საქართველოში უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემა რთულდება. ამის მიზეზი ისაა, რომ გაიზარდა არალეგალების რიცხვი. გარდა ამისა, გახშირდა კანონის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შემთხვევები. უცხოელებზე ბინადრობის ნებართვებთან დაკავშირებით კანონში ცვლილება შევა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ახალი ცვლილებები უცხოელებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურაში სიახლეებს ითვალისწინებს და მათი შემუშავების მიზეზი, უცხო ქვეყნის ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან არსებული რეგულაციების არაკეთილსინდისიერად გამოყენება გახლავთ.
„არის შემთხვევები, როდესაც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი ფორმალურად ითხოვს თავშესაფარს და პარალელურად ცდილობს ბინადრობის ნებართვის მიღებას ან ითხოვს ქვეყნიდან გასვლის ვალდებულების გადავადებას სასამართლოში მისი მონაწილეობით მიმდინარე საქმის წარმოების მოტივით. ამის შემდეგ სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართავს ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით, აგრეთვე იღებს მოკლევადიან C კატეგორიის ვიზებს და შემდეგ ითხოვს ბინადრობის ნებართვას. ამიტომ ცვლილების საფუძველზე მოხდება კანონის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესაძლებლობის პრევენცია და აღმოფხვრა“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, პირი საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს, დღეს ეს ვადა 6 წელს შეადგენს. 12 წლამდე იზრდება დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა - დღეს მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 6 წელი.
„ამასთან თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს საქართველოში მუდმივად დარჩენის მოტივი 6 წლის გასვლის შემდეგ, ის კვლავ მიიღებს დროებით და არა მუდმივ ნებართვას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გარდა ამისა, ცვლილებები შეეხება ინვესტორებსაც, რომელზეც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა.
„ჩვენ ვფიქრობ, რომ ამავე კანონს, დაემატოს ნორმა, რომლის თანახმადაც, უცხოელი, დღევანდელი მდგომარეობით, რომელიც შეიძენს 35 000 დოლარის უძრავ ქონებას, მას შეუძლია მოითხოვოს 1-წლიანი ბინადრობის ნებართვა. ეკონომიკის სამინისტროს იდეაა, რომ 35 000-დოლარიანი ზღვარი გაიზარდოს. თუ რა თანხაზე იქნება საუბარი, ამ ნორმას ჩამოვაყალიბებთ. მთავარია, ეს მუხლი მოემსახუროს იმ უცხოელებს, ვისაც მართლაც სურს, რომ მნიშვნელოვანი თანხა ჩადოს და დახარჯოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და არა მხოლოდ 35 000 დოლარი, როგორც დღევანდელი კანონით არის“, - განაცხადა მინისტრმა თეა წულუკიანმა.
უცხოელების საქართველოში მომრავლებას უარყოფოთი მხარეებიც აქვს და ეს პირველ რიგში, არალეგალურად მყოფ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ეხება. ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით ორ ძირითად პრობლემას ხედავს. პირველი - უსაფრთხოების დარღვევის და მეორე - ქვეყანაში სამუშაო ადგილების სიმცირის მხრივ, ადგილობრივ მუშახელთან კონკურენციისა.
„არის სხვადასხვა პოლიტიკური ცენტრი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ კარი უნდა გავუღოთ ყველას და საქართველოში მიგრანტების ჩამოსვლას უნდა მივესალმოთ, რათა დასაქმდნენ და ა.შ. ეს გაუაზრებელი მიდგომაა. ბევრ პრობლემასთან გვაქვს საქმე, დაწყებული უსაფრთხოების საკითხიდან, რაც დღევანდელ მსოფლიოში მწვავედ დგას, ასევე, ელემენტარულად, სამუშაო ადგილების კუთხით. დიდ ქვეყნებს იაფი სამუშაო ძალა არალეგალების სახით სჭირდებათ კიდეც. საქართველოში კი ჩვენი მოქალაქეების დასაქმების პრობლემა ძალიან მწვავედ დგას და ამ დროს არალეგალი მიგრანტების თვითდასაქმება, რითიც ისინი კონკურენციას უწევენ ადგილობრივებს, უარყოფითი ფაქტორია.
გარდა ამისა, რეგიონში არსებობს ტერორიზმის დიდი საფრთხე და არავინ იცის, ამ არალეგალებს რომელ ორგანიზაციებთან აქვთ კავშირი. სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღება მართებს, რადგან საქართველო უცხოელებისათვის უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება“, - აღნიშნა სალუქვაძემ.
ზუსტი სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში, არ არსებობს. არალეგალების რაოდენობა თანდათან იზრდება და მიგრანტების შესახებ სრული მონაცემების შეგროვება ვერ ხერხდება.