„მომხმარებლების მიმართ რეპრესიულმა სადამსჯელო მიდგომამ შედეგი ვერ გამოიღო“

„მომხმარებლების მიმართ რეპრესიულმა სადამსჯელო მიდგომამ შედეგი ვერ გამოიღო“

თუკი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხმარებას წაახალისებს, ამ შემთხვევაში რეფორმას შს სამინისტრო მხარს არ დაუჭერეს. გიორგი გახარიას უწყება ისეთი ნარკოპოლიტიკის გატარებას ითხოვს, რომელიც არ წაახალისებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას. შს სამინისტრომ საკუთარი მოსაზრებები წარადგინა უწყებათაშორის კომისიაში, რომელიც იუსტიციის სამინისტროში არის შექმნილი.

როგორც უწყებაში ამბობენ, შსს-ს მიერ წარდგენილი პროექტი მოხმარებასთან დაკავშირებით საკმაოდ ჰუმანურ მიდგომებს ითვალისწინებს. for.ge-სთან საუბრისას ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი აცხადებს, რომ მომხმარებელთან და არა რეალიზატორთან მიმართებაში ჰუმანურ მიდგომების ითვალისწინებს ის კანონპროექტი, რომელიც თითქმის ერთი წელია პარლამენტშია ინიცირებული.

for.ge დავით ოთიაშვილს ესაუბრა.

მმართველი გუნდი მხარს არ უჭერს ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზებას. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ მკაცრმა ნარკოპოლიტიკამ შედეგი არ მისცა სახელმწიფოს. სად არის გამოსავალი, რომ კანონი მორგებული იყოს როგორც მომხმარებელზე, ასევე სახელმწიფოზე?

დავით ოთიაშვილი: ჩემთვის გაუგებარია რატომ არის ნახმარი ტერმინი - ლეგალიზაცია იმ კანონპროექტთან მიმართებაში, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. როგორც ამ კანონპროექტის ერთ-ერთი თანაავტორი, შემიძლია გითხრათ, რომ ახლოს არ არის რაიმე სახის ლეგალიზაციასთან. კანონპროექტში საუბრობს იმაზე, რომ დიახ, მომხმარებლების მიმართ რეპრესიულმა სადამსჯელო მიდგომამ შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ ჩვენ უნდა შევცვალოთ მიდგომა იმ ადამიანების მიმართ, ვინც მოიხმარს.

და არ არის ჩართული უკანონო გასაღებაში?

- გამსაღებლების მიმართ კანონი რჩება მკაცრი. ნებისმიერი ოდენობის გასაღება ძალიან მკაცრად იქნება დასჯადი, ისევე როგორც ეს ხდება დღეს. რის ცვლილებასაც კანონპროექტი სთავაზობს, არის ის ადამიანები, ვინც არ ვაჭრობენ და მოხმარების გამო პრობლემების წინაშე დგაგან. ამ ადამიანებს ნაცვლად დასჯისა და ციხეში გამომწყვდევისა, შევთავაზოთ დახმარება არსებული პრობლემების გადაჭრაში. აი, ამაზეა მთელი კანონპროექტი. იმისათვის, რომ დახმარების აღმოჩენა შეძლონ სპეციალისტებმა, კანონმა და პოლიციამ უნდა მისცეს მათ შესაძლებლობა, რომ მომხმარებელი ციხეში კი არ გამოკეტოს ბევრი წლით, არამედ მოხვდეს იქ, სადაც მას დაეხმარებიან. იმისათვის, რომ ამის გაკეთება მოხერხდეს რამდენიმე კანონში უნდა შევიდეს ცვლილება და მათ შორის ერთ-ერთი კრიტიკული ცვლილება გახლავთ ის, რომ სისხლის სამართლის კოდექსში უნდა გაუქმდეს მუხლი, რომელიც ამბობს, რომ მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში უნდა ჩა   სვა.

როგორ ფიქრობთ, რატომ არის ამდაგვარი ცვლილება დაკავშირებული ვითომ ლეგალიზაციასთან?

- ჩემთვის გაუგებარია. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგად კოორდინირებული პროპაგანდის ნაწილი, როდესაც კანონპროექტის და ცვლილებების მოწინააღმდეგეები ვერ ახერხებენ შინაარსობრივად რაიმე რაციონალური არგუმენტი წარადგინონ ამ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ და ამიტომ იძულებული არიან მიმართონ კანონპროექტის ავტორთა და მხარდაჭერთა დისკრედიტაციას. აბრალებენ მათ დილერებთან კავშირს, იმას, რომ ლეგალიზაცია აქვთ ჩაფიქრებული, რომ ვახალისებთ მოხმარებას და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდის ნაწილი და სიმართლესთან არაფერი საერთო არ აქვს.

თუკი, მოხდება დეკრიმინალიზაციას, ფიქრობთ, რომ ეს იქნება პრობლემიდან გამოსავალი?

- დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოსავალი იქნება. ყველაფერი სხვა, რაც აქამდე გაკეთდა, აღმოჩნდა არაეფექტური. ამიტომ, ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, არ ვცადოთ ის, რაც გააკეთა ცივილიზებულმა და განვითარებული სამყაროს უდიდესმა ნაწილმა და რა მიმართულებითაც მიიღო დადებითი და კარგი შედეგი. რატომ არ უნდა გავაკეთოთ იგივე იმ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნარკოვითარება გვაქვს და გამოსავალი არ ჩანს.

არ მესმის, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ის, რომ ადამიანი ციხის ნაცვლად გავუშვათ სპეციალისტთან, ვინც მას დაეხმარება. ვიმეორებ, გამსაღებლის მიმართ ყველა მკაცრი პოლიტიკა შენარჩუნებული იქნება. მომხმარებლის მიმართ ვცვლით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. სხვა დანარჩენი შეზღუდვები, ადმინისტარციული სანქციები, უფლებების და პროფესიონალური შეზღუდვა, ფულადი ჯარიმები და სხვა ზომები ძალაში რჩება.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ალბათ, არის სააფთიაქო ქსელები, სადაც ფსიქოტროპული წამლების გაყიდვა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ხდება და განსაკუთრებით ახალგაზრდებზე. ამ მიმართულებით არ არის არანაირი შეზღუდვა. გასაგებია, რომ მომხმარებელი არ უნდა დაიჭირო და ციხის ნაცვლად, მას უნდა უმკურნალო, მაგრამ ეს მიმართულებაც ითხოვს ყურადღებას, რადგან სააფთიაქო ქსელი არანაკლებ საშიშია, ვიდრე იგივე რეალიზატორი...

- გეთანხმებით. აქ პირდაპირ იკვეთება სახელმწიფოს და სამართალდამცავი სტრუქტურების როლი. ერთი მხრივ კანონმდებლობის დახვეწა ამ მიმართულებით და მეორე მხრივ - აღსრულების დახვეწის. აქ ნამდვილად მნიშვნელოვანი უნდა იყოს სახელმწიფოს ქმედებები. მით უმეტეს ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს აფთიაქები ასე ღიად კანონდარღვევით ვერ იმოქმედებენ, რომ არ იყვნენ ვიღაცის მფარველობის ქვეშ. ბუნებრივია, მე ამის დამადასტურებელი ფაქტები არ მაქვს, მაგრამ ვითარება ნადვილად გაფიქრებინებს, რომ აქ არსებობს რაღაცა სისტემა, რომელიც ამას უშვებს და მფარველობს.

როდესაც ვსუბრობთ დეკრიმინალიზაციის აუცილებლობაზე, პარალელურად, დეკრიმინალიზაციის ნებისმიერი ფორმის მიუღებლობაზე საუბრობს საზოგადოება და ითხოვენ რეფერენდუმის ჩატარებას, რომ ხმათა უმრავლესობით გადაწყდეს ეს საკითხი. ქართული საზოგადოება არის მზად ამ ნაბიჯისთვის? ფსიქოლოგები ამბობენ, რომ არ არის ქვეყანა მზად ამ ცვლილებისთვის და მით უმეტეს ახალგაზრდა თაობა. დეკრიმინალიზაციას რამდენად ახლავს ის პრობლემა რაც გამოიწვევს მოხმარების წახალისებას, როგორც ეს მარიხუანას შემთხვევაში მოხდა?

- მე არ მჯერა იმისა, რომ ვიღაცა არ არის მზად. მაშინ, ჩვენ არაფრისთვის არ ვართ მზად, არც ევროპისთვის და არც ნატოსთვის. ეს არის პირადი მოსაზრებები და შთაბეჭდილებები ცალკე აღებული ადამიანების. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, გეთანხმებით, რომ აქაც იყო სახელმწიფოს ვალდებულება, რომ სწორად მიეტანა საზოგადოებამდე ინფორმაცია თუ რა მოხდა.

არც ერთი განმარტება არ გაკეთებულა, არ მომხდარა სწორი ინფორმაციის მიწოდება საზოაგდოებამდე და ნამდვილად, ადამიანების ნაწილმა არასწორად აღიქვა, რომ ამ პრეპარატის მოხმარება თავისუფლად შეიძლებოდა. როდესაც ხდება ასეთი ფრაგმენტული ცვლილებები, იქნება ეს საკონსტიტუციო თუ რომელიმე ფრაგმენტული კანონპროექტი, ყოველთვის გვექნება საქმე იმასთან, რომ რაღაცას არ გაითვალისწინებენ, ვიღაცა არასწორად გაიგებს და ა.შ.

ზუსტად ამის საპირისპიროდ, კომპლექსურია ჩვენი კანონპროექტი. არის ერთობლიობა, როგორც საკანონმდებლო ცვლილებებისა, აგრეთვე, ყველა იმ სირევისის და ინტერვენციის, რომელიც სახელმწიფომ უნდა გაატაროს, დაწყებული პირველადი პრევენციიდან სკოლებში, სადაც ახალგაზრდებს უნდა ასწავლონ რა საფრთხეებია მოხმარებასთან დაკავშირებული და ასევე, სერვისების განვითარება, რომელიც იმ ადამიანებს დაეხმარება, ვისაც უკვე აქვს პრობლემები.