ტყიდან მიღებული მილიონობით ზარალი

ტყიდან მიღებული მილიონობით ზარალი

ერთი წლის განმავლობაში ხეების გაჩეხვით და უკანონო ჭრით სახემწიფო 4-5 მლნ ლარის ზარალს ნახულობს. რაც შეეხება მთლიანად ეკოსისტემის ზარალს, ის გაცილებით მეტია. ტყეების დეგრადაცია სწრაფ პროცესად იქცა და წლიდან წლმდე ვითარება არათუ უმჯობესდება, უარესდება კიდეც.

2015-2017 წლებში ხე-ტყის უკანონო ჭრის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 8 მილიონ ლარად შეფასდა, ხოლო დაკისრებული ჯარიმა 2,8 მილიონს შეადგენდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2017 წლის 10 თვეში ხე-ტყის უკანონო ჭრის 2 110 ადმინისტრაციული და 795 სისხლის სამართლის ფაქტი გამოვლინდა. წინა წლებთან შედარებით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნის მქონე ჭრა თითქმის გაორმაგებულია.

საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორიამ ბოლო ორ წელში ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთში დააფიქსირა - 4 33 შემთხვევა. მეორე ადგილზე სამცხე-ჯავახეთია 3264 შემთხვევით, ხოლო მესამეზე იმერეთი - 2239 უკანონოდ გაჩეხილი ნარგავით.

ხე-ტყის უკანონო ჭრას სატყეო სააგენტოსთან ერთად, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპატრამენტიც აკონტროლებს. გამოვლენილ დარღვევეს შორის არის დაცულ ტერიტორიებზე გაჩეხილი ნარგავების უკანონო ჭრის ფაქტებიც. დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ფიქსირდება - 223 ფაქტი, თბილისის ეროვნულ პარკში 38 ხე მოიჭრა, ალგეთის ეროვნულ პარკში - 23 ხე, ხოლო კოლხეთის ეროვნულ პარკში - 14 ხე.

სულ ბოლო 3 წელში დაცულ ტერიტორიებზე ხე-ტყის უკანონო ჭრის 350 ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის 120 შეთხვევა გასული წლის დასაწყისიდან ოქტომბრამდე პერიოდში მოხდა. რისთვისაც 115 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა გამოიწერა.

სპეციალისტები ვითარებას საგანგაშო უწოდებენ. „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ სადაც ხეები უმოწყალოდ იჩეხება, ტყე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აღარ აღდგება.

„არსებობს შესაბამისი პროცედურები, როდესაც ამ ზიანს ითვლიან, თუკი სარგებელი ზიანს აჭარბებს, მაშინ გადაწყვტლება სარგებლის სასიკეთოდ მიიღება. ეს არის ძალიან მძიმე ეკოლოგიური პრობლემა, 90-იანი წლებიდან დღემდე ბევრი ვერაფერი შევცვალეთ და მივდივართ იქით, რომ ტყეების დეგრადაცია სწრაფ პროცესად იქცა. ამის შეჩერებას სჭირდება მკაცრი და ხისტი პოლიტიკა“, - აცხადებს გეთიაშვილი.

ჯერჯერობით მთავრობამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ სახელმწიფო ტყის ფონდისა და დაცულ ტერიტორიებში ხე-მცენარეების უკანონო მოჭრისთვის დაწესებული ადმინისტრაციული ჯარიმების ოდენობა მკვეთრად გაზარდა. პრალელურად მოხდება სამეურნეო იარაღებისა და მოპოვებული ხე-ტყის კონფისკაციაც.

სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების, ტყის სანერგეებსა და პლანტაციებში ნათესების ან ნერგების მოსპობა ან დაზიანება, რამაც შესაძლებელია მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვიოს, 500 ლარით დაჯარიმდება, ნაცვლად აქამდე არსებული 200-400 ლარის ჯარიმისა.

დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება 1500 ლარის ოდენობით ჯარიმას გამოიწვევს (ნაცვლად, 400-500 ლარამდე ჯარიმისა), ხოლო იგივე ქმედების ჩადენა სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, ანდა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, 2000 ლარით დაჯარიმდება, ნაცვლად 500-600 ლარამდე ჯარიმისა.

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სათანადო დოკუმენტების გარეშე ხე-ტყის დამზადება ან ლიცენზიის გარეშე სამონადირეო მეურნეობის მოწყობა 500 ლარის ნაცვლად, 1000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პირი 2000 ლარით დაჯარიმდება.