„ჯორჯიან ეარვეისსა“ და „ტავ ჯორჯიას“ შორის დიდი ბრძოლა დაიწყო

„ჯორჯიან ეარვეისსა“ და „ტავ ჯორჯიას“ შორის დიდი ბრძოლა დაიწყო

ბილეთების სიძვირით თბილისის აეროპორტი ერთ-ერთი გამორჩეულია. ავიაკომპანიები ამას თურქულ ოპერატორს - „ტავურბანს“ აბრალებენ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი აეროპორტების მმართველს ქვეყნიდან ფიზიკურად გაძევებით ემუქრება.

„ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის თქმით, ხელისუფლება უძლურია, ამიტომ ძვირადღირებული ბილეთების წინააღმდეგ იძულებულია მომხრეებთან ერთად იბრძოლოს. მისი აზრით, „ტავის“ მომსახურებით, ფასები ხელოვნურად არის გაზრდილი, თავად კლიენტებს კარგავს, ხალხი კი ორმაგ ფასს იხდის.

მომსახურების მაღალი ტარიფი, მოძველებული ტექნიკა, ტრანზიტული მგზავრების მომსახურებისთვის დაწესებული გადასახადი - ეს არის ნაწილი იმ ბრალდებებისა, რასაც „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი „ტავ ჯორჯიას“ უყენებს. ამისთვის გაიაშვილმა სოციალურ ქსელში აეროპორტის მმართველი თურქული კომპანიის წინააღმდეგ კამპანიაც წამოიწყო.

ხმაურიანი ბრალდებების საპასუხო განცხადება „ტავ ჯორჯიამაც“ გაავრცელა და გაიაშვილს განცხადებებს ცილისმწამებლური უწოდა. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია აცხადებს, რომ ქართული ავიაკომპანიის დამფუძნებლის მედიაში გაკეთებული განცხადებები ყოვლად უსაფუძვლოა და არ შეესაბამება არსებულ რეალობას.

„ტავ ჯორჯიასა და ჯორჯიან ეარვეისს შორის 2005 წლიდან დაწყებული თანამშრომლობა უკვე 13 წელს ითვლის. ამ წლებში „ჯორჯიან ეარვეისი“ სარგებლობდა ყველა იმ პრივილეგიით და შეღავათებით რასაც „ტავ ჯორჯია“ საქართველოში ბაზირებულ, ეროვნული გადამზიდავი კომპანიის ხელშეწყობისთვის ახორციელებდა. წლების განმავლობაში „ჯორჯიან ეარვეისს“ ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ზამთრის სანავიგაციო პერიოდში ვუდგენდით გადახდის სპეციალურ გრაფიკს, რაც არ გაკეთებულა არც ერთი ავიაკომპანიისთვის. ეს ნიშნავს, რომ ყოველწლიურად 5 თვის განმავლობაში „ჯორჯიან ეარვეისი“ იხდიდა მომსახურების ღირებულების 50%-ს, ხოლო დარჩენილ თანხას ფარავდა ზაფხულის განმავლობაში.

ასევე გასული წლიდან, თბილისში ბაზირებული ავიაკომპანიებისთვის, შესრულებული რეისების რაოდენობის გათვალისწინებით, შემუშავებულია და მოქმედებაშია საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენის სპეციალური ტარიფი 20% ფასდაკლებით, რითაც სარგებლობს „ჯორჯიან ეარვეისი“.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან საქართველოში ბაზირებული ავიაკომპანიების ხელშეწყობის ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს „ჯორჯიან ეარვეისისთვის“ დამატებით საკმაოდ სოლიდურ ფასდაკლებას. „ჯორჯიან ეარვეისს“ ეცნობა აღნიშნულის შესახებ, რაზედაც ჯერ კიდევ პასუხი არ მიგვიღია“, - აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.

ქართულმა გადამზიდავმა თურქული ოპერატორის განცხადებას მაშინვე უპასუხა და მორიგი ბრალდება წაუყენა. ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ „ტავ ურბან ჯორჯიას“ ცინიკური განცხადება უსაფუძვლოა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება:

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „ტავ ურბან ჯორჯიას“ მხოლოდ იმაში, რომ მგზავრი მიდის ტერმინალიდან თვითმფრინავამდე, გადავუხადეთ 43 მილიონ ლარზე მეტი (43 408 817 ლარი). ეს მაშინ, როდესაც ჩვენს მგზავრებს თავად ვუწევთ ყველანაირ სახმელეთო მომსახურებას.

მაგალითისათვის, მხოლოდ 2017 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გადავიყვანეთ 182 506 მგზავრი და „ტავ ჯორჯიას“ გადავუხადეთ ჯამში 15 მილიონ ლარზე მეტი (15 788 336 ლარი). საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ დამამტკიცებელი დოკუმენტაციაც“, - აცხადებენ „ჯორჯიან ეარვეისში“.

ჯერჯერობით უცნობია რა პოზიციას დაიჭერს სკანდალურ დავაში მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო. ფაქტია, რომ ხელისუფლება „ტავ ჯორჯიასთან“ ხელშეკრულების შეწყვეტას არ აპირებს, რომელიც 2027 წლამდეა. აეროპორტების გაერთიანებაში დაადასტურეს, რომ ეს საკითხი არც განიხილება, მაგრამ „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი უახლოეს პერიოდში მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება.