საქართველოს ევროკავშირიდან „ნებაყოფლობით“ დაბრუნებულ მიგრანტთა მზარდი რაოდენობის მიღება მოუწევს

საქართველოს ევროკავშირიდან „ნებაყოფლობით“ დაბრუნებულ მიგრანტთა მზარდი რაოდენობის მიღება მოუწევს

რატომ იმატა უცხოეთიდან „ნებაყოფლობით“ დაბრუნებულ მიგრანტთა რაოდენობამ და რატომ იქნება ეს ციფრი სამომავლოდ უფრო მზარდი? ამის შესახებ For.ge-ს „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ ქუთაისის ოფისის კოორდინატორი ნუგზარ კოხრეიძე ესაუბრა.

ევროკავშირიდანნებაყოფლობითდაბრუნებულ მიგრანტთა რაოდენობა მატულობს. ეს ნიშნავს, რომ აზრს კარგავს საქართველოდან მასობრივად მიგრაციაში წასვლა?

- ჩვენი მონაცემები ეხება „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ მიმდინარე პროგრამას-ნებაყოფლობით დაბრუნებულ მიგრანტებს. ამ პროგრამის ფარგლებში მხოლოდ იმერეთის მხარეში ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს შორის 279 ადამიანია დაბრუნებული. აქედან დაახლოებით 160 ადამიანია დაბრუნებული საბერძნეთიდან, 90 ადამიანია გერმანიიდან ნებაყოფლობით დაბრუნებული. დანარჩენ ქვეყნებზე, როგორიცაა პოლონეთი, ლატვია, მალტა, ბელგია, შვედეთი, ლუქსემბურგი და სხვა, დაბრუნებულ მიგრანტთა მცირე რაოდენობები ნაწილდება. ჩვენი ორგანიზაცია მათ უწევს რეინტეგრაციულ დახმარებას. მათ ვეხმარებით მგზავრობაში, სახლში დაბრუნებაში, ასევე, უკან დაბრუნებისას სამედიცინო დახმარების მიღებაში, გარკვეული ბიზნესგეგმების დაფინანსებაში.

ჩვენი მოქალაქეების დასაბრუნებელ თანხას ევროკავშირის ქვეყნები ანაზღაურებენ?

- ეს პროგრამა მოქმედებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უცხოეთში ბარდებიან თავშესაფარში და აცხადებენ სურვილს, ნებაყოფლობით დაუბრუნდნენ თავიანთ სამშობლოს. ისინი ერთვებიან ე.წ. სტოპის პროგრამაში. სტოპის პროგრამა, ანუ ნებაყოფლობით დაბრუნების პროგრამა ყველა ქვეყანას თავისებური აქვს, რომელშიც შედის მგზავრობის დაფინანსება საქართველოში, შედის რეინტეგრაციული დახმარების პაკეტი. მათ დაბრუნებას აფინანსებს გერმანია, საბერძნეთი... ასევე, გამოიყოფა თანხები ევროკავშირიდან, ანუ ამ ადამიანების დაბრუნებას აფინანსებს, როგორც ევროკავშირი, ისე უშუალოდ ის ქვეყანა, საიდანაც ეს ადამიანები მოდიან. ყველა ქვეყანაში განსხვავებულია ეს კომპონენტი.

ევროკავშირის ქვეყნებისთვის თუნდაც იმიტომ არის უკეთესი, არ მიიღონ საქართველოდან ჩასული მიგრანტები, რომ არ მოუწიოთ მათი უკან დაბრუნების დაფინანსება. ფინანსური დახმარება ეხებათ უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე წასულ ადამიანებს?

- დახმარება ეხებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც საქართველო დატოვეს უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე. ამ პროგრამაში მოხვედრილი ადამიანები ექვემდებარებიან დეპორტაციას, რადგან არღვევენ უვიზო მიმოსვლის რეგულაციებს, რაც უფრო გამკაცრებულია დღეს ევროკავშირში. ასევე, 2016 წლიდან რიგი ქვეყნების მიერ საქართველო შესულია უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს, რომლებიც გადალახავენ საზღვარს, შევლენ უცხოეთის თავშესაფრებში, პოზიტიური პასუხის მიღების ნაკლები შანსი აქვთ. ისინი პოზიტიურ პასუხს ითხოვენ რამდენიმე მიზეზის გამო, რომ უსაფრთხოდ არ გრძნობენ თავს თავიანთ ქვეყანაში, მათი დევნა ხდება პოლიტიკური ან რაიმე განსხვავებულობის ნიშნით და ა.შ. თუმცა ეს დადგენილება, რომ ჩვენ ვართ უსაფრთხო ქვეყანა, ანულირებს ამ მიზეზებს და თავისთავად ცხადია, საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარში პრიორიტეტი აღარ ენიჭებათ. მაქსიმუმ, მათ შეიძლება დაჰყონ იმ ქვეყანაში სამი თვე, ანუ სადამდეც მიმდინარეობს მათ შესახებ ინფორმაციის დადგენის პროცედურა. ამის შემდეგ ისინი ექვემდებარებიან ან ნებაყოფლობით, ან იძულებით დაბრუნებას.

საქართველოდან სწორედ იმიტომ გარბიან, რომ უცხოეთში დასაქმდნენ. ამ დროსნებაყოფლობითდაბრუნებაზე რატომ აცხადებენ თანხმობას, რადგან უცხოეთში ლეგალურ სამსახურს ვერ შოულობენ?

- მათ ორი არჩევანი აქვთ - დაბრუნება ნებაყოფლობით ან იძულებით, ანუ, პრინციპში, არჩევანი არ აქვთ. თუმცა უმეტესობა ბრუნდება ნებაყოფლობით რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, ის, რომ ვერ მოახდინეს ლეგალიზება; მეორე, იმიტომ, რომ ვერ იპოვეს სამუშაო ადგილი და მესამე, აღმოაჩინეს, რომ თურმე მცდარი წარმოდგენებით წასულან საზღვარგარეთ.

ანუ მოატყუეს და ისე წაიყვანეს?

- შესაძლებელია, მოატყუეს კიდეც, ასეთი შემთხვევებიც არსებობს. შესაძლებელია, ნახეს სიტუაცია და თავად დარწმუნდნენ, რომ არც ისე მარტივი იქნება უცხოეთში სამუშაოს ძიება, ან თუნდაც ინტეგრირება, რადგან ზოგიერთი მიდის სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, ზოგი მიდის დასაქმებისთვის, ზოგი მიდის მოქალაქეობის შესაცვლელად. როცა აღმოაჩენენ, რომ ეს ყველაფერი რთულია უცხოეთში, უკან ბრუნდებიან.

წლების წინ უცხოეთში წასულთა ნაწილმა წარმატებით მოახერხა ლეგალიზება და იქ დარჩენა, ნაწილმა კი ეს ვერ მოახერხა. რაზეა ეს დამოკიდებული-წასვლის ხანგრძლივობაზე, თუ სხვა მიზეზებზეც?

- ბევრი ფაქტორია. პირველ რიგში, უნდა ვიცნობდეთ ადგილობრივ კანონმდებლობას. მოქალაქეობის მიღების შესახებ ყველა ქვეყანაში განსხვავებული კანონმდებლობაა. საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას უბრალოდ აინტერესებს უცხოეთში დასაქმება და ისინი არ ფიქრობენ ლეგალიზების შესახებ, რადგან, თუ თქვენ უცხო ქვეყნის მოქალაქე გინდათ გახდეთ, ამისთვის საჭიროა, უარი თქვათ საქართველოს მოქალაქეობაზე. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში ეს პროცედურაც გამკაცრდა საქართველოში. თუ ადრე იყო პრეცედენტები, როცა უარს ამბობდნენ საქართველოს მოქალაქეობაზე, იღებდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას და შემდეგ ისევ პრეზიდენტის დადგენილებით კვლავაც ხდებოდნენ საქართველოს მოქალაქეები, დღეს ეს საშუალებაც შეზღუდულია. ყველას აღარ ეძლევა განმეორებითი მოქალაქეობა.

გარდა ამისა, იმისთვის, რომ მოქალაქეობა მიიღოთ ამა თუ იმ ქვეყანაში, ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი საბუთი უნდა გქონდეთ. არალეგალი ვერ მოახდენს ლეგალიზებას კანონიერი გზებით. ამას სჭირდება გაცილებით მეტი წელი, როგორიცაა 10, 20 წელი. უცხოეთში სხვადასხვა დროს იცვლებოდა რეგულაციები და სხვადასხვა კანონი მოქმედებდა, გზადაგზა უფრო მკაცრდებოდა კანონები. ვინც ძალიან ადრეა წასული, თუნდაც 90-იან წლებში წასულებმა უფრო მარტივად მოახდინეს ლეგალიზება, რადგან მაშინ აძლევდნენ დევნილის სტატუსს. დევნილის სტატუსიდან კი უცხო ქვეყნის მოქალაქეობისა და ბინადრობის მიღება მარტივად შეეძლოთ. ხოლო, ვინც 2000 წლის შემდეგ წავიდა საზღვარგარეთ, მათთვის უფრო რთულია ამ ნაბიჯის გავლა.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოდან ძირითადად არარალეგალი მიგრანტები მიდიოდნენ უცხოეთში. დაახლოებით რამდენი იქნება მათი რიცხვი და კიდევ უფრო მასშტაბურ დაბრუნებებს უნდა ველოდოთ?

- ამ ინფორმაციას ჩვენ ვერ ვიტყვით, სანამ ეს ადამიანები არ დაბრუნდებიან უკან, მაგრამ გასული წლის მონაცემებს თუ შევადარებთ წლევანდელ წელს, მარტო ჩვენი პროგრამის ფარგლებში, უკან დაბრუნებულთა ციფრი მზარდია.

თუ ფლობთ მონაცემებს, სხვა რეგიონებში რა ხდება?

- მხოლოდ ზოგად ინფორმაციას ვფლობ. მიგრანტთა დაბრუნების ყველაზე დიდი ციფრი ამ პროგრამის ფარგლებში დასტურდება აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად, თბილისში, კახეთსა და გორში, მეორე ადგილზეა იმერეთი.