„როდესაც უფროსი თაობის პათეტიკურ ღირებულებებს ძალა ეკარგება, მის ადგილს ზერელე პროგრესიზმი იკავებს“

„როდესაც უფროსი თაობის პათეტიკურ ღირებულებებს ძალა ეკარგება, მის ადგილს ზერელე პროგრესიზმი იკავებს“

ორი კვირის ვადაში უნდა მომზადდეს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი - ასეთია ხელისუფლების პასუხი აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც პარლამენტის წინ 12 მაისს, კლუბ „ბასიანსა“ და კლუბ „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ და ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას ითხოვდნენ.

ორდღიანი საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ დაიშალა, რაც აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მივიდა შს მინისტრი, გიორგი გახარია და თბილისის მერი კახა კალაძე. გიორგი გახარიამ ბოდიში საჯაროდ მოიხადა და ასევე, აქციის მონაწილეებსაც მოუწოდა მოეხადათ ბოდიში იმ სამართალდამცველებისთვის, რომლებსაც შეურაცხყოფა მიაყენეს, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამაზე უარი განუცხადეს.

აქციის მონაწილეებმა მინისტრისგან დაპირება მიიღეს, რომ დეტალურად განიხილავდნენ პარასკევი დღის ყოველ წუთს და ყველა ის ადამიანი, რომელზეც ერთობლივად შეთანხმდებიან, რომ უფლება დაირღვა, იქნება უფლებააღდგენილი. ასევე მინისტრმა მისცა პირობა, რომ კონკრეტულ შედეგებს მიაღწევენ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. „თეთრი ხმაურის“ მოძრაობამ შს მინისტრს დანაპირების შესასრულებლად ერთკვირიან ვადა მისცა და პირობის დარღვევის შემთხვევაში, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქციის გამართვა დააანონსა.

„თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებული აქციას, კონტრაქციით უპასუხეს „ქართული მარშის“ ლიდერებმა, რაც რუსეთაველის გამზირზე დაპირისპირების მიზეზი გახდა. ისინი სამართალდამცველებს თავიანთი მოვალეობების შესრულების საშუალებას არ აძლევდნენ. კონტრაქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მისვლას ცდილობენ. დაპირისპირების მიუხედავად, პოლიციამ „ქართულ მარშს“ აქციის წევრებთან მიახლოების საშუალება არ მისცა. მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის გამზირზე ორივე აქცია დაიშალა, „ქართული მარშის“ წევრები აცხადებენ, რომ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს სწორედ აქ აღნიშნავენ.

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადების გახლეჩის მცდელობა.

„ყველა მხარეს, ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა აზრის გამოხატვისას დაპირისპირება არის ყოვლად დაუშვებელი, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება, რომელიც გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დაიწყო რეიდით თუ სპეცოპერაციით და შემდეგაც გრძელდებოდა.

„რანაირად შეიძლება მოვახერხოთ, რომ რამდენიმე საათში სამოქალაქო დაპირისპირების ასეთ ზენიტამდე მივიდეთ, დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ბუნებრივია, ამ კითხვის ნიშნებს სჭირდება ძალიან პირდაპირი პასუხები. რანაირად შეიძლება რამდენიმე საათში მოვახერხოთ, რომ მივიდეთ იმ წერტილამდე, რომ კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოვჩნდით?“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე რომ რეალური იყო, ამის შესახებ საუბრობენ ანალიტიკოსები. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ დამთავრდა ხელისუფლების ნირვანა და ცხადია, რომ ამ ჯინს უკან ვეღარ ჩააბრუნებენ.

„ხელისუფლებას ეგონა, რომ აპათიაში ჩავარდნილი საზოგადოება და მიწასთან გასწორებული ოპოზიცია მათი მშვიდი ცხოვრების პირობა იყო. ვინ გაუხსნა ხელ-ფეხი ნარკოტიკების გავრცელებას?! ვისი პირმშო და წახალისებულია სანდრო ბრეგაძე, მარშელები და მათნაირები?! ხომ თანამშრომლობდა „თეთრ ხმაურთან“ ხელისუფლების გარკვეული ნაწილი?! ნაირ-ნაირ, მართულ ნაციონალისტურ თუ ფსევდოლიბერალურ ჯგუფებს რომ ახალისებდა ხელისუფლების სხვადასხვა ჯგუფები, მათი გემოვნებისა თუ მიზნების შესაბამისად და ეგონათ, რომ მათი მართვის სადავეები ხელიდან არ გაექცეოდათ, გაექცათ თუ არა?!“, - წერს სოციალურ ქსელში ხათუნა ლაგაზიძე.

მისი თქმით, გიორგი გახარიას ქმედებამ იმედი გააჩინა, რომ ხელისუფლებაში ჯერ კიდევ არის შერჩენილი საღი აზრი და ადამიანები, რომლებსაც ყოფნით სითამამე საკუთარ ხალხთან პირისპირ ურთიერთობის. ამ რესურსსაც ნუ გაფანტავთ.

„ხომ გეგონათ, რომ ქაოსით ქვეყნის და საზოგადოების მართვა იოლი იყო - ჰოდა ახლა კეთილი ინებეთ და გააკეთეთ ყველაფერი, რომ 1 - კატეგორიულად გამორიცხოთ სამოქალაქო დაპირისპირება; 2 - სასწრაფოდ აღკვეთოთ პატრიოტულ ლოზუნგებს ამოფარებული რუსული აგენტურის თარეში, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი ყველა ღონეს იხმარს, რომ საქართველოში დაიწყოს ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაცია; 3 - რეალური ბრძოლა გამოუცხადეთ ნარკომაფიას - დაიჭირეთ მფარველები; 4 - დააწყნარეთ სიტუაცია და დაიწყეთ დიალოგი საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან. საზოგადოება ყოველთვის მზად არის ეთანამშრომლოს ხელისუფლებას, როცა საქმე მის და სახელმწიფოს ინტერესებს ეხება“, - წერს ხათუნა ლაგაზიძე.

პატრიოტულ ლოზუნგებს ამოფარებულ რუსული აგენტურაზე საუბრობს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი. for.ge-ს კითხვაზე, რა მიზანი აქვთ ამ აქციის ორგანიზატორებს, რა საერთო აქვს მათ პროტესტს თავისუფლებასთან და იკვეთება თუ არა როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში რუსული კვალი, ფილოსოფოსი აცხადებს, რომ ერთი რამ მტკიცებას არ მოითხოვს. კერძოდ, რუსული პოლიტიკა გამოიყენებს ნებისმიერ იმპულსს, რომელიც კი ჩვენს სივრცეზე გაჩნდება.

„რუს სტრატეგოსებს უკვე დიდი ხანია, იმედი ამოეწურათ (და ამაზე ისინი ხშირად წერენ დაუფარავად), რომ ჩვენში შეუძლიათ შექმნან და გააძლიერონ პრორუსული სენტიმენტების მქონე ძლიერი და სოლიდური პოლიტიკური პარტია და აღარც ცდილობენ ამას. ყოველი მცდელობა, საბოლოოდ, რუსული სამყაროდან თავის დაღწევის ნებას ეჯახება. ამ ნების გაძლიერებას კი თავადვე შეუწყვეს ხელი. რუსული გამოთქმაა: „ისე იქცევა, როგორც დათვი დუქანში“ - სწორედ ასე იქცევიან.

ამიტომაც გამოკვეთილად პრორუსული სენტიმენტების მქონე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ჩვენში არსებობენ, ამ ეტაპზე, უმალ, ცრუ სამიზნეს წარმოადგენენ. თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ ოდესმე მათ შეიძლება რეალური პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინონ. ამჯერად ეს ჰგავს მცდელობას, ჩვენი ყურადღება მათზე იქნას გადატანილი და შეუმჩნეველი დაგვრჩეს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი და შორეული პერსპექტივის მქონე გარემოებები“, - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.

მისი თქმით, ერთ-ერთი იარაღი, რომლითაც რუსეთი მისგან გაქცეულ ქვეყნებზე ზემოქმედებას ცდილობს, ნარკოტიკები გახლავთ და ამის გამოცდილება, ფირალიშვილის განცხადებით, ბალტიისპირელებმა ჩვენზე ადრე შეიძინეს.

„ნარკომანია, მით უმეტეს, როდესაც ის „იდეოლოგიურად გამართულ“ სახეს იღებს, ექსტრემისტული ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებასთან ერთად, საუკეთესო საშუალებაა საიმისოდ, რომ რუსული სამყაროდან გაქცეულები დაარწმუნო, თუ რა საშინელ სამყაროში აღმოჩდნენ, რომ მათ არა მხოლოდ სულიერი განადგურება ელით, არამედ ფიზიკურიც. ამიტომაც ხშირად ვსვამ კითხვას: მავანთა ექსტრემისტული ყაიდის (თანაც, გულახდილად რომ ვთქვათ, ნაკლებად წიგნიერი) „ლიბერალიზმი და პოლიტკორექტულობა“ ვის წისქვილზე ასხამს წყალს?

ახლა გაიხსენეთ ცხრა აპრილის მემორიალზე მოცეკვავე გოგონას ხატება, სოციალურ ქსელებში რომ გავრცელდა. შეიქმნა ეროვნულ სიწმინდეთა შებღალვის სურათი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს სპონტანურად მოხდა, მაგრამ ამას ახლა არა აქვს მნიშვნელობა. თუ ეს არ მოხდებოდა, მოხდებოდა რაიმე სხვა რამ. ამან უკვე მეორე და, მე თუ მკითხავთ, უფრო საშიში და თანაც აგრესიული ხელის - ულტრანაციონალიზმის გამოღვიძება და მისთვის ენერგიის მიცემა განაპირობა (ავსულ ორი ხელი აქვსო, ნათქვამია). საბოლოოდ, რუსთაველზე ვნახეთ ერთი სხეულის ორი ხელის როკვა, რომელშიც სრულიად გულწრფელი ახალგაზრდული ენერგია იქნა ჩათრეული“, - აცხადებს ფილოსოფოსი.

როგორც ფირალიშვილი აცხადებს, რომ არა მემორიალზე ცეკვა, ულტრანაციონალისტების გამოსვლას არ ექნებოდა ასეთი რეზონანსი და მთავრობის სასახლის წინ გამოსულთა აქცია ორ-სამ დღეში უმტკივნეულოდ დაიშლებოდა.

„მისმა მესვეურებმა ვერ ახსნეს და ჯერაც ვერ ხსნიან, თუ რა არის მათი მიზანი. აბსტრაქტული საუბარი თავისუფლებაზე უმალ სექსუალურ თავისუფლებისა და ნარკოტიკების თავისუფალი მოხმარების იდეებზე დადიოდა. ისიც თანდათან ცხადი ხდებოდა, რომ მავანი და მავანი ამ ახალგაზრდების მეშვეობით ნარკოტიკების თავისუფალი გავრცელების სივრცის შექმნას ცდილობდა და ცდილობს, სადაც პოლიციას შესვლა აღკვეთილი ექნება.

აქცია იოლად ჩამთავრდებოდა ისე, რომ მხოლოდ „ამას რას გვიშვება დასავლეთის“ კვალს დატოვებდა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ თუ არა გოგონას მემორიალზე ცეკვა, რაღაც სხვა მსგავსი აუცილებლად მოხდებოდა.

ახლა იმის შესახებ, თუ, ჩემი აზრით, რამ გამოიწვია ეს მოვლენები და რა როლი მიგვიძღვის ამაში თავად ჩვენ - საგარეო მტრული პოლიტიკა ვერც ვერაფერს შეძლებდა საქართველოში, აქ რომ ნაყოფიერი ნიადაგი არ ხვდებოდეს ჩვენი ზერელობისა და ემოციურობის სახით.

ნებისმიერ ცოცხალ კულტურაში არსებობს ალტერნატიული კულტურის მატარებელი ჯგუფები. ხიფათი იწყება მაშინ, როდესაც ეს ალტერნატივა რევოლუციის ენაზე იწყებს ლაპარაკს და სიტუაციის მონოპოლიზებას ცდილობს. მაშინ იქცევა ის გემრიელ ლუკმად ჰიბრიდული ომის მესვეურთათვის. სხვა მხრივ კი ალტერნატიული კულტურა თავად ტრადიციულისათვის არის აუცილებელი, რათა მკვდარი ფორმების არსებობა აღიაროს და თავიდან მოიშოროს. ამ თვალსაზრისით ახალგაზრდულ მოძრაობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

 ამ დღეებში ისიც დავინახეთ, რომ როდესაც უფროსი თაობის პათეტიკურ ღირებულებებს ძალა ეკარგებათ, მის ადგილს ზერელე და ყურმოკრული პროგრესიზმი იკავებს, ნარკომანია ადამიანის განვითარების გზა და პროგრესის ნიშანი რომ ჰგონია. გაიხსენეთ, რა შესთავაზა წინა დღეებში ახალგაზრდებს უფროსმა თაობამ: უჰაერო სივრცე - სტალინური ესთეტიკით დადგმული პარტიული ყრილობა თავისი ხშირი და ხანგძლივი ოვაციებით. უფროსი თაობისათვის ამან შეიძლება ნაკლებად შესამჩნევად ჩაიარა.

ახალგაზრდები კი ძალზე მგრძნობიარეები არიან ცხოვრების მკვდარი ფორმების მიმართ, თუნდაც ვერ გამოხატავდნენ ამას. რას სთავაზობდა მას მართლმადიდებელი ეკლესიის, სამწუხაროდ, ბევრი წარმომადგენელი ბოლო ორი-სამი ათწლეულის განმავლობაში? რას და ქრისტეს სახელით დადგმულ ისევ და ისევ სტალინური ესთეტიკით გაჯერებულ ეთნოგრაფიულ სპექტაკლებს თავისი პრორუსული საკმაზით. ის ხედავს უსაქმურ მამაკაცებს, რომლებიც ცოლებს უცხოეთში საშოვარზე უშვებენ, ხოლო თავის სიზარმაცეს ხელისუფლების უვარგისობით ამართლებენ.

ხედავს შემოსავლიან ბიზნესად ქცეულ მათხოვრობას, აგრესიულ და მოძალადე უმეცრებას, ხედავს იმას, რომ იმის ნაცვლად, უფროსმა თაობამ ქვეყნის მშენებლობას მიხედოს - თუნდაც საკუთარი ოჯახისა თუ მიწის ნაკვეთის მოვლის სახით, დასავლეთს უყურებს ხელებში და თავსაც ამადლის; ხედავს პოლიტიკოსებს, რომლებმაც დიდი ხანია, ზნეობრივი საზღვრის გაგება დაკარგეს, მოკლედ, უფროს თაობას, რომელსაც ვერა და ვერ აუწყვია ცხოვრება ზნეობისა და გონების კანონებით და ა.შ. ჩვენთვის შეიძლება ყოველივე ეს ერთეული შემთხვევები იყოს, ახალგაზრდული მაქსიმალიზმისათვის კი ჩვენი ცხოვრების წესია, რომლისგანაც გაქცევა უნდათ“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილი.

მისი თქმით,თუ ამ მოვლენებში რუსული კვალია, ეს კვალი ცარიელ ნიადაგზე არ გაჩენილა.

„მათ სახელმწიფო მანქანაში კი, დამიჯერეთ, არიან ადამიანები, ვისაც ხელეწიფება ჩვენი ქვეყნის სოციალ-ფსიქოლოგიური და კულტუროლოგიური პორტრეტის შექმნა და ამ უკანასკნელის მეშვეობით სტრატეგიის განსაზღვრა. მოდით, ახლა დაგასწრებთ და მე თავადვე დავსვამ კითხვას: რა შეიძლება ამ ვითარებაში ჩვენ, უფროსმა თაობამ გავაკეთოთ? ძალიან ზოგადად რომ ვთქვა, ჩვენ უნდა გავიაზროთ. გარდა სრულიად მიუღებელი მხარეებისა (რომელიც ჩვენმა მტრებმა შეიძლება გამოიყენონ), რა პოზიტიური იმპულსებია ამ მოძრაობაში და ჩვენივე განახლებისათვის მივმართოთ. თუ ამას შევძლებთ, ჰიბრიდული ომის სტრატეგოსებსაც გამოვაცლით ხელიდან იარაღს და ჩვენც დავიძრებით ადგილიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი პროცესები გაგრძელდება და მკვდარი ფორმების მიმართ ირაციონალურმა პროცესებმა სავალალო შედეგები შეიძლება იქონიოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილმა.

რუსულ ინტერესსზე საუბრობს ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, საქართველოს გარშემო ბევრი მტერ-მოყვარეა ისეთი, რომელიც ისურვებდა საქართველოში ამ სახის დესტაბილიზაციას. მისი თქმით, როცა საქმე ეხება ნარკოტიკებით ვაჭრობას, ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ მეტოქე ქვეყანა სპეციალურად უხსნის კარებს ასეთ ფაქტებს და შენი გენოფონდის დაზარალებისთვის, შემცირებისთვის უშვებს ნარკოტიკებს ქვეყანაში.

„რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის დაამკვიდროს აზრი, რომ დასავლეთი არის ცუდი და ამ აზრის დამკვიდრებისთვის იყენებს დასავლეთის ცხოვრების ისეთ მომენტებს, რომელიც თვითინ დასავლეთისთვის შეიძლება წამყვანი არ არის, მაგრამ პროპაგანდისთვის გამოდგება - როგორიცაა ერთსქესიანთა ქორწინება, ნარკომანიასთან დამოკიდებულება და ა.შ. რაც საბჭოთა ქვეყნებში ასე მკაცრად იყო ტაბუდადებული.

რუსეთის წისქვილზე უნებლიე წყლის დასხმა იყო ის, რაც მოხდა რუსთაველზე. ვერ გეტყვით, რომ გეგმას რუსეთი ადგენს, მაგრამ შედეგით შეიძლება მან ისარგებლოს. ასეთივე უნებლიე წყლის დასხმა იყო ისიც, რომ პრაქტიკულად უმართავი პროცესები წამოიწყო კლუბების მხარდაჭერებმა ქალაქის ცენტრში, 9 აპრილის მემორიალთან დაკავშირებით არაერთგზის ითქვა და კეთდება განცხადება - ეს არის ევროპა?

ანუ, ევროპული ღირებულებების დაცვით თელავ თავისუფლებისთვის მებრძოლთა მემორიალს და ხსოვნას. გამოდის, რომ იმაზე მუშაობ, ვისი მიზეზით დაიდგა ეს მემორიალი. განჩდა მეორე მხარე, რომელიც მზად იყო მუშტი-კრივით შეწინააღმდეგებოდა ამ ჯგუფს. საბედინიეროდ პროცესები არ წავიდა დაპირისპირებამდე. მაგრამ შედეგად მივიღეთ, რუსეთის წისქვილზე უნებლიე წყლის დასხმა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.