კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ მმართველმა გუნდმა უნდა აღიაროს, რომ პარტიის შიგნით არის დაპირისპირება და ივანიშვილი დაბრუნდა იმიტომ, რომ ეს დაპირისპირება როგორღაც მოაგვაროს. მისი თქმით, როდესაც ყრილობამდე განსაზღვრული იყო და არავის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა, ეს უკვე აღარ არის ევროპული ტიპი.
for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ევროპული ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბების პროცესს სათავეში ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა და ეს საუკეთესო გარანტიაა იმისათვის, რომ მიზანი სრულფასოვნად იქნას მიღწეული. ბატონო ვახტანგ, როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების ცვლილებიდან 7 წლის შემდეგ საუბარი იმაზე, რომ ახლა იწყებს ევროპული ტიპის პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას და ამიტომ დაბრუნდა ივანიშვილი, დაგვიანებული არ არის?
ვახტანგ ძაბირაძე: ახალი ტიპის პარტიის შექმნას ივანიშვილის დაბრუნებასთან კავშირი არ აქვს. უნდა აღიარონ, რომ პარტიის შიგნით არის დაპირისპირება და ივანიშვილი დაბრუნდა იმიტომ, რომ ეს დაპირისპირება როგორღაც მოაგვაროს. მესმის, რომ კარგი არ არის ასეთი ტიპის განცხადების გაკეთება. ამიტომ, ჯობია ვილაპარაკოთ არა დაპირისპირებაზე, არამედ იმაზე როგორი ახალი ტიპის პარტია იქნება. თუმცა აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ იქნება ევროპული ტიპის პარტია. როდესაც ყრილობამდე განსაზღვრული იყო და არავის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა, ეს უკვე აღარ არის ევროპული ტიპი.
თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ევროპული ტიპის პარტია, მაშინ როდესაც ხელისუფლება, არა თუ შიგნით პარტიაში, არამედ გარე ოპოზიციასთანაც დაპირისპირებაში არის?
- ევროპული ტიპის პარტიები ნიშნავს შიდა პარტიული დემოკრატილი სტუქტურების განვითარებას. მგონია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ეს განცხადება, უბრალოდ არის სიტყვების თამაში იმისათვის, რომ რეალურად არ მოუწიოთ აღიარება იმისა, რომ პარტიაში არის დაპირისპირება. ამის საპირისპიროდ გაკეთდა განცხადება, რომ ვაკეთებთ ევროპული ტიპის პარტიას. თქვენც ნახავთ და საზოგადოებაც, რომ არანაირ ევროპული ტიპის პარტიას არ მივიღებთ „ქართული ოცნებიდან“. ისეთივე ტიპის პარტია იქნება, როგორიც არის დანარჩენები. ერთადერთი ასეთი დაპირისპირება, რასაც ახლა აქვს ადგილი პარტიის შიგნით, მართლა აღარ იქნება.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მეორედ შემოსვლა დროში ემთხვევა მმართველ გუნდში მიმდინარე დაპირისპირებას. მაგრამ იმ მასშტაბის არის ეს დაპირისპირება, რომ აუცილებელი იყო ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა? ფაქტია, რომ მმართველ გუნდში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, რაც შემდეგ დაპირსიპრების მიზეზი ხდება და ერთ-ერთი არის ნარკოლიბერალიზაციის თემა, რაც მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზი უკვე გახდა...
- ნარკოპოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა და და ა.შ. ამ შინაარსის არ იყო დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“. დაპირისპირება იყო ასეთ თემაზე - რომელი გუნდი იქნება წამყვანი. ძალაუფლებისთვის მიდიოდა ბრძოლა და არა იმ კუთხით, ვის რა შეხედულება აქვს მიმდინარე პროცესებზე. ამ საკითხებზე რომ ყოფილიყო დაპირისპირება, ეს ძალიან მშვიდად და კარგად მოგვარდებოდა. მაგრამ აქ დაპირისპირება მიდიოდა იმაზე, ვის ხელში იქნებოდა პარტიული ძალა-უფლება.
ივანიშვილის დაბრუნებამ რა მოლოდინი შექმნა, ვის ხელში გადავა გავლენა?
- როცა ვამბობ სიტყვას ძალაუფლებას, ვგულისხმობ იმას, რომ ბრძოლა იყო იმაზე პარტიაში ვინ იქნებოდა პირველი ვეზირი. ანუ, ივანიშვილი მაინც მოიაზრებოდა პარტიის უფროსად და ვინ იქნებოდა ივანიშვილის კართან პირველი ვეზირი, უნდოდათ ეს საკითხი პარტიის შიგნით გადაეწყვიტათ და როგორც გადაწყვეტილება ისე მისულიყო ივანიშვილთან. მაგრამ ახლა, როდესაც ივანიშვილი პარტიაში დაბრუნდა, ის თავად გადაწყვეტს ვის დანიშნავს პირველ ვეზირად. ხედავთ რა განსხვავებაც არის. ამიტომ, შიგნით ბრძოლას უკვე აზრი არ აქვს. ამიტომ, დაპირისპირება, რომელიც იყო „ქართულ ოცნებაში“ არ იქნება. რა თქმა უნდა, გარკვეული დროის განმავლობაში, სანამ ივანიშვილი არ დანიშნავს თავის პირველ ვეზირს, შეიძლება ორი პირველი ვეზირიც აირჩიოს, არ ვიცი რა ნაბიჯებს გადადგამს... დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თუმცა, ფაქტია, რომ აზრთა სხვადასხვაობა პარტიაში ნამდვილად უნდა იყოს.
გასაგებია, რომ აზრთა სხვადასხვაობა პარტიაში ნამდვილად უნდა იყოს, მაგრამ „ქართულ ოცნება“ არის დემოკრატიული პარტია. „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ შეიმჩნეოდა ავტორიტარული მმართველობა, რაც აისახა კიდეც ქვეყნის მმართველობაში. იგრძნობა იგივე პრობლემა დღევანდელ მმართველ პარტიაში?
- დემოკრატია იქნება მაშინ, თუ პარტიის იერარქიები იქნება არჩევითობით და არა დანიშვნებით. ყველა პარტიას ჰქონდა ავტორიტარიზმის პრობლემა და ამიტომაც ყველა პარტია წავიდა იმ გზით, რა გზითაც წავიდა „ნაციონალური მოძრაობა“. როდესაც შიდა დემოკრატია არ არის პარტიაში, ის პარტია იშლება.
ჯერ ერთი, დემოკრატიულ პარტიაშიც არის პრობლემები და როდესაც დემოკრატიული ნიშნები არ არის, ის ჯგუფი, რომელიც ძალაუფლების მიღმა რჩება, ურჩევნია პარტიიდან გავიდეს და ახალი პარტია შექმნას, ვიდრე მუდმივად მეორე ხარისხოვან ფიგურად დარჩეს პარტიაში - როგორც „ევროპულმა საქართველომ“ გააკეთა. არაპირდაპირ, მაგრამ მაინც ითქვა, რომ ვინც ვიყავით „ქართული ოცნება“ ეს ჩვენ ვართ და არა ისინი, ვინც შემდეგ მოვიდა პარტიაშიო. ეს პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, ვის ჰქონდა მოთხოვნილება ემართა „ქართული ოცნება“.
ვინ იყო ის ჯგუფი, რომელიც ცდილობდა გავლენის მოპოვებას „ოცნების“ ჯგუფში? ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ უმრავლესობაში თითქოსდა ჩაცხრა პროცესები, სახეები, რომლებიც სკანდალური განცხადებებით გამოირჩეოდნენ და გარეთ გამოჰქონდათ ინფორმაცია, დღეს საერთოდ არ ჩანან. მაგრამ ძველი და ახალი სახეების თემა ისევ არის აქტუალური. ძველი სახეები თვლიან, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ივანიშვილი, რასაც არ იზიარებენ პარტიის ახალი სახეები. ახალი კონსტიტუციით ივანიშვილი თავისი გავლენით არის მისაღები კანდიდატი?
- ბიძინა ივანიშვილი თავისი გავლენიდან და პოლიტიკური წონიდან გამომდინარე, ასევე, რა გავლენა აქვს თავად „ქართულ ოცნებაში“ და შემდეგ საზოგადოებაში, ჩემი აზრით არც პარტიის თავმჯდომარე უნდა იყოს და არც პრეზიდენტი. ის უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ სრულიად გამართულ სახელმწიფო ეფექტს. არსებულ ვითარებაში, როდესაც პარტიის თავმჯდომარეა, ძალიან გავს კომუნისტურ მმართველობას, როდესაც ქვეყანაში პროცებს პოლიტბიურო განაგებდა.
თუკი კენჭს პრეზიდენტად იყრის, მაშინ რეალუარდ საპრეზიდენტო მმართველობა იქნება, დეიურე იქნება საპარლამენტო მმართველობა. არც ერთი ვარგა და არც მეორე. ამიტომ, ასეთი გავლენის პოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს იქ, სადაც მისი ადგილი არის. თუ ის პოლიტიკაში ბრუნდება, მისი ადგილი არის პრემიერის სავარძელი. ნებისმიერ სხვა ადგილზე ივანიშვილის გამოჩენას მივყავართ კომუნისტური მმართველობის მიმართულებით.
აგვისტოს დასაწყისში „ქართულ ოცნება“ დაასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატს. „თავისუფალი დემოკრატების“ და „ახალი მემარჯვენეების“ სახელით იყრის კენჭს გიორგი მარგველაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარე გამორიცხავს იმის შანსს, რომ მეორე ადგილზე გავიდეს მარგველაშვილი. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რამდენად გაუჭირდება „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება, ივანიშვილის ფაქტს ექნება დღესაც გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორც სხვა წინა არჩევნებში?
- ახლაც იგივე ვითარება არის. თუ ოპოზიცია ვერ შეჯერდება ერთ კანდიდატზე, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“. ივანიშვილის ფაქტორი აქ საკმაოდ მნიშვნელოვანია, ერთადერთი ფიგურაა ქართულ სინამდვილეში, რომელსაც პოლიტიკური კაპიტალი გააჩნია. რაც მთავარია, აქვს იმის რესურსი, რომ ეს პოლიტიკური კაპიტალი გაზარდოს. პრემიერობიდან წასვლის შემდეგ, გარკვეულწილად დაკარგა პოლიტიკური კაპიტალი, მაგრამ თუ ვინმეს აქვს დღეს იმის რესურსი, რომ ისევ დააბრუნოს პოლიტიკური კაპიტალი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.
და არა „ქართული ოცნება“?
- არა, რა თქმა უნდა. „ქართულ ოცნებაში“ ჯერჯერობით ვერ ვხედავ ისეთ ფიგურებს, რომლებსაც შეიძლება საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი გააჩნდეთ. ამიტომ, ამ სიტუაციაში, ივანიშვილის ფაქტორს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს არის ერთი მხარე და მეორე მხარე გახლავთ ის, რომ ფაქტიურად არ არსებობს ოპოზიცია. თუნდაც NDI-ის ბოლო გამოკითხვა რომ ავიღოთ, 26% ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, 8% „ნაციონალურ მოძრაობას“ და 4% ჯამურად ოპოზიციას.
ამიტომ, ჩემი აზრით ოპოზიციას წარმატების მისაღწევად ერთადერთი გზა აქვს - შეჯერება უნდა შეძლონ ერთ კანდიდატზე. ასეთ შემთხვევაში რაღაცა წარმატების მიღწევა შეუძლიათ. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ვერ მიიღებს იმაზე მეტს, ვიდრე მთელი პარტია. ჯერჯერობით ზრდის რესურსი და ნეიტრალური ამომრჩევლის თავისკენ გადაყვანის შანსი ამ პარტიებს არ აქვთ.
რაც შეეხება მარგველაშვილს, ჩემი აზრით, სწორედ, რომ ერთ-ერთი ის კანდიდატია, რომელსაც შეუძლია ოპოზიციური ამომრჩევლის გაერთიანება. თუ თეორიულად წარმოვიდგენთ, რომ ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ საკუთარი კანდიდატის წამოყენებაზე და ამბობენ, რომ ჩვენ არ გვყავს ჩენი კანდიდატი, მაგრამ მხარს ვუჭერთ მარგველაშვილსო, მაშინ მარგველაშვილი შეძლებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს მმართველი გუნდის კანდიდატს.
ჩემი აზრით, მეორე ასეთი კანდიდატი, ვისაც ოპოზიციური ამომრჩევლის გაერთიანების რესურსი აქვს, არის დავით უსუფაშვილი. სხვა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრიდან ვერ ვხედავ ისეთ კანდიდატს, რომელსაც ხმას მისცემს როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ამომრჩეველი.
რამდენად არსებობს მეორე ტურის ალბათობა?
- ასეთ ვარიანტში, თუ ამ ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი ოპოზიციური ფრთის მიერ იქნა დასახელებული, მაშინ მეორე ტური რეალურია. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მეორე ტური არ იქნება.