„ლექტორებს დაბალი ნიშანი ვერ დაუწერიათ, რათა სტუდენტმა სხვა უნივერსიტეტში არ გადაიტანოს თავისი გრანტი“

„ლექტორებს დაბალი ნიშანი ვერ დაუწერიათ, რათა სტუდენტმა სხვა უნივერსიტეტში არ გადაიტანოს თავისი გრანტი“

განათლების მინისტრი უწყებაში დაგეგმილ ცვლილებებს აანონსებს. საუბარია უნივერსიტეტების საბაზისო დაფინანსების შემოღებაზე, რასაც მინისტრი საზოგადოების განსჯის საგნად აქცევს.

მიხეილ ჩხენკელის ამ განცხადებას უარყოფითი შეფასება მისცა განათლების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და უნივერსიტეტების საბაზისო დაფინანსების შემოღება მარაზმატულად და ქვეყნისთვის დამაზიანებლად მოიხსენია.

„უმაღლესების ბაზისური დაფინანსება ჩვენ გვქონდა კომუნისტების და შევარდნაძის დროს. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო მოჭრილ თანხას მისცემს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს, მიუხედავად იმისა, რას აკეთებს ესა თუ ის უნივერსიტეტი, ანუ პენსიასავით დაუნიშნავს ბევრ მილიონს“,-აცხადებს შაშკინი.

მისივე აზრით, იმის გამო, რომ დღესდღეობით უმაღლესების დაფინანსება გრანტზეა დამოკიდებული, უნივერსიტეტებს შორის კონკურენცია შეიმჩნევა, ისინი ცდილობენ სტუდენტებს უკეთესი პირობები შესთავაზონ და ამ კონკურენციით მიიზიდონ ახალგაზრდები. შაშკინის პროგნოზით, იმ მომენტიდან, როცა სახელმწიფო პირდაპირ დააფინანსებს სახელმწიფო უნივერსიტეტებს, აღდგება კორუფცია, მოისპობა კონკურენცია, დაიწყება ფულის გაფლანგვა და სახელმწიფო მიიღებს მრავალ ათეულ მილიონიან საფინანსო დარტყმას.

რას მოიტანს უნივერსიტეტების საბაზისო დაფინანსების შემოღება და მოსპობს თუ არა უნივერსიტეტებს შორის კონკურენციას?!

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ მებონია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, როცა ვიღაცის დაშინება სურთ, ან რაღაც არ მოსწონთ, მაშინვე კომუნიზმს იშველიებენ და იძახიან, კომუნისტურიაო. სინამდვილეში, კომუნისტების დროს განათლების საკითხი არც ისე უვარგისი იყო და იმ პერიოდში ნასწავლი ადამიანები დღესაც განათლებულებად ითვლებიან. ჯემალ მებონიას აზრით, სახელმწიფო უნივერსიტეტებს უნდა ჰქონდეთ საბაზისო დაფინანსება, ოღონდ უნივერსიტეტებში აბიტურიენტების მიღების საკითხი უნდა გამკაცრდეს, უმაღლესების განათლების დონე სისტემატურად უნდა მოწმდებოდეს.

„დღესდღეობით სტუდენტის დაფინანსება მიბმულია გრანტზე და ლექტორებს დაბალი ნიშანი ვერ დაუწერიათ იმის გამო, რომ არ წავიდეს ეს სტუდენტი და სხვა უნივერსიტეტში არ გადაიტანოს თავისი დაფინანსება. ეს სწორი არ არის. კონტროლი საჭიროა, მაგრამ საბაზისო დაფინანსება აუცილებელია. ოღონდ ორღობეში გახსნილ ყველა უნივერსიტეტს კი არ უნდა მისცენ დაფინანსება, არამედ მართლაც გამორჩეულმა სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა მიიღონ დაფინანსება. თანაც, სახელმწიფო უნივერსიტეტების რაოდენობის შემცირებაა საჭირო, ამდენი სახელმწიფო უნივერსიტეტი ასეთ პატარა ქვეყანაში რა ამბავია.

ადრე უნივერსიტეტი იყო ერთი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დანარჩენებს ერქვათ ინსტიტუტები. ახლა ტექნიკურ ინსტიტუტსაც უნივერსიტეტი დაარქვეს, ასევე, დაარქვეს სხვა ინსტიტუტებსაც. როგორ შეიძლება, ტექნიკური უნივერსიტეტი ამზადებს იურისტებსა და ენათმეცნიერებს, აბა, მითხარით, როგორღა გამოდის ეს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფილი? მაშინ სიტყვა „ტექნიკური“ აღარ უწოდონ. ცხადია, უნივერსიტეტის სახელი მომგებიანია, ახალგაზრდების მისაზიდად კეთდება ეს ყველაფერი, მაგრამ ამდენი უნივერსიტეტი რა საჭიროა?! ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ტექნიკურ უნივერსიტეტს და სხვა უნივერსიტეტებსაც დავარქმევდი იმას, რაც ადრე ერქვათ, ანუ ინსტიტუტებს. ტექნიკურ ინსტიტუტს გადავიტანდი ქუთაისში, სასოფლო სამეურნეოსა და ზოოტექნიკურ ინსტიტუტებს - რეგიონებში. ამით განიტვირთებოდა თავკომბალად ქცეული დედაქალაქი და რეგიონებსაც უფრო მეტი დანიშნულება მიეცემოდა. უკვე მოძრაობა აღარ შეიძლება დედაქალაქში, ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაა“, - აღნიშნა ჯემალ მებონიამ.

მისივე თქმით, ყოფილ საბჭოთა კავშირის ყველა წამყვან რესპუბლიკაში - ბალტიისპირეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, ყაზახეთში არსებობს თითო გამორჩეული, განსაკუთრებული სტატუსის მქონე უნივერსიტეტი. რუსეთი დიდი ქვეყანაა და იქ ერთზე მეტი უნივერსიტეტია. ასეთი ერთი უნივერსიტეტი უნდა იყოს საქართველოშიც, რომელიც მისაბაძი იქნება დანარჩენებისთვის და, რომელსაც განსაკუთრებული დაფინანსება, განსაკუთრებული უფლებები ექნება.

განათლების პოლიტიკის მკვლევარი, პროფესორი სიმონ ჯანაშია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საგრანტო დაფინანსების პირობებში მართლაც შეიმჩნევა გარკვეული კონკურენცია უნივერსიტეტებს შორის, მაგრამ კონკურენცია არ არის საუკეთესო პასუხი იმ პრობლემებზე, რაც უნივერსიტეტების წინაშეა. აქ უფრო სხვა საკითხია მნიშვნელოვანი, არის თუ არა უნივერსიტეტებში სტაბილურობა, რას განსაზღვრავს კომერციული პრინციპი - სტუდენტს უნივერსიტეტი ძირითადად უნდა უყურებდეს, როგორც შემოსავლის წყაროს, თუ როგორც ადამიანს, ვისთან ერთადაც მან უნდა შექმნას ცოდნა?!

„საბაზისო დაფინანსება კომუნისტებისა და შევარდნაძის დროში დაბრუნება არ არის, ევროპული დაფინანსების მოდელიც ასეთივეა. არავინ ამბობს, რომ ევროპაში კომუნიზმი ან შევარდნაძის ეპოქაა. პრობლემა სხვა რამეშია, დღეს სწავლა უფასოა მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იმ მიმართულებებზეც კი, რომლის უკეთესი ალტერნატივაც არსებობს კერძო უმაღლესებში. ანუ სახელმწიფო ამბობს, მე მირჩევნია, სახელმწიფო უნივერსიტეტში დავაფინანსო შედარებით უფრო დაბალი ხარისხის განათლება, ვიდრე დავაფინანსო შედარებით უფრო მაღალი ხარისხის განათლება კერძო უმაღლესებში. ეს არის პრობლემა, რომ გარანტირებული დაფინანსება შეიძლება მიიღონ მათ, ვისთანაც მაინცდამაინც მაღალი ხარისხი არ არის. ამიტომაც საბაზისო დაფინანსება იქნება, თუ ნებისმიერი სახის დაფინანსება, სახელმწიფოსგან რასაც მიიღებს უნივერსიტეტი, უნდა მიიღოს დამსახურების საფუძველზე და არა მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც რეგიონშია განთავსებული, რომელიც სახელმწიფოს აინტერესებს. თუმცა ისიც გასაგებია, რომ კერძო უნივერსიტეტების დაფინანსება სახელმწიფოს მაინდამაინც არ სურს, რადგან კერძო უნივერსიტეტების უმეტესობა მოგებაზეა ორიენტირებული და, შესაბამისად, თანხის დიდი ნაწილი იხარჯება მფლობელის მოგების უზრუნველსაყოფად და არა მაინცდამაინც განათლების ხარისხის ასამაღლებლად“, - მიიჩნევს სიმონ ჯანაშია.