როგორი იქნება ქატიზმატული ლიდერის, მარტოდმარტო მეომრის - ნიკოლ ფაშინიანის შემდგომი ნაბიჯები, დაიწყებს თუ არა ის ყარაბაღისთვის ბრძოლას, დაშორდება თუ არა რუსულ ვექტორს და გააგრძელებს თუ არა თავისი მასწავლებლის ლევონ ტერ-პეტროსიანის კომპლიმენტარულ საგარეო პოლიტიკას?! ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ესაუბრა.
შემთხვევითი არ არის, რომ პირველი ოფიციალური ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი სწორედ ყარაბაღს ეწვია, იქაურ პრეზიდენტ ბაკო სააკიანთან ერთად ყარაბაღის ომში დაღუპულთა მემორიალი მოინახულა და ყარაბაღის თემაზეც გამოკვეთილად ისაუბრა. როგორ ფიქრობთ, რას აპირებს ფაშინიანი ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით? დარჩება სომხეთი პრორუსულ ორბიტაზე, თუ დასავლეთისკენ გადაიხრება ჩვენი სამხრეთელი მეზობლის ვექტორი?
- სხვათა შორის, უკრაინაში გამოვიდა ჩემი ბლოგი, რომელიც პოპულარობით სარგებლობს. ამ ბლოგში გუშინწინ ზუსტად სომხეთის პრობლემების შესახებ გავაკეთე ანალიზი, რომ, რა თქმა უნდა, სომხეთი დარჩება რუსეთის ორბიტაში, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ეს გამომდინარეობს იმ გეოსტრატეგიული გამოწვევებიდან, რომელიც დღეს სომხეთშია. მაგრამ აქ ერთი ნიუანსია, ფაშინიანმა შეიძლება შემოიტანოს კომპლიმენტარული საგარეო პოლიტიკის ელემენტები. სომხეთის პირველი პრეზიდენტი - ლევონ ტერ-პეტროსიანი, ფაქტობრივად, ატარებდა კომპლიმენტარულ საგარეო პოლიტიკურ კურსს. მართალია, სომხეთი მაშინაც რუსეთის არეალში იყო, მაგრამ ლევონ პეტროსიანი საკმაოდ მობილურად, კარგად მოქმედებდა დასავლეთის მიმართულებით და მაშინ გამოჩნდა ტერმინი „კომპლიმენტარული საგარეო პოლიტიკა“. ამ პოლიტიკას მერე შეეწირა პეტროსიანის პოლიტიკური კარიერა, რადგან 1998 წლის 2 თებერვალს სომხეთში მოხდა უსისხლო პოლიტიკური სამხედრო გადატრიალება, რომლის დროსაც ტერ-პეტროსიანი ჩამოაცილეს ხელისუფლებას და ხელისუფლებაში მოვიდნენ ყარაბაღის კლანის წარმომადგენლები, რომლებმაც გაამყარეს რუსული საგარეო პოლიტიკური ვექტორი.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნიკოლ ფაშინიანი არის ლევონ პეტროსიანის მოწაფე, მის ერთგულ ჯარისკაცად ითვლებოდა და პოლიტპატიმარიც იყო სერჟ სარგსიანის პერიოდში, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ფაშინიანი გააგრძელებს ლევონ ტერ-პეტროსიანის კომპლიმენტარულ საგარეო პოლიტიკურ კურსს. აქცენტი გაკეთდება რუსეთზე, მაგრამ რუსეთის მოკავშირეობა ერთგვარად დაბალანსდება დასავლეთთან და ჩინეთთან ურთიერთობის განვითარების კუთხით. მთლად ისე არ იქნება, როგორც სერჟ სარგსიანის დროს რუსეთის მიმართულებით იყო აღებული სომხეთის კურსი. ეს პირდაპირ განაცხადა კიდეც ფაშინიანმა, რომ მისი მოთხოვნა იქნება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, ურთიერთობის განვითარება ამერიკასა და ჩინეთთან. მიუხედავად იმისა, რომ მან აღნიშნა, ევრაზიულ კავშირში თანამშრომლობას გავაფართოებთ და არ გამოვალთ კოლექტიური უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაციიდანო, მან უკვე შემოიტანა ის, რომ კომპლიმენტარული საგარეო პოლიტიკის გამტარებელია. დაახლოებით ეს იქნება რბილი მოლდოვური ვარიანტი, ოღონდ, თუ მოლდოვა ევროკავშირსა და რუსეთს შორის არის გახლეჩილი და მოლდოვის დღევანდელი მთავრობა უფრო მეტად პროდასავლურია, ვიდრე პრორუსული, სომხეთში პირიქით მოხდება და ეს იქნება პროევრაზიული ქვეყანა, მაგრამ, გარკვეულწილად, სომხეთში შეტანილი იქნება პროევროკავშირის, პროევროპული ელემენტები.
ფაშინიანი პუტინისთვის საჩუქარი ნამდვილად არ არის, მაგრამ ის საჩუქარი არ არის არც ალიევისთვის, რომელიც აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა უსიტყვოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ეს თემა მოლაპარაკების საგანი არასდროს გახდება.
- ფაშინიანი გაცილებით უფრო რადიკალი იქნება ყარაბაღთან მიმართებით, ვიდრე ეს იყო ყარაბაღის კლანი. ესეც არის გამოწვევა პუტინისთვის, რადგან ფაშინიანმა შეიძლება კიდევ უფრო დაძაბოს სიტუაცია. როგორც ჩანს, თურქეთთან და აზერბაიჯანთან მიმართებით ფაშინიანის პოზიცია საკმაოდ მკაცრი იქნება. გამორიცხული არც ის არის, რომ ფაშინიანის მთავრობამ აღიაროს მთიანი ყარაბაღი, რაც არ გაუკეთებიათ სომხეთის წინა ხელისუფალთ.
ფაშინიანმა ყარაბაღთან მიმართებით ტერმინი „არწახიც“ სწორედ ამიტომ შემოაგდო და აღნიშნა კიდეც, რომ სომხური რევოლუციის შედეგი არწახის საერთაშორისო დე იურედ აღიარება იქნება. შეიძლება ველოდით ომს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის?
- მან შემოაგდო დაახლოებით ისეთივე სქემა, როგორიცაა ჟენევის ვარიანტში, რომ სომხებმა უნდა წარმოადგინონ მთიანი ყარაბაღი, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი და მოლაპარაკების მაგიდასთან დასვან ყარაბაღის მხარე. თუ ადრე მხოლოდ ორმხრივი ფორმატი არსებობდა სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით, ხოლო მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლები საერთოდ არ მონაწილეობდნენ ამ ფორმატში. როგორც ჩანს, ფაშინიანი ცდილობს, ჟენევის ფორმატის მსგავსად (როგორც ეს საქართველოში მოქმედებს), შემოიტანოს და დღის წესრიგში დანერგოს ყარაბაღი დამოუკიდებელ სუბიექტად. ამან შეიძლება გაართულოს სიტუაცია და გეოსტრატეგიული აშლილობაც გამოწვიოს რეგიონში.
რაც შეეხება ომს, როგორ გითხრათ, ანალიტიკოსები და საექსპერტო საზოგადოება ისედაც მოელოდნენ ყარაბაღში ომს ივნის-ივლისის თვეში და ეს ინდიკაციები კარგად ჩანდა. ახლა ომის საშიშროება კიდევ უფრო მაღალია. სხვათა შორის, ფაშინიანმა პირველად აიღო პროქართული მიმართულება, რაც სერჟ სარგსიანის დროს არ იგრძნობოდა. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან გაგდებულ იქნა, სარგსიანის მთავრობა ანტიქართულ სენტიმენტებს ატარებდა. სარგსიანი მიხეილ სააკაშვილის პირადი მოკავშირე და მეგობარიც იყო. ამიტომ, როცა მისი მეგობარი გააგდეს საქართველოდან, სარგსიანის პოლიტიკა ცოტა მკაცრი ჩანდა ჩვენთან მიმართებით.
ახლა კი ფაშინიანმა აიღო საქართველოსთან სტრატეგიული მეგობრობის კურსი, მან დააფიქსირა, რომ საქართველო სომხეთის მეგობარი ქვეყანაა და ჩვენ უნდა განვავითაროთ ურთიერთობები. მან ისიც აღიარა, რომ „ბაგრამიანის“ ბატალიონის მონაწილეობა აფხაზეთის კონფლიქტის დროს იყო შეცდომა. კარგი მესიჯები გამოგზავნა. ფაქტობრივად, ქართულ-სომხური ურთიერთობის ახალი დინამიკა დაიწყება. ჩვენ ხელიდან არ უნდა გავუშვათ ეს საშუალება, მაგრამ, მერე მხრივ, ფაშინიანი, როგორც ჩანს, რადიკალურ ქმედებაზე გადადის და ამ ეტაპზე აშკარად განავითარებს ყარაბაღის თემას.
ცხადია, თავიდან ფაშინიანი საგარეო პოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ ვითარებას ნაკლებად ფლობს, ამიტომ ყარაბაღის თემის ასე უცბად შემოტანა, შეიძლება აზერბაიჯანმაც გამოიყენოს, წინა წლებში მიღწეული მოლაპარაკებები განულდეს და ამან გამოიწვიოს სამხედრო ოპერაცია მთიან ყარაბაღში.
ასეთ სიტუაციაში საქართველო ვერ იმოქმედებს რუსეთის მსგავსად, რომელიც ორივე მხარეს-სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც აწვდის იარაღს. არჩევანის გაკეთება მოგვიწევს, აზერბაიჯანს მივემხროთ, თუ სომხეთს?
- ამ ურთიერთობების დაბალანსება აუცილებელია. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და არავის არ უნდა ავუბათ მხარი. აზერბაიჯანთან ჩვენ გაგვაჩნია ენერგოუსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკის მიმართულებით ინტერესი, სომხეთთან კი გვაქვს უსაფრთხოების საკითხი. ცხადია, სომხეთს უფრო სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს სომხეთი, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოსაც სჭირდება სომხეთი, რადგან ჩვენთან საკმაოდ დიდი სომხური უმცირესობაა. ამიტომ პოზიტიური ნეიტრალიტეტის დონეზე დაბალანსებული პოლიტიკა გვჭირდება აზერბაიჯანთან და სომხეთთან მიმართებით. ჩვენ შეიძლება ვიყოთ მედიატორები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
სხვათა შორის, სააკაშვილი საკმაოდ უცნაურად იქცეოდა. ის ჯერ პროსომხურ პოლიტიკას აწარმოებდა, მაგრამ, ამავე დროს, ავითარებდა პროაზერბაიჯანულ ურთიერთობებს და რადიკალურ ნაბიჯებზეც მიდიოდა. სააკაშვილი სარგსიანს იყენებდა მოსკოვთან და კრემლთან კავშირების გამყარების მიზნით. სწორედ ვანო მერაბიშვილი იყო პრორუსული ვექტორის გამტარებელი. ამის რეალური მტკიცებულებაა, რომ მერაბიშვილი ლევან მაისურაძის ფალსიფიცირებული პასპორტით გარბოდა სომხეთში. ისიც საინტერესოა, რატომ გარბოდა მერაბიშვილი სომხეთში და არ გარბოდა პოლონეთში ან საფრანგეთში?
სხვათა შორის, ფაშინიანს სააკაშვილსაც ადარებენ. თქვენ თუ გრჩებათ ასეთი შთაბეჭდილება და, კლასიკური ფორმით, ეს ნამდვილად იყო სომხური რევოლუცია?
- სააკაშვილთან ფაშინიანს არავითარი კავშირი არ აქვს. ფაშინიანი იყო მხოლოდ ერთი მეომარი, ხოლო ვარდების ე.წ. რევოლუცია, ანუ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა არა სააკაშვილმა, არამედ იქ იყო ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძის ფაქტორიც. ეს ორი განსხვავებული მოდელია. ჟვანია და ბურჯანაძე რომ არ ყოფილიყვნენ, სააკაშვილი ვერაფერს გახდებოდა და მისი ხმა იქნებოდა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. სომხეთის რევოლუცია კი ფაშინიანის, ამ ერთი მეომრის, ქარიზმატული პიროვნების დამსახურებაა. პლუს დამსახურებაა იმის, რომ სარგსიანმა მოატყუა სომეხი მოსახლეობა. ფაშინიანი არ დათანხმდა სარგსიანის წინადადებას, წასულიყო მოლაპარაკებაზე და თუნდაც გარიგებაზე. სააკაშვილი კი, პირიქით, წავიდა გარიგებაზე.
თუკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებდა მეორე ადგილს, სააკაშვილი თანახმა იყო, შეეწყვიტა ყოველგვარი საპროტესტო გამოსვლები. უბრალოდ, ედუარდ შევარდნაძემ შეცდომა დაუშვა, რომ გადადგა და დაკარგა კბილების სიმაგრე, თორემ შევარდნაძე რომ დათანხმებულიყო სააკაშვილის წინადადებას, ე.წ. ვარდების რევოლუცია საერთოდ არ მოხდებოდა. სულ მცირე, მარტო ამაშიც განსხვავებაა სააკაშვილსა და ფაშინიანს შორის.
რაც შეეხება სომხეთში მიმდინარე პროცესებს, ეს ნამდვილად იყო სომხური რევოლუცია, რადგან სომხებმა არ შეარჩინეს სარგსიანს პოლიტიკური ტყუილი.
გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა კვლავაც დარჩება სომხეთში?
- გიუმრის ბაზა დარჩება და რუსეთი კარგა ხნის მანძილზე არ გაიყვანს ამ ბაზას. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვიცით, რომ კუბის ტერიტორიაზე, ფიდელ კასტროს ანტიამერიკული რეჟიმის პერიოდშიც კი, ამერიკელებს ჰქონდათ გუანტანამოს იმხელა ბაზა, რომელიც მეოთხედ კუბას მოიცავდა. კუბისა და სომხეთის შედარება შეუძლებელია თუნდაც იმის გამო, რომ სომხეთი რჩება რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირედ და არსად გარბის. უბრალოდ, ფაშინიანს შემოაქვს კომპლიმენტარული საგარეო პოლიტიკის ელემენტები.
ფაშინიანიც ხომ არ გაიზიარებს ლევონ ტერ-პეტროსიანის ბედს?
- არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, ფაშინიანი გაიზიარებს თუ არა ლევონ ტერ-პეტროსიანის ბედს, მაგრამ ამ ეტაპზე სომხეთს სჭირდება რუსეთი. უბრალოდ, ევროკავშირისა და ამერიკული ელემენტები შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს სომხეთში.