რა პრობლემებს შეუქმნის მუშაობის ნებართვა თურქეთში დასაქმებულ ქართველებს?

რა პრობლემებს შეუქმნის მუშაობის ნებართვა თურქეთში დასაქმებულ ქართველებს?

თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის ქართველები მუშაობის ნებართვას მარტივად მიიღებენ. ამის შესახებ განკარგულება უკვე გამოცემულია და სეზონური სამუშაოს მსურველები წელსვე შეძლებენ სარგებლობას. თუმცა, დასაქმებულთა აზრით, ეს მათთვის დამატებითი ბიუროკრატია და პრობლემაა, რადგან აქამდე ისინი ყოველგვარი ნებართვის გარეშე კვეთდნენ საზღვარს. გამორიცხული არ არის, მათ გადასახადის გადახდაც მოუწიოთ ან დამსაქმებელმა გამოუქვითოს ნებართვისთვის საჭირო თანხა, რომელიც თურქეთის ელჩის თქმით, „ძალიან მაღალი არ იქნება“.

აღსანიშნავია, რომ ახალი განკარგულებით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი ქართველები მუშაობის ნებართვის გარეშე ერთი წლის განმავლობაში, 90 დღით შეძლებენ გაჩერებას. თუმცა, ეს წესი მხოლოდ ზოგიერთ ოლქში, კერძოდ, სამსუნის, ორდუს, გირესუნის, ტრაპიზონის, რიზესა და ართვინის გუბერნიებში იმოქმედებს.

თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფატმა სერენ იაზგანმა განაცხადა, რომ თურქეთის სურვილია, საქართველოდან სეზონურ სამუშაოზე წასული ადამიანები კანონით იყვნენ დაცულები და მათი სამუშაო რეგისტრირებული იყოს.

„შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული რეგულაციები ძალაში შარშანაც იყო, თუმცა წელს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დაინტერესებულია თურქეთში სეზონური დასაქმებით უფრო მეტად გავხადოთ ინფორმირებული მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ და უფრო ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ ზემოთხსენებული რეგულაციების შესახებ“, - ამბობს ელჩი და განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სეზონურ სამუშაოებზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე იქნა მიღებული, დასაქმების მსურველების რეგისტრაციით კი ისინი სოციალურ უსაფრთხოებასა და შრომითი უფლებების მიმართულებით გარანტიებს მიიღებენ.

დასაქმების მსურველთა მიერ სამუშაო ნებართვის მიღება სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე მარტივი აპლიკაციის შევსებით იქნება შესაძლებელი, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ფინანსურ ხარჯებს კი დამსაქმებელი უზრუნველყოფს. ელჩი ჯერჯერობით გადასახადის ზუსტ ოდენობას ვერ ასახელებს, თუმცა ადასტურებს, რომ იგი ძალიან მაღალი არ იქნება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტის მისაღებად, სეზონურ სამუშაოებზე მომუშავე საქართველოს მოქალაქე უნდა შევიდეს თურქეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საერთაშორისო შრომის გენერალური დირექტორატის გვერდზე და ელექტრონულ ფორმატში შეავსოს განცხადება.

„განცხადების საფუძველზე, შემდგომში რაიონის გამგეობის მიერ მას მიეცემა „მუშაობის ნებართვისაგან გათავისუფლების დოკუმენტი“, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ზემოაღნიშნულ სეზონურ სამუშაოებზე (ჩაი-თხილი), დასაქმებულთა მიერ პროცედურების შესრულების შემთხვევაში დაცული იქნება საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებები.

თურქეთში, ჩაის კრეფის სეზონზე, საქართველოდან უამრავი ადამიანი გადადის, მათ შორის არასრულწლოვნებიც არიან. უსახსრობის მიზეზით არაერთ მოზარდს უწევს სწავლაზე უარის თქმა.

მოზარდები სკოლიდან გამოდიან, თურქეთში მიდიან და იქ საარსებო წყაროსთვის შრომობენ. არასრულწლოვნები ძირითადად აჭარიდან, სამეგრელოდან და გურიიდან მიდიან.

მოზარდები ამბობენ, რომ ჩაის საკრეფად დილის 06:00 საათზე გადიან და საღამოს 6-7 საათამდე უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა. ვისაც მშობელი არ მიჰყვება, სხვა სრულწლოვანზე გრძელვადიან მინდობილობას აკეთებენ და დედ-მამის გარეშეც დადიან. ჩაის საკრეფად წასული სკოლის მოსწავლეები გაკვეთილებს ერთი თვე აცდენენ.