დემოგრაფიული კრიზისი დაახლოებით 25 წელი გაგრძელდება

დემოგრაფიული კრიზისი დაახლოებით 25 წელი გაგრძელდება

საქართველო დემოგრაფიული კოლაფსისკენ მიექანება და რაც ყველაზე სამწუხაროა, ვითარება 25 წელი არ გამოსწორდება. ამ დროს მეზობელ ქვეყნებში მატებაა და საკმაოდ თვალში საცემიც. საერთოდ კი, საქართველო შობადობის მხრივ მსოფლიოში 174-ე ადგილზეა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, 2050 წლისათვის საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება. მოსახლეობა 28%-ით შემცირდება, რაც 1 170 000 ადამიანს შეადგენს. ხანდაზმულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს ბავშვთა რაოდენობას. ამ დროს საპირისპირო ვითარებაა სამეზობლოში. აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა - 7%-ით იზრდება.

ცალკე პრობლემაა ერის დაბერება. აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით, მეზობელ ქვეყნებს - სომხეთს 6%-ით, ხოლო აზერბაიჯანს - 14%-ით ვუსწრებთ, თურქეთს - 11%-ით. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობას აღემატება. ქვეყნებს შორის მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების კუთხით, საქართველო მე-16 ადგილზეა, შობადობით კი - 174-ე ადგილზე.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ამ სურათით კავკასიაში დისბალანსი შეინიშნება. „თუ კავკასიაში ყოველი მესამე მოქალაქე ქართველი იყო, დღეს ყოველი მეექვსეა. ჩვენი მეზობლების რაოდენობის ზრდას მივესალმებით, თუმცა ეს მონაცემები რეგიონალურ ჭრილში საკმაოდ საყურადღებოა“, - განაცხადა ხუნდაძემ.

დემოგრაფიული ფონდის ხელმძღვანელ, თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ დემოგრაფიასთან დაკავშირებული პრობლემები ქვეყანაში უკვე 30 წელია მძვინვარებს და მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლება აღმოჩნდა გამონაკლისი, რომელმაც ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა 2013 წლიდან დაიწყო, თუმცა რეალურ შედეგებამდე ჯერ შორია.

„დემოგრაფიული მდგომარეობა ნამდვილად საგანგაშოა ქვეყანაში, რადგან უკვე 30 წელია მძვინვარებს ეს პრობლემები ქვეყანაში და არც ერთმა ხელისუფლებამ ამ პრობლემებების მოგვარებაზე ზრუნვა არ დაიწყო. გარდაუვალი დემოგრაფიული კრიზისია, რასაც წინასწარმეტყველებდნენ 10-20 წლის წინ, რაზეც საუბრობდა გაეროს მოსახლეობის ფონდი, ფაქტობრივად, ჩვენ ამ კრიზისში უკვე შევედით. ეს არის შობადობის გარდაუვალი კლების პერიოდი. 80-იან წლებში საქართველოში 450 000 გოგო დაიბადა, ხოლო 90-იან წლებში მათი ნახევარი, 225 000. სწორედ ეს თაობა შედის ახლა დედობის ასაკში. საიდან მოვიყვანოთ ეს დაუბადებული ახალგაზრდები, რომლებიც ვერ გაჩნდნენ 90-იან წლებში? სწორედ ამიტომ შევედით დემოგრაფიულ კრიზისში, რომელიც გასტანს ერთი დემოგრაფიული თაობა, ანუ 25-27 წელი“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ხელისუფლება ახლა ცდილობს რაიმე გზა გამონახოს არსებული რთული ვითარებიდან გამოსასვლელად. პარლამენტში უკვე წარდგენილია მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრისა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა.

ცვლილებების მიხედვით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია: მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი ბავშვი, ელექტროენერგიის სუბსიდიის სახით მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთი ან მეტშვილიანი ოჯახი მეხუთე და მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10-10 ლარს.

2014 წლის აღწერით საქართველოში 12 369 ოჯახია, სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს. „საქართველოში 9 316 ოჯახია, სადაც ოთხი ბავშვი ცხოვრობს. მათ ელექტროენერგიის მოხმარებაზე თვეში 20-ლარიანი შეღავათი ექნებათ, რაც ჯამში, 2 235 840 ლარია. 5-ბავშვიანი ოჯახები კი 2 190-ია. მათ თვეში 30 ლარის შეღავათი (20 ლარს + 10 ლარი მე-5 ბავშვისთვის) ექნებათ, რაც მთლიანობაში 788 400 ლარს შეადგენს. 6 ბავშვისგან შემდგარი ოჯახი 583-ია, ისინი თვეში 40-ლარიან შეღავათს მიიღებენ, რაც მთლიანობაში 280 000 ლარია, ხოლო 7 და მეტშვილიანი ოჯახები 280-ია და ჯამში თანხა 184 560 ლარს შეადგენს. ყველა კატეგორიაზე თანხის საერთო მოცულობა დაახლოებით 3 489 000 ლარია“, - განაცხადა პარლამენტის სხდომაზე დიმიტრი ხუნდაძემ.