ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში არაერთხელ იქნა დასმული საკითხი მარიხუანის, როგორც „მსუბუქი ნარკოტიკის“ ლეგალიზაციის შესახებ. ლეგალიზაციას ჰყავს როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრეები თვლიან, რომ ლეგალიზაცია საგრძნობლად შეამცირებს „მძიმე ნარკოტიკების“ მომხმარებლის რიცხვს. ამ ვერსიას არ იზიარებენ ნარკოლოგები და ფსიქოლოგები, რომელთა შეფასებით, მარიხუანას ლეგალიზაცია დაღუპავს მომავალს.
მარიხუანა ის ნარკოტიკული საშუალებაა, რომელიც გაერო-ს მიერ ნარკოტიკების სიაშია შეტანილი. ეს არის ჩვეულებრივი ნარკოტიკი, რომელიც იწვევსს ფსიქიკურ აშილობას - ფსიქოზს, სიამოვნების შეგრძნების დაქვეითებას, იმპოტენციას, თავის ტვინის ანომალიებს.
ქართულ სინამდვილეში გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, რომ მარიხუანა ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკად წარმოაჩინონ, მაგრამ ნარკოლოგები ამბობენ, რომ არ არსებობს მსუბუქი ნარკოტიკი.
ამ ეტაპზე მარიხუანის ლეგალიზაციის წინააღმდეგია პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, რომლის განცხადებით, არ უნდა შეექმნას საზოგადოებას წარმოდგენა, რომ თითქოს მარიხუანას მოწევა სასარგებლოა ან ნებადართულია. მარიხუანა დასჯადია, უბრალოდ ადმინისტრაციული წესით და ექვემდებარება კონფისკაციას.
„მე ამ პირობებში კონკრეტულად ლეგალიზაციის მოწინააღმდეგეც გახლავართ, რადგანაც იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს პრევენცია, როცა მოსახლეობისთვის არ არის ცნობილი ის რისკები, რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული მათ შორის მარიხუანას მოხმარებასთანაც, განსაკუთრებით არასრულწლოვნების ასაკში.
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ 16-დან 21 წლამდე ასაკში მარიხუანის მოხმარების დაწყება 30%-ში იწვევს მიჩვევას და მასზე დამოკიდებულებას მთელი ცხოვრების განმავლობაში, გონებრივი განვითარების შეფერხებას. სანამ ადამიანები არ შეითავსებენ იმას, რომ მარიხუანა არ არის მხოლოდ გასართობი და მას ახლავს სერიოზული ჯანმრთელობის რისკები, მანამდე ასეთ მოუმზადებელ პირობებში, ლეგალიზაციაზე საუბარი ჩემი აზრით არასწორია“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
აღსანიშნავია, რომ მარიხუანას ლეგალიზებაზე და მათ შორის, სამედიცინო მიზნით გამოყენებაზე უარი თქვა აშშ-მა. შსს-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველომ მარიხუანა პირველი კატეგორიის ნარკოტიკულ ნივთიერებებში დატოვა. აშშ-მა აღიარა, რომ მარიხუანას გამოყენება სამედიცინო მომსახურების კრიტერიუმებს არ შეესაბამება, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია. რამაც ახალგაზრდების და განსაკუთრებით მოზარდებში შექმნა განცდა იმისა, რომ მარიხუანას მოხმარება და მოყვანა კანონით დასჯადი არ არის.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ნარკოტიკების ნაწილში არაერთი გადაწყვეტილება არის მიღებული. რაც შეეხება მარიხუანას ნაწილს, შეფასება არის საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობილი გადაწყვეტილებები.
„ბოლო გადაწყვეტილება იყო, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მარიხუანას მოხმარებისთვის, ანუ მოხდა ამის დეკრიმინალიზაცია. დანარჩენი, თუ როგორ იქნება ამასთან მიმართებით საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებები, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ეს დამოკიდებული იქნება იმ სარჩელეზე და იმ წარდგინებებზე, რომელიც არის ახლა შემოსული ან მომავალში შემოვა საკონსტიტუციო სასამართლოში“, - აცხადებს ზაზა თავაძე.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ორგანოების მიერ, რაც პერმანენტულად ხდება კიდეც. 2016 წლიდან ისეთ ქვეყნებში, როგორიცა: ავსტრალია, ბანგლადეში, კამბოჯა, კანადა, ჩილე, კოლუმბია, კოსტა-რიკა, ჩეხეთი, გერმანია, ინდოეთი, იამაიკა, მექსიკა, ჰოლანდია, პორტუგალია, ესპანეთი, ურუგვაი და აშშ-ის ზოგიერთი შტატი, მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებული კანონები ყველაზე მსუბუქია.
მარიხუანას მოხმარებაზე ყველაზე მკაცრი კანონი მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ჩინეთი, ეგვიპტე, საფრანგეთი, ინდონეზია, იაპონია, მალაიზია, ნიგერია, ნორვეგია, ფილიპინები, პოლონეთი, საუდის არაბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, თურქეთი, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ვიეტნამი.
გადაწყვეტილების მიუხედავად, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ არასწორი იყო მარიხუანას თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მის მიერ დაშვებული რაოდენობა, რაც პრაქტიკულად ლეგალიზაციას ძალიან უახლოვდება. როგორც დეპუტატი აცხადებს, მისთვის მიუღებელია მარიხუანას წარმოებისა და გავრცელების დაშვება.
„არა მგონია, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი უნდა ისჯებოდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია ნარკოტიკებით შემოსავლის მიღებაზე - იქნება ეს მცირე თუ დიდი დოზა, უნდა ისჯებოდეს, თან ძალიან მკაცრად. იმ პროექტში, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, ჩვენ უნდა გადავხედოთ დოზებთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს ის თემაა, რაზეც ძირითადი კამათი მიმდინარეობს ექსპერტთა ჯგუფებს შორის.
შეთანხმებულია პრინციპი, რომ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა შემცირდეს, ვებრძოლოთ ნარკოტიკების რეალიზატორებსა და გამავრცელებლებს და მოხდეს ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მმართველ გუნდში ძირითადად განსხვავებული პოზიციები ოდენობების დადგენასთან დაკავშირებით არსებობს. ასევე დეკრიმინალიზაციის ვადებზე. ცვლილებით, რომელიც პარლამენტშია შეტანილი, საუბარია იმაზე, რომ ნარკოტიკი დასჯადი გახდეს მხოლოდ არასაპატიმრო სასჯელით ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში, გამსაღებლის შემთხვევაში კი, კანონმდებლობა კიდევ უფრო გამკაცრდება - სამუდამო პატიმრობა და მაღალი საპატიმრო სასჯელები რჩება, ასევე ემატება სასჯელები აფთიაქიდან ფსიქოტროპული საშუალებების გადინებასთან დაკავშირებით.
ქართული სინამდვილისთვის, ლეგალიზაცია, ანუ ნარკოტიკის მოხმარების წახალისება რომ კატასტროფულ შედეგს იწვევს, ამას ადასტურებს 5 თვის სტატისტიკა, რომელიც for.ge-მ თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოებიდან მოიპოვა. კერძოდ, მხოლოდ თბილისის შემთხვევაში ფსიქოტროპული და ნარკოტიკული საშუალებებით ინტოკსიკაციით ინავრიდან მაისის ჩათვლით 650-დან 700 შემთხვევა არის დაფიქსირებული. 60% კი პაციენტის გარდაცვალებით დასრულდა. ეს არის მხოლოდ თბილისის მონაცემები, რაც საკმაოდ მძიმე მაჩვენებელია.
ფსოქოლოგი ნანა ჩაჩუა ამბობს, რომ ყველანაირი ნარკოტიკის და მათ შორის მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, ძალიან სახიფათოა ჩვენი ახალგაზრდობისთვის. მისი თქმით, დაუშვებელია მსუბუქი, მძიმე და კლუბური ნარკოტიკის ცალ-ცალკე გამოყოფა.
„აქ პრობლემა არ არის რა ხარისხის ნარკოტიკია. თავისთავად, ესეც პრობლემაა, მაგრამ ამაზე დიდი პრობლემაა, როდესაც ადამიანს უჩნდება სურვილი გაექცეს ცხოვრებას, იყოს მონა და იმ წუთიერ სიამოვნებაზე დამოკიდებული, რომელიც მას შეიძლება ნარკოტიკმა მოუტანოს. ეს არის ადამიანში, ადამიანის განადგურება. ამიტომ, არავითარი მსუბუქი, არავითარი მარიხუანა, არავითარი კლუბური ნარკოტიკი“, - აცხადებს ნანა ჩაჩუა.
აქიდან გამომდინარე ფსიქოლოგი არ ეთანხმება მსუბუქი ნარკოტიკის და მათ შორის მარიხუანას დეკრიმინიალიზაციას.
„ვერაფრით ვერ გავიზიარებ დეკრიმინალიზაციას. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, ეს არის ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. ადამიანის სიცოცხლე არ არის მხოლოდ ბიოლოგიური, ადამიანის სიცოცხლე არის მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და სოციალური ღირებულება. გალაქტიონი ამბობდა - „მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის, სიკვდილს, რომ ჰგავს და უარესია“.
ზუსტად იგივე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერი დამოკიდებულების მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სიცოცხლე სიკვდილზე უარესია, რადგან მისი ცნობიერება სრულიად შევიწროვებულია, მისი სამყარო არის დაპატარავებული, შეიძლება სულ ერთი წერტილისხელა იყოს და მეტი არაფერი. თვითონ, როგორც ადამიანი, აბსოლუტურად გაუფასურებულია“, - აღნიშნა ნანა ჩაჩუამ.
ნევროლოგი მარინა ჯანელიძე ამბობს, რომ ადამიანი, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ობიექტი, რადგან როგორც ექიმისთვის, პირველ რიგში, იგი არის პაციენტი, რომელსაც სჭირდება დახმარების აღმოჩენა, რომ ამ გზას ჩამოშორდეს. რაც შეეხება ლეგალიზაციას, ჯანელიძე ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არც ერთი ნარკოტიკის ლეგალიზაცია არ შეიძლება.
„აბსოლუტური ლეგენდაა საუბარი იმაზე, რომ რომელიმე ნარკოტიკის სახეობა, მათ შორის მარიხუანა არის უსაფრთხო. ყველა ნარკოტიკი მოქმედებს თავის ტვინზე, ეიფორია, სიამოვნების განცდა ე.წ. „კაიფი“, ეს ყველაფერი არის ტვინში არსებული ნერვული სისტემების ზემოქმედება. საბოლოოდ ყველა ეს პრეპარატი იწვევს ტვინის ნორმალური ფუნქციონერების დაზიანებას. შესაბამისად, მისი ლეგალიზაცია მოიტანს კატასტროფულ შედეგს. მარიხუანით გაბრუება ისევე აზიანებს მეხსიერებას ტვინში, შემეცნებით უნარს, როგორც სხვა ნარკოტიკი.
ჩვენ, ჩვენს თავში გადავამუშავებთ ინფორმაციას და დავსახავთ გეგმას, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ ვიმოქმედოთ. ტვინის ამ ფუნქციებს მარიხუანა აქვეითებს.
სტატისტიკურად დადასტურებულია, რომ მარიხუანით გატაცება იწყება თინეიჯერებში, ანუ სკოლის მოსწავლეებში. როგორც გითხარით, ეს იწვევს თავის ტვინის დამუხრუჭებას, რომელიც ადამიანის შემეცნებითი განვითარების პოტენციალს მკვეთრად აბრკოლებს. მისი ლეგალიზაცია იქნება კატასტროფა, მით უფრო საქართველოში“, - აცხადებს მარინა ჯანელიძე.