ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული 3000 ოჯახიდან თითქმის მესამედი ახლო მომავალში ნანატრ ბინას მიიღებს. მერიამ პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მშენებლები ფიქრობენ ეს დეველოპერული სექტორისთვის დადებითი ნაბიჯია, რადგან სამშენებლო სამუშაოების მხრივ ბაზარი გამოცოცხლდება.
დედაქალაქის მერიამ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის მიწის ნაკვეთები გამოყო და მასზე საცხოვრებელი შენობების აშენებას გეგმავს. დედაქალაქში 3000-ზე მეტი დაზარალებული ოჯახია, რომლებმაც 90-იანი წლებიდან დღემდე ვერ შეძლეს საკუთარი საცხოვრებელი ფართების მიღება. მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი კი, რომელზეც მათი სახლები უნდა აშენებულიყო, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გასხვისდა.
„90-იანი წლებიდან მოყოლებული ეს ოჯახები წარმოადგენენ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებს, რომლებმაც თავის დროზე გადაიხადეს ბინათმშენებლობის ღირებულება, თუმცა სახელმწიფომ ვერ შეძლო ამ ბინების მშენებლობა და ეს ვალი აღიარებულია. 20-25 წლის განმავლობაში ეს ადამიანები სასოწარკვეთილნი ელოდებიან, როდის მიიღებენ საცხოვრებელ ფართს. სამწუხარო გარემოებაა ისიც, რომ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი, რომელზეც ზემოთხსენებული ოჯახების სახლები უნდა აეშენებინა სახელმწიფოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, სხვადასხვა დროს იქნა პრივატიზებული“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი ინფორმაციით, მოძიებულია 16 ჰექტარი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და პირველ ეტაპზე მინიმუმ 800 ოჯახი დაკმაყოფილდება.
„უპირველესად დაკმაყოფილდება ყველაზე დაბალი სოციალური სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახები და შემდგომ კი, ამავე პრინციპის მიხედვით, დანარჩენები. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ელოდებიან, როდის მიიღებენ საცხოვრებელ ფართს“, - აღნიშნა კალაძემ.
საიტერესოა რას შეცვლის დეველოპერულ და სამშენებლო ბაზარზე მერის ახალი ინიციატივა. სამშენებლოების სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი კონკურენციაზე საუბრობს.
დეველოპერული კომპანია „ჯიდაჯი პლუსის“ დამფუძნებლის ბეჟან წაქაძის განცხადებით, ბაზარზე კონკურენცია თავისთავად იქნება, თუმცა ამ ეტაპზე მერიის მხრიდან გარკვეული დეტალების დაზუსტება უნდა მოხდეს.
„მერის მიერ გაკეთებული განცხადება თავისთავად ჰუმანურია, რადგან ის დაზარალებულებს ეხმარება. თუმცა ის დეველოპერები, ვინც სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებენ, თავისთავად კონკურენციაში შევლენ. ამ ეტაპზე ძალიან ბევრი დეტალია გასარკვევი მაგალითად ის, მერია როგორი ფორმით ჩაატარებს ტენდერს და მასში მონაწილეობას ვინ მიიღებს“, - განუცხადა „კომერსანტს“ წაქაძემ.
განსხვავებული მოსაზრებისაა სამშენებლო კომპანია „ივერონის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი. მას მიაჩნია, რომ ტენდერებში მონაწილეობის მიღება მცირე კომპანიებმაც უნდა შეძლონ.
„ეს თემა აქტუალურია და საინტერესოა მერია როგორ დატვირთვას მისცემს, როგორი ფორმით მოხდება მშენებლობა და ის თბილისის იერსახეს რამდენად მოუხდება. ასევე კარგი იქნება, თუკი მცირე კომპანიებს მიეცემათ ტენდერებში და მშენებლობაში მონაწილეობის უფლება, რათა ბაზარზე მათაც გაუჩნდეთ შანსი“, - აღნიშნა ჯაყელმა.