„კაკუბავას არასდროს უარყვია, რომ მირზა სუბელიანს გააჩნია მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები“

„კაკუბავას არასდროს უარყვია, რომ მირზა სუბელიანს გააჩნია მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები“

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, პროკურატურას განცხადებით მიმართავს და ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს. როგორც ზაზა სარალიძე აცხადებს, სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებში, რომელზეც კალანდიების სახლთან, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს განვითარებული მოვლენებია ასახული, კარგად ჩანს, როგორ მონაწილეობდა პროკურატურის მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი დანაშაულის დაფარვაში. for.ge-სთან საუბრისას სალარიძე ამბობს, რომ სუბელიანი ჩართული იყო ამ საქმეში, იცოდა სად იყვნენ მკვლელბი და დამალა დანაშაული.

შეგახსნებთ, რომ საქმე ეხება სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებს, სადაც ჩანს, თუ რა ხდება მკვლელობის შემდეგ, სისხლიან გარჩევაში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის სახლთან. კადრებში ჩანს, როგორ ყრის მიხეილ კალანდია, მირზა სუბელიანის ცოლის დისშვილი სისხლიან ტანსაცმელს საკანალიზაციო ჭაში. კადრებში ასევე ჩანს ისიც, რომ იმავე ბინაში იმყოფებოდა მაშინ ჯერ კიდევ პროკურატურის თანამშრომელი მირზა სუბელიანი, ასევე ოჯახის მეგობარი პოლიციელი გიორგი თურქია.

რატომ მფარველობს პროკურატურა მირზა სუბელიანის შვილს და ვინ არის ის ორი მკვლელი, რომელიც პროკურატურას დაკავებული არ ჰყავს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ზაზა სარალიძეს ესაუბრა.

ამ საქმეში მირზა სუბელიანის ფიგურა არ არის აღმოჩენა. მკვლელობის დღიდან გაჩნდა სუბელიანის სახელი და როლი საქმეში, რომელიც საქმესთან შემხებლობას უარყოფს. მაგრამ კადრები, რომელიც მედიაში გავრცელდა, ცვლის გამოძიების მასალას. როდესაც მოწმეები საუბრობენ იმაზე, რომ ბავშვების ჯერ გაიყვანეს და შემდეგ მიდის იქ მირზა სუბელიანი, აღმოჩნდა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება. კადრებში ჩანს როგორ შედის სუბელიანი იმ სახლში სადაც არიან ბავშვები, როგორ გაჰყავთ ისინი და ამის შემდეგ როგორ ტოვებენ სახლს მირზა სუბელიანი და კალანდია. ამ კადრების გავრცელების შემდეგ დაგიკავშირდნენ პროკურატურიდან?

ზაზა სარალიძე: ამ დრომდე არავინ არ დამკავშირებია. 12 საათზე შევიტანე განცხადება პროკურატურაში. კადრები, რომლიც გავრცელდა აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებებთან. ეს კადრები იყო მირზა სუბელიანის და გიორგი თურქიას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით რეაგირებას ვერ ვხედავ. განაცხადი შევიტანე და წესით უნდა დაიწყონ რეაგირება.

როგორ ფიქობთ, რატომ აფარებს ხელს პროკურატურა მირზა სუბელიანს? ვიცით, რომ საქმეში ასევე ჩართულია სუბელიანის სიმამრი, ბორის კაკუბავა, რომელსაც მოწმეების დაშანტაჟებაში ადანაშაულებენ...

- ამასთან დაკავშირებით ზვიად კუპრავამ გააჟღერა ინფორმაცია.

ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეს გულისხმობთ?

- დიახ. ეს არის 100%-იანი ჭეშმარიტება. სწორედ ამ ბერკეტს იყენებს სუბელიანი პროკურატურის წინააღმდეგ, რომ პასუხისგებაში არ მიეცეს მისი შვილი და მისი ახლო ნათესავი, რომლებიც ამ ინციდენტის ორგანიზატორები იყვნენ. დიახ, მირზა სუბელიანის შვილი იყო ამ ინციდენტის ორგანიზატორი, რასაც მოჰყვა ჩემი შვილის და მისი მეგობრის მკვლელობა. მათი ბრალეულობა რომ არ გამოიკვეთოს, აქედან გამომდინარე სუბელიანი აშანტაჟებს პროკურატურას.

რატომ ფიქრობთ, რომ სუბელიანი აშანტაჟებს პროკურატურას და, რომ კუპრავას განცხადება შეესაბამება სიმართლეს? ამას გეკითხებით იმიტომ, რომ კუპრავასთან მიმართებაში არსებობს კითხვები. სუბელიანი ამბობს, რომ მერაბიშვილის გაყვანა არ მომხდარა და არ შეიძლება რამე კადრები მქონდესო...

- ბორია კაკუბავას პირველი განცხადების შემდეგ, როდესაც მან ჩემი შვილი დაადანაშაულა იმაში, რომ თითქოსდა დათო ავიწროვებდა მის შვილიშვილებს, თითქოსდა ფულს აწერდა, სკოლის საპირფარეშოში აყოფინებდა თავს, აბსოლუტური სიცრუეა. სწორედ აქედან დაიწყო ეს ყველაფერი. ინტერნეტ სივრცეში მეც წავიკითხე, რომ მირზა სუბელიანი ფლობდა მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია.

ზვიად კუპრავას ვკითხე ეს ინფორმაცია თუ იცი-თქო, რაც რამოდენიმე ადამიანმა დაადასტურა იგივე ინტერნეტ სივრცეში. შემდეგ უკვე ვერ მივაკვლიეთ. როგორც ჩანს, ააღებინეს და გაქრა ეს ინფორმაცია. აქედან გამომდინარე ბორის კაკუბავა დაუკავშირდა ზვიად კუპრავას და დაიწყო მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ მირზა სუბელიანს გადაეცა ეს კადრები ზვიად კუპრავასთვის.

კაკუბავამ დაადასტურა ამ კადრების არსებობა?

- ბორის კაკუბავას არც უარყვია და არც ის უთქვამს საიდან მოიტანე ეს ინფორმაცია, ან ცრუ ინფორმაციას რატომ აჟღერებო. უთხრა, რომ მირზას კაცი შეგხვდება და დაგელაპარაკება ამ თემასთან დაკავშირებითო. ასეთი საუბარი იყო კაკუბავასა და კუპრავას შორის. თვითონ კაკუბავა უკავშირდებობდა კუპრავას ამ საკითხთან დაკავშირებით. კაკუბავას არასდროს არ უარყვია, რომ მირზა სუბელიანს გააჩნია მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები. პირიქით, ცდილობდნენ მოლაპარაკებას. ამ კადრების არსებობაზე მოგვიანებით კომენტარი გააკეთა სუბელიანმა, არც იცოდა როგორ გამოეყვანა თავი. ეს რომ სიმართლე არ ყოფილიყო იმ დღესვე დაუკავშირდებოდა კუპარავას და იმ დღესვე გააკეთებდა განცხადებას. ზუსტად რომ ვიცოდე სად ინახავს კადრებს სუბელიანი, გამოვაშკარავებდი. მაგრამ ფაქტია, რომ ამ კარდებს არ აჩენს და ამ წუთში იყენებს პროკურატურის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მირზა სუბელიანის შვილი იყო ორგანიზატორი ამ ინციდენტის დაწყების, რასაც რა შედეგი მოჰყვა იცით. მაქსიმალურად ცდილობს თავისი ოჯახის და ნათესავების გამოძვრენას ამ საქმიდან.

თუ გამოვალთ იქიდან, რომ პროკურატურას აშანტაჟებს, რამდენად შეძლებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა ააცილოს მის შვილს და ნათესავს? პროკურატურა ამბობს, რომ მირზა სუბელიანს არანაირი შემხებლობა არ აქვს ამ საქმესთან და ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, მიეცემა პასუხისგებაში...

- რა თქმა უნდა, ასეთი იქნება პროკურატურის განცხადება. ჩემს განცხადებაზეც პროკურატურა იტყვის, რომ სიცრუეს შეესაბამება ყველაფრიო. ისევ ეცდებიან დაიცვან მირზა სუბელიანი. წესით შაბათის კურიერის გასვლის შემდეგ უნდა დაეწყოთ სამართლებრივი დევნა, რაც არ მომხდარა. ეს არ არის მარტო პროკურატურის შანტაჟი, არამედ პროკურატურის უკან დგას მთელი სახელმწიფო მანქანა. სუბელიანმა რომ ეს კადრები გამოაჩინოს, სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასი იქნება. აქედან გამომდინარე, მაქსიმალუარდ ცდილობენ სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი არ გამოიკვეთოს.

მირზა სუბელიანი საპასუხო წერილში, სადაც უარყოფს ამ კადრის არსებობს, ამბობს, სწორედ იმიტომ, რომ მისი შვილი იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ბავშვებს შორის მომხდარ ჩხუბში რაღაცა ფორმით მონაწილეობდა, იმავე დღეს დატოვა საგამოძიებო ორგანო. ამბობს, რომ კუპრავა არისნაციონალური მოძრაობისზონდერი და მიზანმიმართულად ცდილობს გამოძიების დისკრედიტაციას, რომ გამოძიება არ წავიდეს სწორი მიმართულებით...

- ზვიად კუპრავა არის ჩემი ოჯახის წევრი. ის „ნაციონალია“, „ოცნების“ წევრია, თუ რომელი პარტიის წევრია, ჩემთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც დათო იყო ჩემი შვილი, ასევე იყო ზვიადი. რადგან ნაციონალების მხარდამჭერია, ამიტომ საზოგადოებამაც უნდა იფიქროს ისე, როგორც მირზა სუბელიანი ფიქრობს და, რომ თითქოს ნაციონალების ინტერესებიდან გამომდინარე იცავს ჩემს ინტერესებს? - არა! ეს არის სრული ტყული.

ჩვენი მიზანია ამ სასტიკი დანაშაულის გამოძიება და დამნაშავე პირების გამოვლენა, რასაც პროკურატურა და მირზა სუბელიანი პირდაპირ უშლის ხელს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ სუბელიანმა ზუსტად მაგ განაცხადში აღნიშნა, რომ თვალყურს ადევნებდა სასამართლო პროცესების მსვლელობას. ჩნდება კითხვა - საიდან, როდესაც სასამართლო პროცესი დახურულია. ნათლად ჩანს, რომ პროკურატურა საქმის კურსში აყენებს სუბელიანს საქმის მსვლეობასთან დაკავშირებით.

თუკი პროკურატურა მირზა სუბელიანს მფარველობს, მაშინ რა შანსი არსებობს იმისა, რომ მირზა სუბელიანის შვილი, როგორც ინიციატორი აღმოჩნდება განსასჯელის სკამზე?

- ჩემი შვილის მკვლელობის საქმე აუცილებლად წავა სტრასბურგის სასამართლოში. კიდევ ვიტოვებ იმედეს, რომ პროკურატურა გონს მოეგება და ამ დანაშაულს ფარდას ახდის. ეს მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ მოზარდებს არ ჰქონდეთ დაუსჯელობის განცდა, რომ ჩემი შვილის მსგავსად სხვისი შვილიც არ დაჩეხონ.

ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე დაკავებული არასრულწოვანის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ თქვა, რომ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა პირდაპირ განაცხადა, რომ ორი პირი ფარდულში მყოფ დავით სარალიძეს ურტყამდა კონკრეტულ ბასრ საგანს. ერთი მათგანი ურტყამდა მარცეხენა მხრიდან, მეორე კი მარჯვენა მხრიდან. მისი თქმით, ამ მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ ეს ადამიანები პასუხისგებაში არ არიან მიცემული. ესენი არიან მოწმეები, რომლებიც ცდილობენ დანაშაულში ამხილონ სხვა პირები და აქვე ამბობს, რომ სავარაუდო დანაშაული მათ მიერ არის ჩადენილი. ამ შემთხვევაში კაკაბაძე მირზა სუბელიანის შვილზე და მის ნათესავზე, კალანდიაზე საუბრობს?

- მირზა სუბელიანის შვილმა მონაწილეობა მიიღო ამ ინციდენტის დაგეგმვაში, მას ჩემი შვილის მკვლელობაში პირდაპირ არ მიუღია მონაწილეობა, ამას ვერ დავაბრალებ. ეს ინფორმაცია არ დასტურდება, მაგრამ დასტურდება კალანდიას დანაშაული, რომელიც არის მირზა სუბელიანის მეუღლის დისშვილი. ასევე, დასტურდება მეორე არასრულწლოვანის მონაწილეობა. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ მისი სახელი და გვარის დასახელებისგან.

კალანდიასთან მიმართებაში რატომ არის პასიური პროკურატურა?

- იმიტომ, რომ სუბელიანის ნათესავია. ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მისი შვილის და ნათესავის თანამონაწილეობა არ გამოაშკარავდეს ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში. დიახ, მიხეილ კალანდია პირდაპირ მონაწილეობდა დანის დარტყმის ფაქტში. ერთ-ერთმა ბრალდებულმა სრული სიმართლე ისაუბრა იმ ნაწილში, სადაც დაადასტურა მიხეილ კალანდიას და მეორე არასრულწოვანის მონაწილეობა დაჭრის ნაწილში. ეს იყო ხაზგასმით ნათქვამი. სხვა ამ მოზარდმა რაც ისაუბრა, ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ისიც ერთ-ერთი მკვლელია და არასდროს არ მითქვამს, რომ დაკავებულები არ არიან დამნაშავეები. ეს არის ტყუილი.

მადანაშაულებენ იმაში, თითქოსდა ვამბობ, რომ დაკავებულები არ არიან მკვლელები და სხვები არიან მკვლელები. დიახ, ეს ორი ბრალდებული, რომლებიც ბრალდებულის სკამზე სხედან, არიან მკვლელობის მონაწილეები, მაგრამ ორი მკვლელი არის გარეთ, რომელთაც მალავს პროკურატურა და მირზა სუბელიანი.

მეორე მკვლელი, რომელიც ამ ეტაპზე დაკავებული არ არის, ისიც სუბელიანის ნათესავია?

- არა. მაგრამ დაკავების შემთხვევაში იტყვის სუბელიანის ნათესავის შესახებ, კიდევ სხვა რამეს იტყვის და ყველაფერი გახდება ნათელი. ამიტომ არ აკავებენ მას. შემიძლია დავსძინო და ალბათ მიხვდება საზოგადოება ვისზე არის საუბარი, ის მეორე პიროვნება ამ ინციდენტის დროს დაჭრილი იყო ზურგის არეში, დაახლოებით 2 კვირის შემდეგ ჩაუტარა პროკურატურამ ექსპერტიზა, როდესაც უკვე შეხორცების პირას იყო ჭრილობა და ექსპერტი ვერაფერს ვერ დაადგენდა. ის დაჭრა ჩემი შვილის მეგობარმა, რომლის ვინაობას ჯერჯერობით არ დავასახელებ.