„ნარკოტიკების გადამკიდე ჩვენს ახალგაზრდობას მომავალი არ ექნება, გაჩაღებულია ბრძოლა ქრისტანული მართლმადიდებლური სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც შემორჩენილია საქართველოს სახით“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ფსიქოკორექციისა და ნარკოლოგიური ექსპერტიზის ცენტრის ექიმი-ნარკოლოგი ილია ჩიკვილაძე.
ამ დღეებში ყველაზე მეტად შს მინისტრისა და პრემიერის განცხადებებს განიხილავდნენ, რომელთა გამოსვლაშიც ნარკოტიკების ლეგალიზების მომხრეთა მიმართ დათმობითი ტონი იგრძნობოდა. როგორ უნდა მოქცეულიყო სახელმწიფო აქციის მონაწილეთა დასაშოშმინებლად?
- შს მინისტრს რა უნდა გაეკეთებინა და როგორ, მასზე უკეთესად არავინ იცის. „თეთრი ხმაურის“ მომხრეებს ძალიან ბევრი მოუვიდათ, როცა ითხოვდნენ, კლუბ „ბასიანის“ დარბევის გამო გადადგეს პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრიო. ბოდიში და, პრემიერისა და შს მინისტრის საკითხი სახელმწიფოებრიობისა და სახელმწიფო მმართველობის საქმეა და „თეთრი ხმაურის“ გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის. შეიძლება გადაცდომები მართლაც იყო, მაგრამ გადაცდომები წინა მთავრობასაც ჰქონდა და მის წინა მთავრობასაც.
თუმცა წინა მთავრობის დროს ასეთი ძალისხმევით არ მართავდნენ ნარკოტიკების მომხრეები აქციებს. ამჟამად კი საზოგადოება აღშოთებას ვერ ფარავდა, ნარკომანი რომ აქციას გაგიმართავს და მის ულტიმატუმს დაჰყვები, ეს რა სახელმწიფოა?
- რასაკვირველია, ამაზე პროტესტი საღად მოაზროვნე და ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარ ყველა ადამიანს ექნება. ნარკოტიკების ლიბერალიზაციის მომხრეები თავისებურად უყურებენ თავისუფლებას. მათი მოსაზრება ასეთია, ჩვენ გვაქვს ჩვენი სხეული, ჩვენი ორგანიზმი ჩვენ გვეკუთვნის და, რასაც გვინდა, იმას ვუზამთ, თქვენ ხომ ზიანს არ გაყენებთ?! ადამიანის თავისუფლებიდან თუ გამოვალთ, თავის მხრივ, ისინიც მართლები არიან. თუმცა პირადად მე ამ მოსაზრებას არ ვემხრობი. ეგრე არ არის, რომ თურმე ჩემი თავი მხოლოდ მე მეკუთვნის. ნებისმიერი ადამიანი საზოგადოების უჯრედია და დაავადებული უჯრედი აავადებს მთელ ორგანიზმს. ამიტომ ნარკოტიკების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით შეხედულებები შეიძლება გაიყოს. თუ „თეთრი ხმაურის“ მონაწილენი ამბობენ, რატომ დაგვარბიეს „ბასიანში“, კონტრაქციის მონაწილეებსაც შეუძლიათ, მათ უთხრან, ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი აზრი, რადგან დაბოლილები, ნარკომანები ხართ. ასე რომ, კონტრაქციის მონაწილეებსაც აქვთ უფლება, პროტესტი გამოთქვან მომხდარის მიმართ.
ამ ყველაფრის მიზეზი ჰუმანური ნარკოპოლიტიკის გატარება ხომ არ არის? როცა საუბარია ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე, რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ ნარკობარიგებს დასჯიან, რეალურად, ნარკობარიგები შეიძლება ხელშეუხებელნიც გახდნენ. ამ ლოგიკით, თუ ნარკობარიგებმა არა, მაშინ ვინ უნდა მიჰყიდოს დეკრიმინირებულ გარემოში ადამიანებს ნარკოტიკი? ამდენად, დეკრიმინალიზაციის გადამკიდე, გამოუვალ მდგომარეობაში ხომ არ არის თვითონ სახელმწიფო?
- ოთხი წელიწადია, მაგას ვამბობ, რომ დეკრიმინალიზაცია ყოველთვის მივა ლეგალიზაციამდე. ეს ყოვლად გამოუვალი მომენტია, მაგრამ სახელმწიფომ და, კონკრეტულად, ჯანდაცვის სამინისტრომ და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა ძალიან მკაცრი განცხადებები გააკეთეს იმის თაობაზე, რომ ბრძოლა იქნება ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ, ხოლო ლიბერალური მიდგომა იქნება ნარკომომხმარებლების მიმართ. უბრალოდ, ამას ჩამოყალიბება სჭირდება, მათ შორის, იურიდიული თვალსაზრისითაც. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ საქმეში უნდა ჩაერთონ როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები, იურისტები, რაღაც ასპექტში უნდა მოაქციონ ეს თემა. თქვენი თქმისა არ იყოს, მეც ვერ ვწვდები საქმის არსს, რანაირად უნდა მოხდეს, რომ ადამიანს მოხმარებაზე არ სთხოვდნენ პასუხს, მაგრამ საიდან მოიტანს, როგორ მოიტანს და რა სახით მოიპოვებს ამ ნარკოტიკს, ამაზე პასუხს ითხოვდნენ. ცოტა არ იყოს, ეს ჩემთვისაც გაუგებარია.
მოსალოდნელია, რომ ნარკოტიკების გასაღების შავი ბაზარი სულ უფრო პოპულარული გახდეს?
- შავი ბაზარი ყოველთვის იქნება. ამერიკაში მშრალი კანონი რომ შემოიღეს, შავმა ბაზარმა წალეკა იქაურობა, ეს ფაქტია და მაშინ გაჩნდნენ ზუსტად კლანები, ბუტლეგერები (კონტრაბანდული საქონლის გამყიდველები) და ყველაფერი. ძალიან რთული საკითხია. ამდენ ხანს ამიტომაც გაიწელა ეს ამბავი. „თეთრი ხმაურის“ წარმომადგენლები ამბობენ, ძალიან გაიწელა პროცესიო. იმიტომ გაიწელა, რომ იურიდიული თვალსაზრისით, ვერავითარ ჩარჩოში ვერ მოაქცია სახელმწიფომ ნარკომანიის თემა. ეს უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული, თორემ ვარირების უფლება თუ მიეცი, ლუფტის უფლება თუ მიეცი, იმ ლუფტში მოექცევიან ზუსტად ეს ბარიგები და იმით ისარგებლებენ. ამიტომ ე.წ. ლუფტი, ცარიელი ადგილი არ უნდა დარჩეს.
თუკი დეკრიმინალიზაციის შემდეგ ნარკოტიკების ლეგალიზაციამდე მივლენ, ლეგალიზაცია ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა გაყიდოს ნარკოტიკი და თავად ივაჭროს ნარკოტიკებით?
- რა თქმა უნდა, მანდ იქნება ისეთი მომენტი, რომ სოფლებში გაჩეხავენ ვენახებს და დათესავენ კანაფს, ზოგი ყაყაჩოს მოიყვანს. თუ გახსოვთ, ერთი პერიოდი კახეთში გაჩეხეს ვენახი და დათესეს საზამთრო.
ალბათ, ტურისტებისთვის და ღამის ეკონომიკისთვის ეს მისადაგებული იქნება, მაგრამ ქართველებს გვაწყობს, რომ ჯანმრთელ თაობათა ცვლა ჩანაცვლდეს ავადმყოფით?
- ყოველთვის ვიბრძოდი ამის წინააღმდეგ. რატომ უნდა ვეფეროთ ვიღაც ნარკომან ტურისტს? ბოდიში და, ვინ ყრიან ასეთი ტურისტები? თავიანთ ბანანის რესპუბლიკაში, თავიანთ სახელმწიფოში ვერაფერს აკეთებენ, ჩამოვლენ საქართველოში და თავზე იმხობენ ყველაფერს. ამით აჩვენებენ არაჯანსაღ მაგალითებს ჩვენს ახალგაზრდებს. ასეთი ტურისტების წინააღმდეგი ყოველთვის ვიქნები. დანიაშიც ვყოფილვარ, ბელგიაშიც და ჰოლანდიაშიც, ვინ მისმევდა თავზე ხელს და ვინ მატარებდა ხელის გულზე? ფული თუ არა გაქვს, მოშორდი აქედან, - ასეთია მათი მიდგომა. სულ არა აინტერესებთ, ტურისტი ხარ, თუ ვინ ხარ.
უკვე შევეგუეთ, რომ საქართველოში უცხოელები კაზინოებისთვის ჩამოდიან. ნარკოტიკებისთვისაც თუ ჩამოვლენ, ეს ხომ დიდი ტვირთი იქნება ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის?
- ჩვენთან არ არის სამუშაო, არ არის დაინტერესების სფერო, ახალგაზრდებს უჭირთ, რაღაც საძრომებს იპოვიან, რომ უფასო ნარკოტიკი მიიღონ. ჯერ ახლა ეძებენ ყველანაირ საძრომებსა და ხვრელებს და მერე, თუკი იმის საშუალება მიეცი, რომ ნარკოტიკების ლეგალიზებით გაუორმაგე ამის გზა, ჩვენს ახალგაზრდობას მომავალი არ ექნება.
ბევრი მიიჩნევს, რომ სწორედ სახელმწიფოა დამნაშავე, რომ ამდენი ახალგაზრდა ნარკოტიკით ცდილობს, გაექცეს რეალურ ცხოვრებას. რატომ ეძალებიან ნარკოტიკს, რეალური ცხოვრებისგან გაქცევის გამო?
-ეს რთული თემაა, თუმცა ცხოვრებისგან გაქცევაც არის ნარკოტიკების მიძალების ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ არის ისეთი მაღალგანვითარებული ქვეყნებიც, სადაც ნარკოტიკებს მაღალი ფენის წარმომადგენლებიც ეტანებიან.
ალბათ, ისინი დაიღალნენ მდიდარი ცხოვრებით, ეს ხუმრობით. კლუბურ ნარკოტიკებზე მინდა გკითხოთ. არსებობს არაერთი კლუბური ნარკოტიკი - მეტამფეტამინი, ექსტაზი, ჰალუცინაციის მომგვრელი LSD, რომლითაც ძლიერდება ფერების განცდა, ობიექტები იწყებენ მოძრაობას, იცვლიან ფორმას. მისი მოხმარებისას შესაძლოა ადამიანი ხედავდეს ისეთ ობიექტებსა და პიროვნებებს, რომლებიც რეალურად არ არსებობს. მათგან განსხვავებით, რა სახის მიზიდულობას იწვევს მეფედრონი?
- რთული დასადგენია, სრული შემადგენლობა რა აქვს მაგ ნივთიერებას. თვითონ სიტყვა მეფედრონი- ეფედრინი გამომდინარეობს ნივთიერება ეფედრინისგან. ეფედრინი არის სტიმულაციური ხასიათის ნარკოტიკი, რომელსაც ახასიათებს გამოხატული ნარკოტიკული თრობა. ნარკოკარტელი ძლიერია, ის მთელ ლაბორატორიებს ფლობს და, სავარაუდოდ, მეფედრონსაც კიდევ დამატებითი ნივთიერებები დაუმატეს, რათა ადამიანს დამოკიდებულების სინდრომი ჩამოუყალიბდეს, უცებ მიაჩვიონ ამ ნივთიერებას მომხმარებელი. მაგრამ, ეტყობა, რაღაც ვერ გათვალეს და აღმოჩნდა, რომ მეფედრონი შეუთავსებელია სიცოცხლესთან, მისი მოხმარება შეიძლება დამთავრდეს ლეტალურად.
მე ვიცი, რომ ამ ნივთიერებას ქალბატონები იყენებდნენ აბაზანის შემდეგ, რათა მოტეხილობების, სხვადასხვა არტერიული დავადებების დროს პატარა სტიმულაციური ეფექტი ჰქონოდათ და ძალაზე მოსულიყვნენ. ეს ყველაფერი ამ ახალგაზრდებმა ახლა შემოიტანეს მოსაწევად, გასაკეთებლად და ყურებში შესაზელად. არასწორი გამოყენებისას შეიძლება სულ უბრალო ციტრამონმაც კი გამოიწვიოს არასწორი შედეგი.
ერის გადაგვარებაზე როცაა საუბარი, ხომ არ ფიქრობთ, რომ მსგავსი ნივთიერებები გამიზნულად შემოდის?
- რასაკვირველია. ქართველების წინააღმდეგ რომ გამართულია ბრძოლა ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან, ამას რად უნდა ლაპარაკი. ვინც გინდათ, მომიყვანეთ, მალაპარაკეთ და ყველას დავუმტკიცებ, რომ პირდაპირ გაჩაღებულია ბრძოლა ქრისტანული მართლმადიდებლური სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც შემორჩენილია საქართველოს სახით. ასეთივეა, საბერძნეთი, იუგოსლავიის ნაწილი და ა.შ. არ მინდა ეს რელიგიურ გრძნობად ჩამითვალოთ, მაგრამ სწორედ ამაზეა გამართული პირდაპირი ბრძოლა.