ნარკოპოლიტიკა იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართება. არ არის გამორიცხული, რომ სხდომას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწროს. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ეს არის საკვანძო თემა, რომელზეც პარტია, აღმასრულებელი ხელისუფლება, საპარლამენტო ნაწილი უნდა შეთანხმდეს.
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა გუშინ გაიმართა. როგორც ცნობილია, არსებულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. მთავარი მიზეზი კი დეკრიმინალიზაციის და დოზების საკითხებია. როგორც აკაკი ზოიძე აცხადებს, ნარკომოხმარების ჰუმანიზაცია მოხდება, თუმცა რა ფორმით, ეს შესათანხმებელია.
„საუბარია იმაზე, რომ გაჰუმანურება რომ მოხდება, რამდენი ხანი უნდა იყოს შუალედური მოდელი, მანამ სანამ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რომ საბოლოოდ გავაუქმოთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ამ თემებზე არის საუბარი და ეს თემები უმრავლესობის ყველა წევრის ჩართვის და კონსენსუსის გარეშე შეუძლებელია მივიღოთ, იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის ძალიან აქტიური თემებია,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე რომელიც პარლამეტში უკვე შესულ კანონპროექტს მხარს არ უჭერს, აცხადებს, რომ საკითხი ისე უნდა იქნას შეთანხმებული, რომ მივიღოთ სწორად განხორციელებული რეფორმა და ქვეყანაში ნარკომომხმარებელთა რიცხვი შემცირდეს.
„ბევრ საკითხთან მიმართებაში ჩვენ უკვე ვართ შეთანხმებული. კერძოდ, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს, ნარკომომხმარებლები პოლიციური ზედამხედველობიდან უნდა გადმოვიდნენ ჯანდაცვის სექტორში, უნდა ვაწარმოოთ მძლავრი ანტინარკოტიკული კამპანია და დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოვაცხადოთ ნარკოგამსაღებლების მიმართ. ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი, ეს უნდა იყოს მრავალჯერადი, ვიდრე ეს პრობლემა იქნება ქვეყანაში“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე და აქვე დასძენს, რომ ეს პროცესი უნდა დარჩეს პარლამენტში, ვინაიდან აქ არის რესურსი, რომ საკითხი სწორად იქნას დაგეგმილი და შეთანხმებული.
დღევანდელი სხდომიდან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილის მიღების მოლოდინი არ აქვს ოპოზიციას. „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე არ ელოდება, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ამ შემთხვევაშიც რაიმე კონკრეტულ, სწორ ხედვას და გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ნარკოპოლიტიკას, არ მოველი. საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2012 წელთან შედარებით გაორმაგებულია მძიმე, ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ვითარება და ამას ფონად გასდევს კრიმინალის ზოგადი ზრდა ქვეყანაში. „ქართული ოცნება“ აქაც ვერ პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს და ვერ უმკლავდება ამ ძალიან სერიოზულ გამოწვევას“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც უფრო ჰუმანური იქნება.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ერთი მხრივ დატოვებს შესაძლებლობას, რომ ეფექტიანი ბრძოლა წარიმართოს ნარკორეალიზაციის წინააღმდეგ, მაგრამ მეორე მხრივ, ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ უფრო ჰუმანურს გახდის სახელმწიფო პოლიტიკას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.