ლომბარდებს განაჩენს ერთ კვირაში გამოუტანენ

ლომბარდებს განაჩენს ერთ კვირაში გამოუტანენ

ლომბარდების შემზღუდველ კანონს მთავრობა ერთ კვირაში განიხილავს და სავარაუდოდ, მწვანე შუქს მაშინვე აუნთებს. საბანკო სფეროდან რეგულაციებმა არასაბანკოში გადაინაცვლა და სრულიად უკონტროლო სექტორებსაც შეეხო.

ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მხრიდან გადაწყვეტილება ელვისებურად მიიღება.

რეგულაციების კანონპროექტს ფინანსთა სამინისტრო მთავრობის სხდომაზე, სავარაუდოდ, 25 მაისს წარადგენს. ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, ახალი ინიციატივა რამდენიმე მიმართულებას ითვალისწინებს. ის ეხება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ჭერის შემცირებას (სავარაუდოდ, 100%-დან 50%-მდე), ასევე ჭერის დაწესებას ჯარიმებზე.

კრედიტორმა ჯარიმა/საურავები უნდა დაითვალოს ნარჩენი თანხიდან და არა თავდაპირველად გაცემული კრედიტის მიხედვით. ასევე შემოდის შეზღუდვები რეგისტრირებულ ქონებით ლომბარდულ სესხებთან დაკავშირებით. რეგისტრირებული ქონება მოიცავს ავტომობილებს და უძრავ ქონებას.

„საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ღონისძიებები, გრძელვადიან პერიოდში, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ეკონომიკის სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნავს ბახტაძე.

„ჯიბისის“ ინფორმაციით, საქართველოში 875 ლომბარდია და აქედან დაახლოებით 56% - თბილისში. ლომბარდების მიერ 2017 წელს გაცემული კრედიტების მოცულობამ 405,8 მლნ ლარი შეადგინა, აქედან 64,7% ეროვნულ ვალუტაშია. წლის ბოლოს ვალმა 393,8 მლნ ლარი შეადგინა.

2017 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 16% ლომბარდების მომხმარებელია. გასულ წელს ლობარდებში თანხა 609.4 ათასმა პირმა ისესხა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით 99,6 პროცენტი) ფიზიკური პირია.

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე ლომბარდების საქმიანობას ყაჩაღურ ბიზნესს უწოდებს და ფინანსთა მინისტრის ინიციატივას მიესალმება.

„ჭარბვალიანობის საკითხის მოსაგვარებლად მისასალმებელია ფინანსთა მინისტრის ინიციატივა. ლომბარდები გაჭირვებულ მოსახლეობას საკუთარ ქონებას იმდენად არარეალურად მაღალ პროცენტად ადებინებენ, რომ ადამიანები სასოწარკვეთამდე მიდიან. ამიტომ ეს რეგულაციები დროულად უნდა დაწესდეს. გაუგებარია იმ ადამიანების პოზიცია, ვინც აცხადებს, რომ შეზღუდვები თურმე ბიზნესს დააზარალებს“, - აცხადებს მანჯავიძე.

მისი თქმით, თუ რეგულაციები არ დაწესდა, ძალიან ცუდ შედეგებს მივიღებთ. საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების უმრავლესობის ქონება ბანკებსა და ლომბარდებშია ჩადებული და როდესაც თანხა მოცულობითია, ფაქტობრივად, შეუძლებელია ამ ქონების დახსნა და სესხის გასტუმრება.

„სწორედ რეგულაციების არარსებობამ გამოიწვია ასეთი პარაზიტული და ყაჩაღური ბიზნესის განვითარება. თავის ნებაზე რომ იყო აქამდე მიშვებული, მივიღეთ კატასტროფული შედეგი“, - განაცხადა მანჯავიძემ.

მიუხედავად რეგულაციის უდავოდ დადებითი მხარისა, უდავოა ისიც, რომ ლომბარდების კლიენტებს ფინანსური დეფიციტის პრობლემა გაუჩნდებათ. ეკონომისტი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია აღნიშნავს, რომ მომხმარებელი გარკვეული დილემის წინაშე დადგება. შესაბამისად, იგი ფიქრობს, რომ ადამიანებისთვის არჩევანის შეზღუდვა მთლად სწორი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს, რამდენადაც საქმე პირად ნივთს ეხება.

„ამ მიმართულებით შემოღებული რეგულაცია ეკონომიკაში ვითარებას ნამდვილად ვერ შეცვლის. ლომბარდებზე ჭარბვალიანობის პრობლემის დაბრალება არ მგონია სწორი, როცა რეალურად სხვა მიზეზია. ადამიანი ამ დაწესებულებაში მიდის იმიტომ, რომ საბანკო სესხის აღებას ვერ ახერხებს. ბევრისთვის ეს უკანასკნელი შანსია, რომ თანხის მისაღებად პირადი ქონების დაგირავება შეძლოს და რატომ ზღუდავენ, არ მესმის. ავტომობილს დაალომბარდებს, კომპიუტერს თუ ტელეფონს, მოქალაქის გადასაწყვეტია და არა სახელმწიფოსი“, - აცხადებს ჭარაია.