[მანანა ნოზაძე]
ჩრდილოკავკასიელებთან ჯოყოლასა და ზვიადაურის ძმადნაფიცობის მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდა, მსოფლიოს საწინააღმდეგოდ ამტკიცებდა, რომ შუმერი ხალხი ცოცხალია და მათი გენი ქართველებში ცოცხლობდა... მთის ხალხის დასარაზმავად, მთის სოფლების გადასარჩენად სვანეთის საზოგადოებაც დააარსა და, ცდილობდა, გაჭირვებასა თუ ტრადიციების დაცვაში უბრალო ხალხის გვერდით დამდგარიყო. თვითონაც უბრალო იყო, ამ რაინდული შემართების ადამიანს საქართველოზე დარდი ჩაჰყვა სამარეში.
დღეს ზურაბ ქაფიანიძეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ზურაბ ქაფიანიძე მართლაც სახალხო არტისტი გახლდათ, რომელსაც სიალალით გამოარჩევდით. მისთვის უცხო იყო ქედმაღლობა. გასაკვირი არაა, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მასზე იმდენად იმოქმედა, რომ 74 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა.
მსახიობი დიმა ჯაიანი პრესაგე.ტვ-სთან საუბრისას ზურაბ ქაფიანიძის უკანასკნელ დღეებს იხსენებს და აცხადებს, რომ 26 მაისის ტრაგედიამ გენიალური მსახიობის გარდაცვალება დააჩქარა.
„პირდაპირ გეუბნებით, 26 მაისს მომხდარმა დარბევამ ზურაბ ქაფიანიძეს სიკვდილი დაუჩქარა. ასეთი პატრიოტი კაცი მეორე არ დაიბადება საქართველოში, თხემით ტერფამდე სუფთა ქართველი იყო. ის გახლდათ ინტელიგენტიც, გლეხიც, თავადიც, მასში ყველაფერი ერთად იყო შერწყმული“.
მისი თქმით, ზურა ქაფიანიძე მისთვის უახლოესი ძმა იყო, რომელიც ისე შემორჩება მის მეხსიერებას, როგორც ერთი ალალი ბიჭი, სულიერი სისუფთავე ბოლომდე რომ შეინარჩუნა. დიმა ჯაიანს მეგობრის უკანასკნელი დღეების გახსენება ვთხოვეთ. გაირკვა, რომ ბოლოს ერთად ზესტაფონის რაიონს სწვევიან.
„ახლახანს ჩვენმა საერთო მეგობარმა რესტორანი გახსნა, სადაც თენგიზ არჩვაძემ და ზურაბ ქაფიანიძემ ბრწყინვალედ იმღერეს, მე კი ვიცეკვე. ზურამ ოთხი ჭიქა ღვინო მაინც დალია. ვუშლიდი, ნუ სვამ-თქო, როგორ შემიძლია არ დავლიო, არა გრცხვენია, რას მეუბნებიო?! მერე დიდი რაოდენობით კარაქი მოატანინა ოფიციანტს, ნახევარი კილო იქნებოდა, რადგან კუჭის ოპერაცია სამგზის ჰქონდა გაკეთებული და ფიქრობდა, კარაქი უხდებოდა მის ორგანიზმს. რესტორანში გენიალური პურ-მარილი დაგვახვედრეს და მიმტანმა ალალად უთხრა: ბატონო ზურა, მთელ იმერეთს მოგიტანთ, კარაქი ამ სუფრაზე უბრალო იქნებაო. ზურამ კი მიუგო: რა ვქნა, მე ზურაბ ქაფიანიძე შეიძლება კარაქს ვჭამდეო?“
დიმა ჯაიანის თქმით, ზურაბ ქაფიანიძე არა მარტო გენიალური მსახიობი, უგანათლებულესი კაცი იყო, რომელიც მართლაც დაკარგა სრულიად საქართველომ.
„შესაძლოა, სიტყვის თქმა მომიწიოს მის ცხედართან და ასეთნაირად მინდა დავიწყო, მისი პირველი ფილმი იყო „მიხა“, მიხეილ ჯავახიშვილის „მუსუსის“ მიხედვით. მას პარტნიორობას უწევდა სოხუმის თეატრის გენიალური მსახიობი მიშა ჩუბინიძე. ამ როლში იგი იყო ალალი ბიჭი, სოფლიდან ჩამოსული. რატომღაც მისი გმირი მაგონებდა ზურას სოფლიდან ჩამოსვლის დღეს. მართალია, ამას არ მოვსწრებივარ, ზურა ჩემზე უფროსი გახლდათ 14 წლით, მაგრამ მონაყოლით ხომ ვიცი, თუ როგორი ალალი ჩამოვიდა?! ბოლომდე ალალი დარჩა. თუ გახსოვთ, „ნერგებში“ რომ თამაშობს, ბაბუა და შვილიშვილი - რამაზ ჩხიკვაძე და მიშა მესხი მოდიან, ის კი ურემზეა შემოსკუპული და მღერის. ამ დროს მასში რამხელა სიალალე და კაცობაა, რაც მას ზემო რაჭიდან გამოყვა,“- იხსენებს დიმა ჯაიანი.
მართლაც, კინოში უარყოფითი გმირი არ უთამაშია. როცა ამ წელიწადნახევრის წინ მასთან ინტერვიუს ასაღებად მივედი, ვკითხე, თქვენგან შესრულებული უარყოფითი როლი რაღაც არ მახსენდება-თქო, მითხრა - უარყოფითი როლი არც მითამაშია, ასეთი როლები ქართველ მაყურებელს არ უყვარს. როცა ფილმში გადაღებას სიყვარულით იწყებ და ბოროტი კაცის გამომეტყველებაც არ გაქვს, სხვა როლს ვერც მოგცემენო. ეროვნულ სახეებს მთავაზობდნენ, რადგან მონაცემებით ეროვნულ კაცს ვგავდი. ამიტომაც მიმიღო აკაკი ხორავამ თეატრალურ ინსტიტუტში, რომ ქართველს ვგავდი, ხმა, აღნაგობა მქონდა და ეროვნული გმირის სახეები მიხდებოდაო.
წუხდა, ჩემს ფაქტორს ხალხურ დიპლომატიაში არ იყენებენ, რადგან სურთ, დაიქცეს საქართველო. არადა, ჩრდილოკავკასიელებთან კაცური დამოკიდებულება მაქვს, რა დამოკიდებლებაც იყო ჯოყოლასა და ზვიადაურს შორის. მე შემიძლია აფხაზეთთან და მთელ ჩრდილო კავკასიასთან ერთ თვეში ულამაზესი მეგობრობა დავამყარო. აფხაზებს ახლა რომ უჭირთ, მასე არასდროს გასჭირვებიათო.
მისთვის ქართული ტრადიციები წმიდათაწმიდა იყო. გულახდილად მითხრა, არ მიყვარს უცხოურ კინოებში ქალები ერთმანეთს კაცებს რომ „აწერენ“, ასეთი ადამიანები მაიმუნები არიან და მაიმუნობენო. ქართულ ოჯახში შემოხვედი და ღვინოც უნდა დამილიოო, - შემომთავაზა.
რატომღაც ბებია და ბაბუა გაიხსენა, რაჭაში ქაფიანიძეების სალოცავში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში მოსალოცად რომ დადიოდნენ. მოძღვარი თუ გყავთ-მეთქი და მიპასუხა: „მე არ მყავს მოძღვარი, ჩემი მოძღვარი ილია მეორეა. ჩემი რწმენა ყველა სალოცავია, ყველა სიწმინდის მწამს, პირჯვარს ვიწერ, სადაც ეკლესიაა. სხვათაშორის, ძეგლევში არის ერთი ასეთი სალოცავი -ორბა, სადაც ქალი არ შეიძლება ავიდეს. თუ რომელიმე მანდილოსანი იქ ასვლას მაინც გაბედავს, ჩათვალეთ, დაანგრევს იმ სოფელს, წვიმა და ქარიშხალი გარდაუვალია. ავიდა ერთხელ ქალი და მართლაც, ავად აუხდა სოფელს ეს წინასწარმეტყველება“.
ზურაბ ქაფიანიძე დავით აღმაშენებლის ან გიორგი ჭყონდიდელის როლის შესრულებაზე ოცნებობდა. ალბათ ივანე კოტორაშვილის განმასახიერებელს სხვა როლი არც მოუხდებოდა. თუმცა დავით აღმაშენებლის მსგავს ეროვნულ პიროვნებას ქართულ პოლიტიკაში ვერ ხედავდა.
„დავით აღმაშენებელი გენიოსი იყო, მაგრამ ქუთაისსა და თბილისში კი არ უძებნია ჭკვიანი კაცი, არამედ - სოფლებში. გიორგი ჭყონდიდელისა და დავით აღმაშენებლის ტანდემმა საქართველო გააბრწყინა“, -ბრძანა.
მახსოვს, 2009 წლის აპრილში პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს ზურაბ ქაფიანიძემ სიტყვით მიმართა, თუ ყველა პრეზიდენტმა წინა პრეზიდენტის ხალხი ამოჟლიტა, ხუთი პრეზიდენტის შემდეგ, საქართველო აღარც დარჩებაო.
უკვირდა იმ ქართველების, თანამემამულეებს სასტიკად რომ უსწორდებოდნენ.
„ჯერ იმ ქართველების მიკვირს, რანაირად გაზარდეს ასე მოკლე დროში, რომ თავისივე ქართველი დაარბიონ და წაქცეულს წიხლი ურტყან. სად გაიზარდნენ? რომელმა პრეზიდენტმა უნდა მიბრძანოს, ქართველი მოსპეო და შევასრულო?“ - კითულობდა იგი 7 ნოემბრის გახსენებისას.
უკვირდა პარლამენტში მყოფი იმ ქართველების, ასე რომ აუბედურებდნენ საქართველოს და კიდევ ამ მთავრობაში მოკალათებულიყვნენ.
„ნუთუ ასე ძვირფასია მათთვის თანამდებობა და ფული, რომ სამშობლო ფეხებზე ჰკიდიათ? ქართველებს უჭკვიანესი და ულამაზესი ხალხი გვყავს, მაგრამ ისინი არ არიან პოლიტიკაში, არ ლიდერობენ. მათ ხალხმა უნდა მიაკითხოს და სთხოვოს, მიხედონ საქართველოს. თუმცა უბედურება ისაა, ხალხმა არ იცის, ვინაა ჭკვიანი.“
ვუთხარი, ასეთ ადამიანებს თანამდებობაზე ყოფნის ამბიცია ნაკლებად ეძალებათ და თქვენ რომ მოგაკითხონ, დათანხმდებით ლიდერობას-თქო? არ დაუმალავს, სკამი არ მიყვარს, მაგრამ წინ თუ გავალ, ისევ საქართველოს საშველადო. ამის დასტურად 1999–2003 წლის მოწვევის პარლამენტში ყოფნა დაასახელა, რაც ისევ და ისევ საქართველოს ბედზე ზრუნვის გამო გადაწყვიტა. არც ის დამიმალა, ყველა ოპოზიციონერთან მივსულვარ, მინდოდა, მათ გუნდში ჩავმდგარიყავი, მაგრამ არ ისურვეს. მივხვდი, გულწრფელი, ერთგული, ეროვნული კაცი არ უნდოდათო.
ზურაბ ქაფიანიძის მართალი სიტყვა არავისთვის საწყენი არ იყო: გიორგი თარგამაძეს სამშობლოსთან ახლოს დგომისკენ მოუწოდებდა და შეახსენებდა, რომ მას აჭარიდანაც შეეძლო დიდი სიტყვის თქმა, თუმცა ასე არ მოხდა. შალვა ნათელაშვილს პარტიაში გოდერძი ჩოხელის მიწვევას უწონებდა, თუმცა წუხდა, რომ გოდეძი ჩოხელი მალე ამ პარტიის მიღმა აღმოჩნდა.
სიამოვნებით ყვებოდა ჩრდილოკავკასიაში „სტუმარ-მასპინძლის“ გადაღებისას გადამხდარ ინციდენტს, რომელიც კინაღამ მსხვერპლით დასრულდა.
ფილმის გადასაღები აპარატი, თავისი რუსი ოპერატორიანად, ქუჩის ერთ მხარეს იდგა, მეორე მხარეს კი თავად ზურაბ ქაფიანიძე. ამ დროს ცხენზე ამხედრებულმა ქისტმა გაიარა, თანამედროვე კოსტიუმზე ხანჯალი ჰქონდა შებმული. იქაურები წესრიგის მოყვარული ხალხია და ისიც მიხვდა, რომ ქუჩა დაკავებული იყო. ამიტომ ჩამოქვეითდა, რომ მათთვის ხელი არ შეეშალა. თუმცა კინოსტუდიის მესვეურებმა ქისტი ვერ შენიშნეს და არავის უთქვამს, ახლა შეგიძლიათ გაიაროთო. ქისტმა მოცდა ამჯობინა და ერთ ადგილას შეჩერდა. ამ დროს რუსმა ოპერატორმა მას დაუძახა - პრახადი, ნე ბოისიაო. ეს რომ გაიგო ქისტმა, გადაირია - რას ჰქვია, რისი უნდა შემეშინდესო და იშიშვლა ხანჯალი, გაექანა რუსისკენ. ამ ისტორიის გახსენებისას ზურაბ ქაფიანიძე სიხარულს ვერ მალავდა, კიდევ კარგი, დროულად გავქანდი და ქისტის დაჭერა შევძელი, თორემ სისხლი დაიღვრებოდაო.
ყველაფერ ამის შემყურე რუსს კი ვერაფრით გაეგო, მისკენ ხანჯალშემართული ქისტი რატომ მირბოდა.
რაც შეეხება შუმერების თემას, ანბანის ნიშნებისადმი დაინტერესება ბავშვობიდან აკვატებია. მე-10 კლასში ქართულის მასწავლებელს უთქვამს, უნდა იცოდეთ, რომ ყოველ ასო-ნიშანში შინაარსი დევსო. უყვარდა მასწავლებელი, მაგრამ მაინც გაუბედავს გაცინება, განა ასეთი რა შინაარსი უნდა იყოსო? მასწავლებელი გაბრაზდა და მას შემდეგ ზურაბსაც მისი ნათქვამი აეკვიატა. მოგვიანებით კი ურყევად სწამდა, რომ უძველესი ქართული ასომთავრული ანბანის ასო-ბგერა “ანი” მთვარის იეროგლიფი იყო, მით უფრო, რომ მთვარეს შუმერულად ერქვა „ანი“. ქართული ანბანის მეოთხე ასო-ნიშანი -”დონი” კი მზეს გამოხატავდა. ასე რომ, ზურაბ ქაფიანიძისთვის ჩვენი ანბანი მთვარით იწყებოდა, მზით გრძელდებოდა და მასში ასტრონომიულ, გეომეტრიულ და მათემატიკურ სიზუსტეს ხედავდა. აკი, არავის აპატიებდა დაეჭვებას მისთვის ჭეშმარიტებად მიჩნეულ საკითხში - რომ ქართველები შუმერების პირდაპირი შთამომავლები იყვნენ?!
„მთელმა მსოფლიომ იცის, რომ შუმერული ენა მკვდარია და ხალხი გადაშენებულია. ამ დროს კი ცოცხლები ვართ", - ეჭვმიუტანლად გეტყოდათ და ამ რწმენას სხვასაც გადასდებდა.