი სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების საჭიროება დადგა, იქნება იმის გამოხატულება, რომ ვინმე რამეზე ვერ შეთანხმდა. ეს იქნება იმის დადასტურება, თუ რომელი პოზიციისკენ იხრება გუნდი.

ჩვენი განცხადებები იცით, გადაიდგა ჩვენი მხრიდან ნაბიჯები, როცა მოსახლეობის ყველაზე მთავარი კითხვა იყო ინდივიდუალური დოზის ფლობიდან გამომდინარე, ხომ არ არის რისკი წახალისების, სწორედ აქ გავაკეთეთ შეთავაზება. სწორედ მსგავსი ტიპის საკითხებზე იყო მსჯელობა. დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ შეხვედრაზე პოზიციები შეჯერდება“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ფიქრობს, რომ ნარკოდამოკიდებული სახელმწიფო სტრუქტურებში ვერ უნდა საქმდებოდეს, ხოლო კერძო სტრუქტურების ხელმძღვანელებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციაზე, არის თუ არა სამუშაოს მაძიებელი პირი ნარკოდამოკიდებული.

„ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საბოლოო ხედვები ჩამოყალიბებული არ მაქვს, თუმცა რამდენიმე პუნქტი უკვე მაქვს - წვდომა არალეგალურ ნარკოტიკთან უნდა იყოს ნულოვანი, სრული ლეგალიზაცია უნდა მოვახდინოთ ნარკომანიის, არა ნარკოტიკების, არამედ ნარკომანიის.

ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ნარკომანი უნდა იყოს აღრიცხვაზე და უფასოდ უნდა მიიღოს ის პრეპარატი, რაზეც არის დამოკიდებული. უნდა იყოს მრავალი შემაკავებელი ფაქტორი ნარკოტიკის პოპულარიზაციის და მათ შორის დასაქმების კუთხით. ასევე უნდა იყოს მუდმივი საინფორმაციო ბრძოლა ნარკომანიის წინააღმდეგ“, - ამბობს კახა ოქრიაშვილი.