პირველი წარმატება - საქართველო-უელსი 5:0!!!

პირველი წარმატება - საქართველო-უელსი 5:0!!!

საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ გუნდს ოფიციალურ საერთაშორისო შეხვედრებში დებიუტი ევროპის 1996 წლის პირველობის შესარჩევ ჯგუფში ჰქონდა. რასაკვირველია ნაკრები მანამდე ამხანაგურ თამაშებს ატარებდა, მაგრამ ოფიციალურ დონეზე გამოსვლას განსხვავებული და განსაკუთრებული დატვირთვა ესაჭიროება.

გულშემატკივრები ჩვენი გუნდისაგან წარმატებას კი ველოდით, მაგრამ პირველივე მატჩმა და მოლდოვასთან შინ წაგებამ ყველას ცივი წყალი გადაგვასხა. მოლდოვას შემდეგ სოფიაში ბულგარეთთანაც დავმარცხდით.

ყინული ამის შემდეგ გალღვა და ნაკრებმა გამარჯვების გემო გაიგო. პირველ დასამახსოვრებელ მოგებას თბილისში უელსის ეროვნულ გუნდთან მივაღწიეთ.

ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ჩვენს ნაკრებს თავის ისტორიაში მესამე ოფიციალური მატჩი ელოდა უელსის ნაკრებთან, რომლის შემადგენლობაშიც იმდროინდელი ინგლისური პრემიერლიგის ვარსკვლავები გამოდიოდნენ: მეკარე - ნევილ საუთჰოლი, ნახევარმცველი - დინ სანდერსი და, რაღა თქმა უნდა, ორი მართლაც გამორჩეული ფორვარდი, იან რაში და მარკ ჰიუზი!

უელსელები თბილისში ოპტიმალური შემადგენლობით ჩამოვიდნენ და მხოლოდ ერთადერთი ლიდერი მოისაკლისეს: "მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა გარემარბი, იმ დროისათვის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი რაიან გიგზი!

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ტრავმის გამო გუნდს გოჩა ჯამარაული და დიმიტრი კუდინოვი აკლდნენ. ამას გარდა, სიახლე იყო ოთხწლიანი პაუზის მერე საქართველოს ნაკრებში გოჩა გოგრიჭიანის დაბრუნება და ალექსანდრე ჩივაძემაც ეს გამოცდილი გოლეადორი ძირითადში გაამწესა.

თუმცა, ვიდრე იმ მართლაც ისტორიული მატჩის პერიპეტიებს გავიხსენებდეთ, ისიც უნდა ითქვას, თუ რა პირობებში ემზადებოდა საქართველოს ნაკრები! ახალგაზრდა თაობამ, შესაძლოა, არც დაიჯეროს ის ფაქტი, თუ როგორი იყო 90-იანი წლების დასაწყისის თბილისი: ჩაბნელებულ ქალაქში ვერც დიღმის საწვრთნელი ბაზა დაიკვეხნიდა ელემენტარული პირობებით და უელსთან მატჩის წინ ჩვენს ფეხბურთელებს... გარეთ დანთებულ ცეცხლზე უწევდათ ჩაის მოდუღება!

ელექტროენერგიის სწორედ უმწვავესი კრიზისის გამოც იყო, რომ საქართველოსა და უელსის მატჩი შუადღეს, 14 საათზე დაიწყო! თანაც, იმ დროისათვის ევროპულ დროსთან სხვაობა 5 საათი იყო და ზოგი იმასაც ამბობდა, უელსელებმა გაღვიძებაც ვერ მოასწრეს წესიერად, მატჩის დაწყების დრო რომ მოახლოვდაო!

1994 წლის 16 ნოემბერი - ეს დღე მართლაც ისტორიულია დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა (რომლის შემადგენლობაში მხოლოდ და მხოლოდ 4 ლეგიონერი იყო - კახა ცხადაძე, გიორგი ჩიხრაძე, თემურ ქეცბაია, გოჩა გოგრიჭიანი) პირველად შეძლო ოფიციალურ მატჩში გოლ(ებ)ის გატანა და, რაც მთავარია, პირველად შეძლო ოფიციალური მატჩის მოგება!

მერე, მოგებასაც ხომ გააჩნია: ნევილ საუთჰოლს, დინ სონდერსს, იან რაშსა და მარკ ჰიუზს ინგლისური პრემიერლიგისა თუ საერთაშორისო დონეზე ხომ უამრავი ინდივიდუალური თუ გუნდური ტიტული ჰქონდათ მოპოვებული...

ამ დროს კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ერთმანეთზე ლამაზი და ერთმანეთზე ოსტატური 5 (ხუთი!) უპასუხო გოლი გაუტანა ასეთი დონის მეტოქეს!

აღსანიშნავია, რომ უელსის ნაკრებს, ანალოგიური ანგარიშით, თავის არსებობის ისტორიაში მანამდე არც ერთი ოფიციალური მატჩი არ ჰქონდა წაგებული.

ეგ კი არა, იმის შემდეგ დღემდე, მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა ხუთბურთიანი სხვაობით და ისიც ვარსკვალავურ ჰოლანდიის ნაკრებთან, რომლის შემადგენლობაშიც დენის ბერგკამპი ბრწყინავდა. თუმცა, დავუბრუნდეთ ისევ 1994 წლის 16 ნოემბრის იმ მართლაც ისტორიულ შუადღეს, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის", "ლივერპულის", "ევერტონის", "ლიდსის", "ასტონ ვილას", "შეფილდ უენდსეის" (ბოლო სამი გუნდი დღესდღეობით ჩემპიონშიფში ასპარეზობს, თუმცა, იმ დროისათვის ინგლისურ პრემიერლიგაში მოწინავე პოზიციებზე იმყოფებოდა) ვარსკვლავების წინააღმდეგ, ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ მართლაც სუპერშემტევი შემადგენლობა დააყენა და ამ რისკმა გაამართლა კიდეც!

თან ერთმანეთზე უკეთესი გოლები ხომ გავიტანეთ მეტოქის კარში, სულ მცირე, სამი-ოთხი რეალური მომენტიც გვქონდა: თემურ ქეცბაიას გარდა, გოჩა გოგრიჭიანსა და შოთა არველაძესაც შეეძლოთ დუბლის შესრულება, ისე, როგორც შეცვლაზე შემოსულ მიხეილ ყაველაშვილს შეეძლო ანგარიში კიდევ უფრო შთამბეჭდავი გაეხადა...

და როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ჩვენმა შემტევებმა ითამაშეს შთამბეჭდავად? უშეცდომოდ და ნერვაუტოკებლად ჩაატარა მთელი მატჩი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის, ალბათ, ყველაზე ნიჭიერმა მეკარემ, აკაკი დევაძემ; საიმედოდ იდგა დაცვის ცენტრში კახა ცხადაძისა და მურთაზ შელიას "დუეტი", ისე, როგორც მარცხენა მცველი - გიორგი ჩიხრაძე.

ისევე, როგორც წინა მატჩში (როცა, გასვლით შეხვედრაში პირწმინდად "ამოკეტა" იმდროისათვის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხრისტო სტოიჩკოვი), ამჯერადაც გამორჩეული გახლდათ მარჯვენა მცველის პოზიციაზე გამწესებული ზაზა რევიშვილი;

აღარაფერს ვამბობთ მარჯვენა ნახევარმცველზე, კახა გოგიჩაიშვილზე, რომლის გაუთავებელ რეიდებს ბოლო არ უჩანდა.

შეუდარებელი იყო გიორგი ნემსაძე: ჩვენი ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა (ვიდრე ტრავმის გამო შეცვლიდნენ) უაღრესად შრომატევადი სამუშაო შეასრულა და ამას გარდა, მეორე გოლშიც ლომის წილი დაიდო, როცა იდეალური პასი გაუკეთა გიორგი ქინქლაძეს.

ამ უკანასკნელზე კი რაღა უნდა ვთქვათ: უელსელები რომ ვერაფრით ახერხებდნენ 21 წლის ქინქლაძის შეჩერებას, აშკარად "არაბრიტანული" ხერხით, უხეშობით მოინდომეს იმ დროისათვის ევროპული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიჩნეული ქართველი ვირტუოზის განეიტრალება...

საქართველოს ნაკრების 27-წლიან ისტორიაში რამდენიმე მართლაც დაუვიწყარი მატჩია, ამათგან ერთ-ერთი კი, უდავოდ, უელსთან შინ დიდი ანგარიშით გამარჯვებაა. ასევე დაუვიწყარია ის ერთმანეთზე უკეთესი 5 გოლი, "ევერტონისა" და უელსის ნაკრების ვეტერან მეკარე საუთჰოლს რომ გაუტანეს თემურ ქეცბაიამ, გიორგი ქინქლაძემ, გოჩა გოგრიჭიანმა და შოთა არველაძემ.

იმ დროისათვის ბერძნული აეკ-ის ლიდერი თემურ ქეცბაია კი პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც საქართველოს ნაკრების ოფიციალურ მატჩში ჯერ ის მართლაც ისტორიული და სადებიუტო გოლი რომ გაიტანა, მერე კი სულაც დუბლი შეასრულა!..