სკანდალურად ცნობილი ხელოვანების მხრიდან უარყოფითი შეფასება დაიმსახურა „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილმა ცვლილებებმა, რაც გულისხმობს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვას იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული ნაწარმოები ლახავს სხვა ადამიანის უფლებებს, კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ, რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას; ასევე, თუ ის პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას.
ერეკლე დეისაძე, რომლის ნაწარმოების მხოლოდ დასათაურებამაც ქრისტიანთა გრძნობები შეურაცხყო, დღეს თავად არის შეურაცხყოფილი და ამბობს, რომ „კულტურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა გადმონაშთი, მართვის ბერკეტი, რასაც ხელისუფლება განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანთა მიმართ გამოიყენებს. დეისაძის აზრით, საშიში სიგნალი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება „აიისას“ საქმეზე. ალბათ, იქამდე მივლენ, რომ ბოლოს ინტერნეტსა და გუგლსაც გათიშავენ.
ლია უკლება, რომელმაც სახელი „გაითქვა“ იმით, რომ დახატა „თვითმკვლელი ღვთისმშობელი“, რომელიც პისტოლეტით თავს იკლავს და, რომლის ნამუშევარსაც ილია მეორემ ქვეყნისა და სარწმუნოების შეურაცხყოფა უწოდა, აცხადებს, რომ „კულტურის შესახებ“ დაგეგმილი ინიციატივა ცენზურაა.
სხვაგვარად ფიქრობენ ქართველი ხელოვანები.
მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს ლაშა ბუღაძემ - „უნიტაზის მწერალმა“ და ზაზა ბურჭულაძისნაირმა ხალხმა, რომელსაც უნდა, ახალგაზრდობა „აღზარდოს“ თავის ვითომდა რომანზე, საზიზღრობაზე, თუ როგორ იგზნება ის დედამისზე. ცხადია, ამ ადამიანებისთვის ძალიან ცუდია ეს ამბავი და ამას ცენზურად წარმოაჩენენ, თუმცა ყველაფერი ეს უნდა აიკრძალოს და ცენზურის ქვეშ უნდა იყოს ეს ბაკქანალია. თორემ, თუ ბაკქანალია დარჩება, მაშინ საქართველო აღარ იარსებებს, ერი აღარ იქნება. ჩვენ ვიქნებით ალენ დალესის თეორიის მკვიდრნი, აღრეულნი, ზნედაცემულნი, ეროვნულობაწართმეულნი და ფუძიდან მოწყვეტილი არარაობანი.
„რა შუაშია ცენზურა და ის ამორალური წიგნები, რასაც ეგენი უშვებენ?! ხელოვნება, შემოქმედება ამორალური არ უნდა იყოს. უფრო მეტიც, ინტერნეტსა და გუგლშიც უნდა აიკრძალოს ის საზიზღრობები, ბავშვებს რასაც აყურებინებენ. ეს საშინელებაა. სერიოზულ ინფორმაციას ეძებს კაცი გუგლსა და ფეისბუკში და ამ დროს ისეთი რამეები ამოდის, შეიძლება ადამიანმა თავი მოიკლას. ტერორისტული აქტის შემდეგ როდესაც საფრანგეთში გამოვიდა იქაური საზოგადოება და დაიძახა, „მე ვარ შარლი“, მაშინ დაამტკიცეს, რომ შარლი კი არა, იდიოტები იყვნენ. როგორ შეიძლება რომელიმე ქვეყნის, რომელიმე სარწმუნოების შეურაცხყოფა, კრიტიკა. მუსლიმანები რომ აიგდეს მასხრად, მიიღეს კიდეც, მერე მეორედაც თქვეს, „მე ვარ შარლიო“ და მეორედაც მიიღეს მუსლიმანური სამყაროსგან. უდიდეს პატივს ვცემ, როდესაც ადამიანი ლოცულობს ქრისტეზე, მაჰმადის რჯულზე. მნიშვნელობა არ აქვს, იუდეისტი ხარ თუ ბუდისტი, ვინც შენს სარწმუნოებას შეურაცხყოფს, ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ადამიანს არ უნდა სურდეს, გახდეს შარლი“, - აღნიშნა გივი სიხარულიძემ.
პოეტი ერეკლე საღლიანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არა მარტო მართლმადიდებლების, საერთოდ, ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული. შემოქმედი ადამიანი, მწერალი თუ ხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება გაქვს. ზოგიერთმა თავისუფლება და აღვირახსნილობა ერთმანეთისგან ვერ გაარჩია. შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენ გვაქვს გენიალური ნიმუში ილია ჭავჭავაძის წერილი „ქვათა ღაღადი“. ილია ამხელს ქართველთმოძულე სომეხთა ნაწილს, მაგრამ ავლენს უდიდეს პატივისცემას სომეხი ერისადმი, ანუ არ შეიძლება, უზნეო ადამიანები გავაიგივოთ მთლიან ერთან.
„თუ ავტორიტეტსა და მაგალითზე მიდგა საქმე, ილია ჭავჭავაძე უფრო დიდი მაგალითია ჩემთვის, ვიდრე ცალკეული თანამედროვე მწერალი. არ ვიცი, ეს ადამიანები რის მოპოვებას ცდილობენ, როცა ასეთ შეურაცხმყოფელ სტრიქონებს წერენ, მაგრამ მე ეს გზა არ მიცდია, არ ამირჩევია და ღმერთმა დამიფაროს ამისგან. სხვათა შორის, თამარ მეფის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით ვესაუბრე კიდეც მის ავტორს და მან მითხრა, მე მინდოდა მეჩვენებინა, რომ, როგორც იური რუსთან თამარის ურთიერთობა იყო უნაყოფო, ასევე, უნაყოფოა საქართველოს ურთიერთობა რუსეთთანო. თუმცა ეს ურთულესი თემაა, მით უმეტეს, როცა ისტორიულ საკითხს ეხები. დიდი მწერლები გავიხსენოთ - რომენ როლანი, კონსტანტინე გამსახურდია, ლევან გოთუა. მათი ყველა ნაწარმოები ერთნაირად ძლიერი არ იყო. ამიტომ ისტორიასთან შეხება ურთულესია, ამას უდიდესი მუშაობა სჭირდება, ჯერ მარტო ისტორიულ წყაროებთან მიმართებით“, - აღნიშნა ერეკლე საღლიანმა.
რაც შეეხება ლია უკლებას ნამუშევარს, მისი აზრით, ეს ნამუშევარი არც თავისი მხატვრული ღირებულებით ბრწყინავს და არც არაფრით გამოირჩევა. ძირითადად ეს იაფფასიანი გზაა. შეიძლება, ამ ადამიანებს ყურადღება არ მივაქციოთ, მაგრამ ისეთნაირად ჩადიან ამ საქციელს, რომ უნებურად ჩაითრევენ ადამიანს, გამომწვევად იქცევიან. ერეკლე საღლიანის თქმით, გამომწვევი შეიძლება იყოს ხელოვნება, მაგრამ ეს გამოწვევა უნდა ემსახურებოდეს სიკეთეს და არა ბოროტებას. მაშინ აქვს ამ გამოწვევას გამართლება. მაგალითად, ბალზაკის ყველა რომანი გამომწვევია. მწვავედ შეეხო იგი იმ პრობლემას, რომელიც იდგა იმდროინდელ ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში, მაგრამ როგორ აკეთებდა იგი ამას?!
„არსებობს იმაზე უფრო გამომწვევი ნაწარმოები, „კაცია-ადამიანი“ რომ არის?! ლუარსაბ თათქარიძის სახეში ზოგიერთმა მებატონემ თავისი თავიც დაინახა და ერთმა მათგანმა იარაღი მოუღერა ილიას, მაგრამ შენ როდესაც გამოწვევაზე მიდიხარ, ადამიანი უნდა გიყვარდეს, კი არ უნდა გძულდეს. არა მარტო მწერალი, არამედ, ზოგადად, შემოქმედი ჰუმანისტი უნდა იყოს. ქრისტიანობის გმობა კი არა, პირიქით, ილია ამხელდა თათქარიძეობას, რომლებიც ქრისტიანობას ბრმად უყურებდნენ. გაგებაში არ იყვნენ, რა იყო ქრისტიანობა. ქრისტიანი კაცი მკითხავთან ასე ივლიდა, ლუარსაბი და დარეჯანი რომ დადიოდნენ? ზუსტად ამას დასცინოდა ილია. დიდი მწერლები ყველაფერში ავლენენ ნიჭიერებას, უნიჭო მწერლები კი ნაწარმოების დასათაურებაშიც თავიანთ უნიჭობას ავლენენ. ცენზურაზე თუ არის საუბარი, ერთადერთ დასაშვებ ცენზურად მიმაჩნია ზნეობრივი ცენზურა. სხვა შემთხვევაში, ყველა ცენზურა მავნებელია. ზნეობრივი ცენზურა კი უნდა იყოს“.