23 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტსა და მის შედეგებთან დაკავშირებით საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს განიხილავს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული საქმე ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული იყოს.
„ჩვენ ამ პროცესს ვაკვირდებით. გვქონდა საგანგებო შეხვედრა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, იუსტიციის მინისტრთან. განვიხილეთ სარჩელთან დაკავშირებული საკითხები. მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ საქმე ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული იყოს. დანარჩენი დამოკიდებულია სტრასბურგის სასამართლოზე. ჩვენ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სარჩელი საქართველომ 2008 წლის 11 აგვისტოს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის შესაბამისად შეიტანა. იგი ეხება სიცოცხლის უფლების, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, სიცოცხლის უფლების, საკუთრების დაცვისა და განათლების უფლების და გადაადგილების თავისუფლების დარღვევებს.
განხილვის შემდეგ სასამართლო საქმეზე დახურულ ფორმატში იმსჯელებს, გადაწყვეტილებას კი მოგვიანებით გამოაცხადებს.
საქართველოს განაცხადში, რომელიც სასამართლოს თანდართული მასალებით 2009 წლის 6 თებერვალს მიეწოდა, ნათქვამია, რომ რუსი სამხედროები და მათი კონტროლის ქვეშ მყოფი სეპარატისტული ძალები განურჩეველ და არაპროპორციულ თავდასხმებს ახორციელებდნენ სამოქალაქო პირების და მათი ქონების წინააღმდეგ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
საქართველო რუსეთს კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა), მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ედავება, ისევე როგორც პირველი, მე-2 (განათლების უფლება და ქონების დაცვა) და მე-4 (გადაადგილების თავისუფლება) დამატებით ოქმებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას ედავება.
2011 წლის 22 სექტემბერს გამართული მოსმენის შემდეგ, 2011 წლის 13 დეკემბერს პალატამ განაცხადი დასაშვებად ცნო, საქმის არსებით გარემოებებზე წინასწარი მსჯელობის გარეშე. 2012 წლის 3 აპრილს პალატამ საქმე დიდ პალატას გადასცა.
მოსამართლეთა დელეგაციამ სტრასბურგში 2006 წლის 6 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით მოწმეთა ჩვენებები მოიპოვა. სასამართლომ მთლიანობაში 33 მოწმეს მოუსმინა: 16 მათგანი საქართველოს მთავრობამ შეარჩია, 11 - რუსეთის ფედერაციის მთავრობამ, 6 მათგანი კი უშუალოდ სასამართლომ დაიბარა.
კიდევ ერთი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ საქართველომ 2014 წელს მოიგო. საქმე 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას ეხებოდა.