ამაღლდება თუ არა პროფესიულ სასწავლებელთა პრესტიჟი, თუკი ისინი სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეერწყმება და მათი სახელი დაერქმევა?
განათლების მინისტრის ამ ინიციატივას, სხვა ინიციატივებთან ერთად, იწუნებს დიმიტრი შაშკინი. განათლების ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ თურმე ბავშვები იმიტომ არ მიდიან პროფსასწავლებლებში, რომ პროფესიული სასწავლებლების სახელი არ მოსწონთ და, თუკი მათ დაერქმევა თსუ-ის პროფსასწავლებელი, იქ ბავშვების ტევა აღარ იქნება. შაშკინის აზრით, ეს ისეთი უაზრობაა, რომ ამის კრიტიკაც შეუძლებელია.
„ვინმეს როდისმე გაგიგიათ პრინსტონის პროფესიული სასწავლებელი, კემბრიჯის პროფსასწავლებელი? უმაღლეს სასწავლებელს თავისი დატვირთვა აქვს“, - მიიჩნევს განათლების ყოფილი მინისტრი.
პროფესიული განათლების პრესტიჟის ამაღლება რომ საჭიროა, ამ აზრს იზიარებს განათლების პოლიტიკის მკვლევარი, პროფესორი სიმონ ჯანაშია. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ უნივერსიტეტებთან შერწყმა პროფესიულ სასწავლებლებს პრესტიჟის ამაღლებაში მართლაც დაეხმარება და ხელს არ შეუშლის. თუმცა სხვა საკითხია, საჭიროა თუ არა სასწავლებლების შერწყმა, თუ უბრალოდ პრობლემის გახსნაში უნდა დავეხმაროთ უნივერსიტეტებს შერწყმის გზით იქნება, თუ ზოგადად.
„პროფესიული სასწავლებლების შერწყმა უნივერსიტეტებთან იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც თვითონ პრობლემის გააზრება, თუ რა სჭირს ჩვენს პროფესიულ განათლებას. ჩვენს უნივერსიტეტებში პროფესიული კომპეტენციების შემსწავლელი კურსები მაინცდამაინც ძლიერი არ არის, ამიტომ ასეთი შერწყმის შემთხვევაში, დიდ საფრთხეს ვერ ვხედავ, რომ პროფესიული კოლეჯების ლექტორები დაკარგავენ თანამდებობას. წარმოვიდგინოთ მშენებლის პროფესიული კურსი. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ასე მარტივად ვერ ასწავლის სტუდენტს აგურის წყობას, ამას სპეციალისტი სჭირდება, რაც პროფესიულ სასწავლებლებში უფრო კარგადაა ორგანიზებული. სამაგიეროდ, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი უკეთესად ასწავლის გეომეტრიას. ზოგადად, კარგი იქნება, უნივერსიტეტი არ იყოს მხოლოდ აკადემიური პროგრამების ადგილი და იქ იყოს სასერთიფიკატო თუ პროფესიული პროგრამებიც“, - აცხადებს სიმონ ჯანაშია და განმარტავს, რომ ჩვენს უნივერსიტეტებში პროფესიული პროგრამების საჭიროება ნამდვილად იგრძნობა.
ამდენად, თუკი ცალკეულ შემთხვევაში წარმატებული პროფესიული სასწავლებლების უნივერსიტეტებთან შერწყმა მოხდება, ეს კარგი იქნება ორივესთვის -პროფსასწავლებლისთვისაც და უნივერსიტეტისთვისაც, ხოლო, თუ წარუმატებელი დაწესებულება მეორე დაწესებულებას შეერწყმება, რომელსაც გამოცდილება არ აქვს, ასეთი შერწყმა შედეგს ვერ მოიტანს.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ელიავა ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ უცხოეთში ყველა მსხვილ უნივერსიტეტს გააჩნია ე.წ. პროფესიული სასწავლებლები, ანუ კოლეჯები. როდესაც ჩვენში ზოგიერთები ტრაბახობენ, ჰარვარდი მაქვს დამთავრებულიო, სინამდვილეში, მათ უბრალოდ პროფესიული სკოლები აქვთ დამთავრებული. ამიტომ უნივერსიტეტებთან არსებულ პროფესიულ სასწავლებელებში (თუ კოლეჯებში) ტრაგიკული არაფერი არ არის. არც ის არის ტრაგიკული, კოლეჯს დავარქმევთ ამ სასწავლებლებს, თუ პროფსასწავლებლებს. ტრაგიკულია ის, რომ უნივერსიტეტებთან შერწყმის შედეგად ამ კოლეჯების მფლობელებს არ წაართვან ბიზნესი.
„თუკი თვითონ უნივერსიტეტები გახსნიან ასეთ სკოლებს, კოლეჯებს, პატარა აკადემიებს, ეს სხვა ამბავია და მისასალმებელია. ხოლო, თუ ამას ძალადობრივი სახე ექნება, ცხადია, მე არ მივესალმები ძალადობას. სახელმწიფო საერთოდ ძალადობის მექანიზმია და ვერაფრით გავიზიარებ, რომ პროფესიული სასწავლებლების ლექტორები ლუკმა-პურის გარეშე დატოვონ. ეს ადამიანები კითხულობენ ლექციებს, იღებენ ხელფასებს. ამდენად, თუკი ასეთი შერწყმა ხელოვნურად მოხდება, ბუნებრივია, უნივერსიტეტის პროფესურა არ დაუთმობს ლექციების წაკითხვას სხვას და ეს ხალხი, ვინც აქამდე მუშაობდა პროფესიულ სასწავლებელში, უმუშევარი დარჩება. ანუ საკმაოდ მძიმე პროცესია. ამიტომ უკვე არსებული პროფესიული სასწავლებლების შერწყმა უნივერსიტეტთან შედეგიანი არ იქნება. სჯობს, ახალი პროფსასწავლებლები შექმნან უნივერსიტეტებთან“, - განმარტავს ლია ელიავა.
ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ჯემალ მებონიას ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა შეურწყან პროფესიული სასწავლებლები უნივერსიტეტებს?! For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ საეჭვოა, ასეთი შერწყმა კარგი იდეა იყოს. მისი აზრით, უმჯობესია უნივერსიტეტთან არსებობდეს სკოლა-ლიცეუმი, რომელშიც სასწავლო სიახლეები დაინერგება. ეს ლიცეუმი მაგალითი უნდა იყოს საშუალო სკოლებისთვის. კვალიფიკაციის ასამაღლებლად იქ უნდა მიიწვიონ მასწავლებლები, მით უმეტეს, რომ ახლა კარგი მასწავლებლების პრობლემაა.
„შესაძლოა, პროფესურაც გავიდეს რეგიონებში და იქ ჩაატაროს გაკვეთილები. სხვათა შორის, ჩვენ ამას ვაკეთებდით, ქუთაისში გვქონდა სკოლა, სკოლებში მივდიოდით და ბავშვებს გაკვეთილებს ვუტარებდით, მასწავლებლებს ვასწრებდით ამ გაკვეთილებს, ვარჩევდით კარგ მოსწავლეებს და მოგვყავდა უნივერსიტეტებში. ჩემი აზრით, პროფტექნიკური სასწავლებელი უნდა იყოს ცალკე, როგორც ეს ადრე იყო, მაგრამ ზედამხედველობის ქვეშ უნდა იყოს. საერთოდ, უნივერსიტეტებმა გარკვეული შეფობა უნდა აიღონ სკოლებზე, საჩვენებელი სკოლები უნდა არსებობდეს რეგიონებში, სადაც ჩავლენ პროფესორები და ლექციებს პირადად ჩაატარებენ, დააინტერესებენ ბავშვებს“, - აღნიშნა ჯემალ მებონიამ.