„რუსეთთან შეხების წერტილები გამოჩნდება მაშინ, როდესაც დაიწყება ურთიერთობა“

„რუსეთთან შეხების წერტილები გამოჩნდება მაშინ, როდესაც დაიწყება ურთიერთობა“

„პოლიტიკური პროცესები დღეს ძალიან დინამიურად მიმდინარეობს. შეიძლება, თუნდაც იმავე ამერიკამ და ევროპამ აღიაროს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა, თუკი ეს მათ ინტერესებში იქნება. ასეთ შემთხვევაში, რა იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯი?“ - აინტერესებს პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს თამარ კიკნაძეს.

For.ge თამარ კიკნაძეს ესაუბრა.

პერიოდულად განსჯის საგანი ხდებოდა, თუ ვინ უნდა დალაპარაკებოდა რუსეთის ხელისუფალს - ჩვენი პრეზიდენტი, თუ პრემიერი. მაგრამ ახლა, როცა მარგველაშვილს საპრეზიდენტო ვადა ეწურება, პუტინთან დალაპარაკების სურვილში გამოტყდომა ხომ არ არის გვერდის ავლა პრემიერისთვის, რომელმაც ამ რამდენიმე ხნის წინ წერილი მისწერა რუსეთის ხელისუფალთ, სადაც ზუსტად დიალოგის სურვილი გამოხატა? ან რას ნიშნავს გრიგორი კარასინის პასუხი, ეს მხარეებს შორის მოლაპარაკების დაწყების სურვილის ირიბი გზავნილი ხომ არ არის?

- მეც ვეთანხმები გრიგორი კარასინს, რომ პრეზიდენტების შეხვედრა ასეთნაირად არ მზადდება. ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს შორის და, საერთოდ, როდესაც უმაღლეს დონეზე ვიზიტები იგეგმება, ეს დიდი მუშაობის შედეგია. თუ საქმიანია შეხვედრა, წინასწარ ყველა დოკუმენტი მზადდება და, როდესაც პრეზიდენტები ერთმანეთს ხვდებიან და ხელს აწერენ გარკვეულ დოკუმენტებს, ეს შეხვედრა არის დამაგვირგვინებელი იმ მუშაობისა, რაც სერიოზულად წინასწარ მზადდებოდა. ამაში ვეთანხმები არა მარტო კარასინს, არამედ გია ვოლსკისა და სოფო ქაცარავასაც.

რაც შეეხება მარგველაშვილის მხრიდან შეთავაზებას, თვითონ შეთავაზების ფორმა, რომ ის უნდა შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს და ოჯახების, ადამიანური ინტერესების დონეზე ესაუბროს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ეს უფრო სახალხო დიპლომატიის თემაა. პოლიტიკაში კი ეს ცოტა რთული საკითხია. მით უმეტეს, ძალიან ბევრი გეოპოლიტიკური პრობლემაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს შორის დაგროვილი.

პრეზიდენტს ვადა ეწურება და როდის ან რისთვის აპირებს ამ შეხვედრას?

- სხვათა შორის, მან ასეთი ფრაზა თქვა, რომ მას შეხვედრა სურს იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რომ სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგად, სულ უფრო იმატებს იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც რუსეთთან ურთიერთობის დალაგება სურს. მეც ვიცნობ ამ კვლევის შედეგებს, მაგრამ მე მგონია, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს უნდა სურდეს ურთიერთობის დალაგება რუსეთთან. ეს არის დაკვეთა, რადგან მთელი ჩვენი პრობლემები მოდის რუსეთიდან. ამ დროს შენ სირაქლემას პოზაში ხარ და რუსეთი რასაც უნდა, იმას აკეთებს. მე როდესაც ვსაუბრობ, რომ საჭიროა რუსეთთან დალაპარაკება, ვგულისხმობ ორ არჩევანს: ერთია ომის გზა, ხოლო მეორეა შეთანხმება-მოლაპარაკების გზა. ომის გზა გამორიცხულია, სასაცილოა ამაზე ლაპარაკი და, რაც მივიღეთ ჩვენ 2008 წლის ომის შემდეგ, ეს უკვე ვნახეთ. რჩება მეორე გზა, თანაც იმ რთული სიტუაციის გათვალისწინებით, რაც მსოფლიოშია.

აგერ, ევროპაში უკვე ტერეზა მეიც კი ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ მათი პოლიტიკა უფრო დამოუკიდებელი უნდა გახდეს. ცხადია, ალტერნატივა არ არის და ევროპაც მივა იმ აზრამდე, რომ რუსეთთან საჭიროა ურთიერთობა. ჩვენ კი ამის შემდეგ პირისპირ დავრჩებით რუსეთთან. ძალიან კარგად ვიცი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების თეორია და მივიჩნევ, რომ საჭიროა დალაპარაკება, თვითდახმარების რეჟიმში ყოფნა. მივესალმები დასავლეთთან ურთიერთობას, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ შენი გულისთვის რუსეთთან არავინ დაიწყებს ომს. ყველას თავისი ინტერესი აქვს.

ალბათ, რუსეთთან ურთიერთობის დაწყება მენტალურადაც ძალიან რთული პროცესია, რადგან ჩვენ უკვე პროდასავლური ორიენტაცია გვაქვს აღებული.

- გასაგებია, ძალიან რთულია, რადგან პროდასავლური ორიენტაციის გამო დასავლეთს უნდა გავუწიოთ ანგარიში და ის თამაში ვითამაშოთ, რასაც დასავლეთი გთავაზობს, მაგრამ სამუშაო გვმართებს როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან. ძალიან ცუდია, რომ ქართველებმა ზურგი შეაქციეს რუსეთს, დაიწყეს მხოლოდ დასავლეთზე მუშაობა. პირიქით, მტერთან უფრო უნდა იმუშაო. თუ ოფიციალურად არ გინდა, კულუარულად მაინც უნდა იმუშაო. ამის უამრავი მაგალითია, როდესაც ქვეყნები საომარ მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობა შეინარჩუნეს. მით უმეტეს, ჩვენ ყველაზე დიდი დიასპორა გვყავს რუსეთში, ყველაზე დიდი ფულადი გზავნილები მოგვდის რუსეთიდან. გარდა ამისა, პრობლემაა, რომ იქაური ქართველები უპატრონოდ გვყავს მიტოვებული. თუნდაც ციხეში მყოფი ქართველები და ასეთთა რაოდენობა ძალიან დიდია. ამ დროს კი ოპოზიცია იძახის, კარასინ-აბაშიძის ფორმატზეც უარი უნდა ვთქვათო. ოპოზიციონრები სოციალურად უპასუხისმგებლონი არიან და ასეთი რიტორიკისა და ასეთნაირად წარმოებული პოლიტიკისთვის მათ პირადი დივიდენდები აქვთ მიღებული. ეს არ არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე მორგებული. მით უმეტეს, სააკაშვილის ანტირუსული რიტორიკის ფონზე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესები სრულიად დაეკმაყოფილებინა.

დავუბრუნდეთ გიორგი მარგველაშვილის თემას. ამ განცხადებით პრეზიდენტ მარგველაშვილს რა უნდოდა, თავად გამოსულიყო წინ და თამაშგარეთ აღმოჩენილიყო პრემიერი?

- პრემიერმა როდესაც გამოხატა რუსეთთან დიალოგის სურვილი, ისეთი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, რომ მეორეჯერ ხმა აღარ ამოუღია. ამ დროს მას სურდა, კონსტრუქციული ნაბიჯები გადაედგა. ახლა თვითონ პრეზიდენტი ლაპარაკობს ამის შესახებ. ცხადია, ეს არის ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის დაკვეთა. არ ვიცი, აპირებს თუ არა პრეზიდენტი მეორედ კენჭისყრას, ეტყობა, მას თავისი მიზეზები აქვს და მან პირდაპირ გამოხატა კიდეც ამის შესახებ. ამ განცხადებებშიც ჩვენ დავინახეთ კინკლაობის ელემენტები ორ შტოს შორის, რაც ქვეყანას არ წაადგება. მე, როგორც პოლიტოლოგი, მომხრე ვიქნებოდი, ეს დაპირისპირება ყოფილიყო ისე, რომ ხალხს არ დაენახა. ერთმანეთში კინკლაობის ნაცვლად, აჯობებდა, ქვეყნის კეთილდღეობაზე ეფიქრათ. ეს დაპირისპირება მათ პოზიტიურ იმიჯს არ მატებს.

რაც შეეხება ადა მარშანიას განცხადებას. განსჯის საგნად იქცა როგორც თავად ადა მარშანიას ნათქვამი აგვისტოს ომის დაწყების შესახებ, ასევე, „პატრიოტთა ალიანსისრიგით უკვე მესამე რაუნდი რუსეთში. მართალია, რუს ლეონიდ კალაშნიკოვს ადრეც უთქვამს, რომ საპარლამენტო დიპლომატიამ ხელი უნდა შეუწყოს რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დარეგულირებას, მაგრამ მსგავს ვიზიტებში ხედავთ ხსნის საშუალებას?

- ადას ნამდვილად არაფერი უთქვამს ახალი, მას აბსოლუტურად ვეთანხმები. ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, იმ ავანტურისთვის, რაც 2008 წელს ჩაიდინა მაშინდელმა მმართველმა გუნდმა, ისინი უნდა გასამართლებულიყვნენ ქვეყნის ღალატის მუხლით. მეორეც, რა თქვა ადამ ისეთი, როდესაც ტალიავინის მთელი დასკვნა არსებობს, სადაც შავით თეთრზე ყველაფერი გამოკვლეული და დადასტურებულია.

თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ თვითონ ოსური მხარის მხრიდან სროლები და პროვოკაციის მიზანი უსწრებდა აგვისტოს ომის დაწყებას. ოსები ავანტიურაში ითრევდნენ ქართულ მხარეს და იმ პერიოდში ასეთი მოსაზრებაც არსებობდა, რომ ჩვენს ხელისუფლებას ადეკვატური პასუხი უნდა გაეცა პროვოკატორებისთვის.

- ახლაც პროვოკაციებს არ ჩადიან? რა თქმა უნდა, ეს არის პროვოკაცია, მაგრამ შენ რომ ხელისუფლება ხარ, უნდა შეგეძლოს ასეთ გამოწვევასთან გამკლავება. დასავლელ პოლიტიკოსებს შორის იყვნენ ისეთნიც, რომლებმაც წააქეზეს მიშა და დაპირებები მისცეს, მაგრამ ნორმალურად მოაზროვნე დასავლელი პოლიტიკოსები სააკაშვილს ეუბნებოდნენ, გაფრთხილდი, არ წამოეგო პროვოკაციას. ცნობილი ამერიკელი მოღვაწე თომ გრემი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოსთვის 2008 წლის ომი იყო დიდი კატასტროფა - Disaster.

ნახეთ, ახლა ოპოზიციონრები როგორ პოზიციაში არიან, ნაცვლად იმისა, რომ ხმა ჩაიწყვიტონ, გასამართლების შიშის რეჟიმში იყვნენ, აქეთ გადმოდიან შეტევაზე. ეს წმინდა ტექნოლოგიური საკითხია, ისინი შედავების პოლიტიკას აწარმოებენ და აქეთ დებენ იმ ადამიანებს ბრალს, რომლებიც გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ იმისთვის, რომ, იქნებ, დაიწყოს რაღაც ტიპის ურთიერთობები რუსეთთან. ასეთ ურთიერთობებს ყოველთვის მივესალმები. საერთაშორისო ურთიერთობებში არსებობს ასეთი გაგება, შეთანხმება იმის თაობაზე, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ არ ვეთანხმებით ერთმანეთს. ასეთი შეთანხმება აქვს რუსეთს თუნდაც იმავე იაპონიასთან, აზერბაიჯანთან მიმართებით. კურილის კუნძულებთან, ან ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით ორივე მხარე აფიქსირებს, რომ ამ საკითხებზე მათ შორის შეთანხმება არ მოხდა, დანარჩენ საკითხებში კი ისინი თანამშრომლობენ. ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური სვლაა, მაგრამ ქართველებს, ეტყობა, ყველაფერში რადიკალიზმი იზიდავთ და ქვეყნის სამტროდ თუ არასაკეთილდღეოდ ასეთ ნაბიჯებს დგამენ. ამაში ოპოზიციაა დამნაშავე.

რუსეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, მეზობელი ქვეყანაა, იქ დიდი დიასპორა გვყავს. რუსეთთან შეხების წერტილები გამოჩნდება მაშინ, როდესაც დაიწყება ურთიერთობა. სწორედ ურთიერთობის დროს მიმდინარეობს პოლიტიკური ვაჭრობა, შენ მე ამას გამიკეთებ, მე იმას გაგიკეთებ. როდესაც შენ არანაირი ურთიერთობა არ გაქვს, ისევ რუსეთს აწყობს ასეთი სიტუაცია. ჩვენ დაკარგული გვაქვს ტერიტორიები, ქართველთა თაობა იზრდება იმ შეგნებით, თითქოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არ არის ჩვენი ტერიტორია. გაუცხოება ხდება, ისინიც იზრდებიან ქართველებთან სიძულვილში და, რაც დრო გადის, უფრო ვშორდებით ჩვენს სანუკვარ მიზანს. საბედნიეროდ, გამყიდველები ჩვენს შორის ბევრნი არ არიან, თუმცა ზოგიერთი პოლიტიკოსი იმასაც ამბობდა, ჩვენ უნდა ვაღიაროთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობაო. არ არის ეს სახუმარო თემა. პოლიტიკური პროცესები დღეს ძალიან დინამიურად მიმდინარეობს. შეიძლება, შენმა ამერიკამ და ევროპამაც აღიაროს ამ რეგიონების დამოკიდებლობა, თუკი ეს მათ ინტერესებში იქნება. მერე რა უნდა გავაკეთოთ? სხვათა შორის, ამის ნიშნები ხანდახან ჩნდება ხოლმე, რადგან, თუ მათ ეროვნულ ინტერესებში ჩაჯდა, ამერიკა და ევროპა ამაზეც შეიძლება წავიდეს. ასე რომ, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ პოლიტიკური სიბეცე ავირიდოთ.