„საქართველო ზოგიერთი ნატოს წევრი სახელმწიფოზე უფრო მეტად არის მზად გაწევრიანებისთვის“

„საქართველო ზოგიერთი ნატოს წევრი სახელმწიფოზე უფრო მეტად არის მზად გაწევრიანებისთვის“

ამერიკის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში გამართულ კონფერენციზე, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, აშშ-ის ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსნებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ბრიჯი ბრინქიმ აღნიშნა, რომ არაერთი ადმინისტრაციის და კონგრესის სესიების განმავლობაში, ერთი რამ მუდმივად რჩება - გრძელვადიანი ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რაც დაფუძნებულია ერთ უბრალო ფაქტზე - საქართველო შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორია.

„რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია მისი მომავალი. არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე“, - აღნიშნა ბრიჯი ბრიქიმ.

რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ვეტოს უფლება არავის არ აქვს, მაგრამ ნატოში მოქმედებს პრინციპი, რომელიც განასხვავებს ნატოს სხვა სამხედრო პოლიტიკური ალიანსებისაგან. კერძოდ, ნატოში გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რომელიმე ქვეყანამ თავი შეიკავა, ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნება.

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებს წინააღმდეგია, ეს არის რუსეთი, თუმცა ალიანსში არსებობენ სკეპტიკური სახელმწიფოებიც, რომლებიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას ეჭვის თვალით უყურებენ. ასეთი ქვეყნებია: გერმანია, ბელგია, ჰოლანდია, ლუქსენბურგი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი.

გაწევრიანება არა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ნატო-ს ზაფხულის სამიტზე, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი აღიარებული იქნება. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ეს გზავნილი რუსეთის ხელისუფლებამ უკვე მიიღო. როგორც ცნობილია, ნატო-ს ახალ ანგარიშში საქართველო ასპირანტ ქვეყნად არის დასახელებული.

ამასთან, ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავჯდომარემ, პეტრ პაველმა ნატოს ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რუსეთი და მისი პროპაგანდა დაასახელა. მისი თქმით, რუსეთი ნატოს წინააღმდეგ ტრადიციული გაგებით აგრესიულ პოლიტიკას არ ატარებს, არამედ იყენებს ჰიბრიდულ საშუალებებს, კერძოდ მედიასა და სოციალურ ქსელებში პროპაგანდას ავრცელებს. გენერალი მოუწოდებს ალიანსს უფრო მეტად გაერთიანდნენ.

„ალიანსში მიიჩნევენ, რომ რუსეთი ისე ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ დასავლეთის ღია საზოგადოებას ის სიმართლედ ეჩვენება, კრემლის პოლიტიკაა შელახოს საზოგადოებაში ნატოს იმიჯი. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ოპონენტებს, რომ აგრესია ძვირად დაუჯდებათ და მათ წარმატების ძალიან პატარა შანსი აქვთ“, -განაცხადა პეტერ პაველმა.

რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწვრიანების საქმეს, ანალიტიკოსის, „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელის, ზურაბ აგლაძის შეფასებით, თუკი შედარებას გავაკეთებთ, ხშირ შემთხვევაში, საქართველო ზოგიერთი ნატოს წევრი სახელმწიფოზე უფრო მეტად არის მზად გაწევრიანებისთვის. ამის მიუხედავად, როგორც აგლაძე აცხადებს, საქართველოს ნატოში გაწევრიანება წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„რაც შეეხება ბრიჯი ბრინქის განცხადებას, ასეთი განცხადებები გვესმის, თუმცაღა არის რუსეთი, რომელსაც ნამდვილად არ აქვს ოფიციალური მექანიზმი იმისა, რომ ვეტო გამოიყენოს და გაწევრიანებაში ხელი შეგვიშალოს, მაგრამ არის სკეპტიკოსი ქვეყნები: გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია - ისინი ნატოს წევრი სახელმწიფოები არიან და სრული უფლება აქვთ დაბლოკონ ჩვენი გაწევრიანება. დიდი წილი ამ სკეპტიციზმის არის ის, რომ ისინი მაქსიმალურად ერიდებიან რუსეთთან დაპირისპირებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქყვეყნის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებას, რომ არავის არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს საქართველოს გაწევრიანებას და ამ შემთხვევაში რუსეთს გულისხმობენ, რუსეთთან დაპირისპირება არ უნდათ, მაინც ხდება რუსეთის ფაქტორის გათვალისწინება“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.

ანალიტიკოსი იზიარებს შეფასებას, რომ ნატოს ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რუსეთი და მისი პროპაგანდა რჩება. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ნატო და ევროპული ქვეყნები, კერძოდ აშშ გააქტიურდა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ.

„მართლაც სერიოზული პრობლემა არის რუსეთის ჰიბრიდული ომი და პროპაგანდა. ამიტომ, საკმაოდ კარგი თანხებიც გამოიყო, გეგმებიც შემუშავდა და სტრატეგიაც დასახეს. თუმცა, მეორე მხრივ პრობლემატურია და ამ შემთხვევაში ევროკავშირის დემოკრატიული ქვეყნების მეთოდები განსხვავდება - რასაც იკადრებს რუსეთი, ამას ევროპა არ კადრულობს. ამიტომ, ასეთ ქვეყნასთან თუნდაც ჰიბრიდულ ომზე იყოს საუბარი, დაპირისპირება საკმაოდ რთულია და ალბათ, დიდი ფინანსურ რესურსებსაც მოითხოვს.

რუსეთის აქვს თანხა და ევროპისგან და თავისუფალი სამყაროსგან განსხვავებით, მას ურჩევნია არა თავისუფალ სამყაროს მოახმაროს ეს ფული, არამედ ჩადოს ამ პროპაგანდაში, დააფინანსოს გაურკვეველი ორგანიზაციები, რომ თავის სტრატეგიულ მიზანს მიაღწიოს. დიდი განსხვავება არის ამ ორ ცივილიზაციას შორის. ამიტომ გააქტიურდა დასავლეთი და აშშ რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. რუსეთს ჯერ კიდევ აქვს თანხა, ნავთობის ფასი გაიზარდა, მას აქვს გაზი და ევროპა მასზეა დამოკიდებული. ახლო მომავალში განსაკუთრებულ გარღვევას ამ მხრივ არ ველოდები. ალბათ, გაგრძელდება რუსული პროპაგანდა. თანამედროვე საზოგადოების წინაშე ეს პრობლემა იქნება მანამ, სანამ რუსეთში არ შეიცვლება პუტინის მმართველობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძე.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ალიანსში საქართველოს როლი კიდევ უფრო გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატოსთვის საქართველო გახდა უნიკალური და მნიშვნელოვანი სახელმწიფო.

„საქართველოს მიმართ ინტერესი გაიზარდა. მით უფრო იმის ფონზე, როდესაც გამალებული ახალი ცივი ომი მიმდინარეობს ამერიკა-რუსეთს შორის და ბუნებრივია, რომ ნატო არის უშუალო მხარე ამ ცივი ომის წარმოების, მათ შორის იგივე ჰიბრიდული და საინფორმაციო ომის კონტექსტში.

საინფორმაციო ომი უკვე მიმდინარეობს ნატოსა და რუსეთის ფედერაციას შორის. ნატომ შეიმუშავა სპეციალური სტრატეგიული კონცეფცია, როგორ უნდა დაუპირისპირდეს რუსულ პროპაგანდას. ფაქტიურად, ეს არის საინფორმაციო ომი, რომელიც ორივე მხარემ გახსნა ერთმანეთის მიმართულებით. ამის ფონზე გაიზარდა საქართველოს როლი და მნიშვნელობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.