„ვერავინ ვერ შეზღუდავს შსს-ს მოქმედების არეალს, წერტილი!“

„ვერავინ ვერ შეზღუდავს შსს-ს მოქმედების არეალს, წერტილი!“

ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით აქვთ ერთგვაროვანი პოზიცია - სახელმწიფო უნდა ებრძოლოს ნარკოტიკების რეალიზატორებს. ამ შედეგით დასრულდა შს მინისტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა. გარდა ამისა, შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი, ერთი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით იმუშავებს, მეორე - 12 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფოს აქვს რამდენიმე სერიოზული ფორმატი ჩამოყალიბებული ნარკოპოლიტიკის განვითარებასთან მიმართებაში და ეს იქნება ხიდი, სადაც მოისმენენ კოლეგების აზრს, რათა შეძლონ უფრო სწრაფად გაეცეს პასუხები იმ კითხვებს, რომლებიც არსებობს.

გიორგი გახარიას განმარტებით, ღამის კლუბებში შესვლა პოლიციამ ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შემთხვევების გახშირებისა და კლუბებში რეალიზაციის ფაქტების დადასტურების შემდეგ გადაწყვიტა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო ორ კვირაში ღამის კლუბების ტერიტორიიდან, საავადმყოფოებში მოქალაქეების გადაყვანის 48 ფაქტი დაფიქსირდა, რის გამოც სპეცოპერაცია შსს-მ უშუალოდ ღამის კლუბებშიც ჩაატარა.

გარდა ორი კლუბისა, ძალოვანი მინისტრი არ აკონკრეტებს იმ კლუბების სახელებს, სადაც პოლიციის ინფორმაციით ნარკოტიკული საშუალება იყიდება. თუმცა, მინისტრის განცხადებით, როდესაც შსს-ს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ შეზღუდავს შსს-ს მოქმედების არეალს.

მინისტრის განცხადებით, უწყებას ჰქონდა 20 საკონტროლო შესყიდვა, რომელიც განხორციელდა კლუბების ტერიტორიაზე და ასევე, როგორც შს მინისტრი ამბობს, ბოლო პერიოდში კლუბებში განსაკუთრებით გაიზარდა სასწრაფო დახმარებების გამოძახება. არსებული ინფორმაციით, ძალოვან უწყებას უკვე აქვს ოპერატიული ვიდეომასალა, რომლითაც ასევე დასტურდება თბილისის რამდენიმე კლუბში ნარკოტიკების გაყიდვის ფაქტი. თუმცა, რომელ კლუბში და როდის ჩატარდება ნარკოდილერების წინააღმდეგ მორიგი სპეცოპრეცია ჯერჯერობით უცნობია. მაგრამ ცნობილია, რომ ნარკოდილების წინააღმდეგ სახელმწიფოს პოზიცია იქნება მკაცრი და ამ პოზიციის შეცვლას ხელისუფლება არ გეგმავს.

„როდესაც შსს-ს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ შეზღუდავს შსს-ს მოქმედების არეალს, წერტილი! რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მზად ვართ განვიხილოთ ყველა საკითხი და კითხვის ნიშანი, რომელიც არსებობს, დავპირდი სტუმრებს, რომ მათთან ერთად დეტალურად განვიხილავთ, იყო თუ არა უფლებამოსილების გადამეტება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აღნისანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, ომბუდსმენის აპარატში 12 მაისის ღამეს პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შს მინისტრის შეხვედრას ესწრებოდა, გახარიასგან მიიღო დაპირება, რომ უწყება ომბუდსმენის აპარატს 12 მაისს, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველ ვიდეო მასალას გადასცემს. მისი თქმით, შს მინისტრმა შეხვედრაზე თქვა, რომ გადაცდომა იყო მოქალაქეთა მხრიდან, რომლებიც სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რასაც როგორც მინისტრი ამბობს, მათი დაკავება მოჰყვა.

„შევთავაზე ორგანიზატორებს, რომ ყველა საჩივარი იყოს შემოტანილი სახალხო დამცველთან და ჩვენ ყველა სარჩელს შევისწავლით. შსს-მ გამოთქვა მზაობა, რომ ვიდეო კადრებს გადმოგვცემს და გვექნება შესაძლებლობა ვნახოთ და დავადგინოთ ყველაფერი. ამ კადრებში არის როგორც სპეცოპერაციის მიმდინარეობა ასევე აქციის მონაწილეების დაკავება.

ორივე მხარე თანხმდება, აქვთ ერთგვაროვანი პოზიცია, რომ სახელმწიფომ უნდა იბრძოლოს ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, შეთანხმდნენ ორ რამეზე, პირველ რიგში შეიქმნება ორი სახის ჯგუფი ერთი იმუშავებს კანონპროექტზე, რომელიც დაკავშირებული იქნება ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი ამბობს, რომ შსს-სა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრე აქციის მონაწილეებს შორის შეხვედრები უფრო ფართო ფორმატში გაგრძელდება. წიქარიშვილი შს მინისტრს ულტიმატუმს უყენებს. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუკი შეატყვეს, რომ თანამშრომლობის ფორმატმა არ გაამართლა, ისევ აქციაზე გადაინაცვლებენ.

„მიგვაქვს გზავნილი, რომ არ ვაპირებთ არც ერთ დათმობაზე წასვლას. ჩვენ გუშინდელი დროებითი დაშლა იყო კომპორომისი, თუმცა საჭირო, დანარჩენი კი ერთად შეთანხმდება. ხვალ იქნება ის დღე, როცა დეტალურად განვიხილავთ 12 მაისის ღამეს. წინასწარი შეთანხმება ასეთი იყო და ზუსტ დროს ველოდებით.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის საკითხს, პრინციპული წინააღმდეგობა იყო სრულიად ყურით მოთრეულ მიზეზზე, თითქოს ნარკორეალიზაციას ვინმე აპრავებს ამ ქვეყანაში. ეს სიმართლე არ არის. რეალიზატორების მიმართ ბრძოლა არის ლეგიტიმური, თუმცა მომხმარებლები არ უნდა დავსაჯოთ. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა და დღეს ეს მესიჯი გაისმა“, - აღნიშნა ბექა წიქარიშვილმა.

მიუხედავად მოლაპარაკებებისა, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელს, დავით სუბელიანს არ აქვს მოლოდინი, რომ სამინისტრო მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს. მისი თქმით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ განუცხადებია, რომ ნარკოპოლიტიკის ძირეულ რეფორმას აპირებს.

„ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მინისტრის აქვს ხედვა, რომ ის მოხმარებისა და ფლობის ნაწილში ცვლილებებს განახორციელებს, ამაზე ვისაუბრეთ და ვთანხმდებით, რომ რეალიზაცია ქვეყანაში იქნება დასჯადი. ეს არც არის კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს წარმოდგენილ კანონპროექტშიც მკაცრად ისჯება. თუმცა არანაირი განცდა არ მაქვს და არც ინფორმაცია, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებს მივიღებთ.

შს სამინისტრო არ არის ადგილი, სადაც ნარკოპოლიტიკაზე უნდა საუბრობდნენ. გაკვრით ვახსენეთ, რომელ კანონპროექტზე იქნებოდა საუბარი და ზუსტი პასუხი ვერ მივიღეთ რომელ კანონპროექტზე გაკეთდებოდა აქცენტი. გვითხრეს რაიმეთი დავიწყოთ საუბარი, შევხედოთ, დავილაპარაკოთ. მე არ მაქვს განცდა, რომ რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებზე წამოვა შსს“,- განაცხადა დავით სუბელიანმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ასეთი ძალადობრივი შოუების დადგმით შსს ცდილობს დაფაროს თავისი არაკომპეტენტურობა და უმოქმედობა. დეპუტატი ამბობს, რომ შსს ნარკორეალიზატორთა მიმართ ბრძოლაში არაეფექტურია და ამბობს, რომ 12 მაისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობს, სწორედ ამიტომ „ევროპული საქართველო“ შს მინისტრს პარლამენტში იბარებს.

„საპარლამენტო უმრავლესობა, რომ იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური გუნდი და არა ივანიშვილის ხუშტურების მიხედვით მოქმედი, მაშინ პირველ რიგში ის უნდა იბარებდეს შს მინისტრს და საჯარო მოსმენაზე პასუხს უნდა სთხოვდეს, თუ რამ გამოიწვია მოქალაქეების მიმართ ასეთი ძალადობა პარასკევს საღამოს ან რატომ მართავს სუს და შსს ძალადობრივ, პრორუსულ, ფაშისტურ ჯგუფებს“, -განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ბრალდება მიუღებელია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისთვის. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა უფრო ადრე უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ამბობს, საკანონმდებლო ორგანოს ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტზე დაჩქარებულად მოუწევს მუშაობა.

„ჩემი აზრით უფრო ადრე უნდა დასრულებულიყო ამ რეფორმაზე მუშაობა. ვინაიდან აზრთა სხვადასხვაობის გამო გაჭიანურდა ეს რეფორმა და საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ახალგაზრდებში, ბუნებრივია ჩვენ მოგვიწევს ძალიან ფორსირებულად და დაჩქარებულად ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა. ვფიქრობ, პარლამენტის წევრების უმრავლესობა გაიაზრებს იმ პროცესების მნიშვნელობას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა და შესაბამისად დროულად დაუჭერს მხარს“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.