ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა... საქართველოში ტურისტები

ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა... საქართველოში ტურისტები

[ეკა ბაქრაძე]

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პრეზიდენტი და მთავრობა წელს საქართველოში 3 მლნ ტურისტზე მეტს „შემოიყვანს“. ოფიციალურ მონაცემებს თუ დავუჯერებთ, წლიდან წლამდე საქართველოში ტურისტების რაოდენობა მთელი 1 მილიონით მატულობს. ასეთი ტემპით 2015 წლისთვის (ბოლო დროს პრეზიდენტს სწორედ ამ თარიღზე აქვს სწორება) ჩვენს სამშობლოს 7-8 მილიონი ტურისტი მოინახულებს.

მიხეილ სააკაშვილის პრესპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, 2011 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს სამოგზაუროდ 1 108 914 ტურისტი ეწვია, რაც 2010 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს 45 პროცენტით აღემატება. რადგანაც მთელი საზღვაო სეზონი წინ არის, საშემოდგომოდ ღვინის ტურებიც იგეგმება, ხოლო საახალწლოდ დიდი მისვლა-მოსვლაა, აქედანვე ჩანს, რომ ხელისუფლება მისსავე გეგმას (3 მლნ ტურისტი 2011 წელს), „გადაჭარბებით შეასრულებს“.

„სულ 3 მილიონი ტურისტის ჩამოსვლას ვვარაუდობთ. ჩვენ არ ვაცხადებთ, რომ ყველა სასტუმროში გაჩერდება, მესმის, რომ სასტუმროების რაოდენობა მათ მისაღებად ჯერ კიდევ არ არის საკმარისი. ამ კუთხით მნიშვნელოვანი სამუშაოები ტარდება.  ინფრასტრუქტურა ბოლომდე არ არის მოწესრიგებული, განსაკუთრებით საგზაო. ამიტომ გზების რეაბილიტაცია წარმატებით მიმდინარეობს“, - აცხადებს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ბექა ჯაყელი.

სააგენტოს ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ აქამდე საქართველოს დასვენების მიზნით 32 პროცენტი ტურისტი ეწვია. 22 პროცენტი საქმიანი პროფესიული მიზნითაა ჩამოსული, ხოლო მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად - 25 პროცენტი.  ამასთან, ტურისტების 46 პროცენტი ჩერდება სასტუმროებში, 33 პროცენტი - ნათესავებთან. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ორგანიზებული ტურების რიცხვიც.

ეტსპერტთა ერთი ნაწილი ოფიციალურ მონაცემებს ეთანხმება, ნაწილი კი თვლის, რომ მონაცემები გაბერილი და არეალურია. 

ეკონომიკის ექსპერტ ლევან კალანდაძეს საქართველოში ბოლო 6 თვის განმავლობაში შემოსულ ტურისტებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ დასახელებული რიცხვის სისწორეში ეჭვი არ ეპარება.

„არავითარი საფუძველი არ მაქვს ეჭვი შევიტანო ამ ინფორმაციის სისწორეში. მიმაჩნია, რომ სრულიად შესაძლებელია, ის ციფრები, რომელიც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დაასახელა, რეალური იყოს. ამის ერთ-ერთ დამადასტურებელია ტურისტების მაღალი რიცხვის გავლენა ქვეყანაში ინფლაციურ პროცესების გაღრმავებაზე.

ტურისტების  რაოდენობის ზრდა პირდაპირ აისახება ინფლაციის მაჩვენებელზე, ეს მაჩვენებელი კი საქართველოში სახარბიელო ნამდვილად არ გვაქვს. შეგახსენებთ, რომ მაისის მონაცემებით, ინფლაცია 14 პროცენტზე მეტი იყო, ანუ ტურისტების რაოდენობის ასახვა ინფლაციური პროცესების გაღრმავებასთან მიმართებაში, ნამდვიულად ფიქსირდება. აქედან გამომდინარე, როგორც ხედავთ, გარკვეული ლოგიკა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, არსებობს.

ყველა არარეზიდენტი პირი, ვინც საქართველოში საქმიანი მიზნებისთვის შემოდის, მიიჩნევა ტურისტად. ცხადია, რომ ეს ადამიანები საქართველოში ფულს ხარჯავენ, ეს იქნება სასტუმროს, კვების თუ გადაადგილების ხარჯები, შესაბამისად, ისინი ტურისტები არიან”, - თვლის კალანდაძე.

უშუალოდ ტურიზმის სფეროს ექსპერტის მარინა მეტრეველის აზრით კი, ვერც ერთი კომპონენტით საქართველოში 2-3 მილიონი ტურისტი ვერ შემოვა.

„საქართველოსთვის 3 მილიონი ტურისტის მასპინძლობა წარმოუდგენელია. დეკლარირებულ ციფრებში დიდია უზუსტობა. ვერც ერთი კომპონენტით საქართველოში 2-3 მილიონი ტურისტი ვერ შემოვა.  ინფორმაციას ვიზიტორების რაოდენობის შესახებ საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან იღებენ. მეთოდიკა არ არსებობს დათვლის და ამიტომ გვთავაზობენ გადაჭარბებულ ციფრებს.

წელს 3 მილიონი ტურისტი რომ მივიღოთ, წარმოიდგინეთ, რა დონის ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მზად. ჩვენი ქვეყნისთვის ფიზიკურად ასეთი დატვირთვა წარმოუდგენელია. ტურისტული ინფრასტრუქტურის ასე დაუგეგმავად მშენებლობა და რაოდენობის ზრდაზე გათვლა შეცდომაა. ინფრატსრუქტურის მშენებლობა მისასალმებელია, მაგრამ ტურისტების მიმართ სწორი სტრატეგიაა შესამუშავებელი, რაც დარგს განავითარებს”, - განმარტავს მარინა მეტრეველი.