ემიგრანტებისა და მიგრანტებისთვის არალეგალური სივრცე იზღუდება

ემიგრანტებისა და მიგრანტებისთვის არალეგალური სივრცე იზღუდება

საქართველოსა და გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია განხორციელდა.

საქართველოს შს სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში, გერმანიიდან ჩარტერული რეისით საქართველოს 68 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა.

მოქალაქეების დაბრუნება მოხდა გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან და ისლანდიიდან. ამავე რეისით, რეადმისირებულთა გარდა, ქვეყანაში საკუთარი სურვილით საქართველოს 5 მოქალაქე დაბრუნდა, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში ყოფნის რეჟიმს აღარ აკმაყოფილებდნენ.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრაციის საკითხებზე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას აქტიურად განაგრძობს“,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

როგორც საქართველოს პარლამენტში აღინიშნა, ევროკავშირის ქვეყნებიდან იმ მოქალაქეების დეპორტაცია, რომლებიც სავიზო რეჟიმს არღვევენ, ჩვეულებრივი მოვლენაა.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აღნიშნავს, რომ იმ მოქალაქეების დეპორტაცია, რომლებიც სავიზო რეჟიმს არღვევენ, აქამდეც ხდებოდა და მომავალშიც მოხდება.

„ასეთი ფაქტები არ უნდა გაგვიკვირდეს და ზედმეტი აჟიოტაჟიც, ვფიქრობ, არ არის სწორი. გვაქვს შეთანხმება ევროპის წევრ სახელმწიფოებთან, რომ მოქალაქეები, რომლებიც დარღვევით იმყოფებიან მათ ტერიტორიაზე, დავაბრუნოთ ჩვენს ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე, რაიმე საფრთხე ვიზალიბერალიზაციის პროცესს არ ემუქრება“, - განაცხადა ხულორდავამ.

ექსპერტები თვლიან, რომ ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია გამომდინარე იქიდან, რომ 2011 წლიდან საქართველოს ევროპასთან რეადმისიის შეთანხმება აქვს დადებული, რომელიც ევროპაში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უკან დაბრუნებას გულისხმობს, ჩვენი ქვეყანა კი ნაკისრ ვალდებულებას რეგულარულად ასრულებს.

ექსპერტების აზრით, ეს პრაქტიკა სამომავლოდ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების ერთ-ერთ მიზეზად, სწორედ, რომ ქვეყნიდან არალეგალების ნაკადის ზრდა გახდება.

თავის მხრივ, ევროპის მსგავსად, საქართველოც აპირებს, უფრო ეფექტურად გააკონტროლოს საკუთარი ტერიტორია და არალეგალი მიგრანტებისგან მაქსიმალურად დაიცვას.

მთავრობამ არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით დამატებით რეგულაციები მოამზადა. ცვლილებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მინისტრებს გააცნო.

აღნიშნული ცვლილებები უცხოელებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურაში სიახლეებს ითვალისწინებს და მათი შემუშავების მიზეზი უცხო ქვეყნის ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან, რაც ცოტა არ არის, არსებული რეგულაციების არაკეთილსინდისიერად გამოყენება გახლავთ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი ფორმალურად ითხოვს თავშესაფარს და პარალელურად ითხოვს ბინადრობის ნებართვის მიღებას და ა.შ.

„ინოვაციურ მიდგომასთან გვაქვს საქმე მათი მხრიდან. აღნიშნული ცვლილების შემდეგ კი მოხდება კანონის არაკეთილსინდისიერად გამოყენების პრევენცია და აღმოფხვრა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, იცვლება რეგულაცია - საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელი ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს, დღეს ეს ვადა 6 წელს შეადგენს.

„12 წლამდე იზრდება დროებითი ნებართვის მიღების ვადა. დღეს მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 6 წელი. ამასთან, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს ქვეყანაში მუდმივად დარჩენის მოტივი, 6 წლის გასვლის შემდეგ ის კვლავ მიიღებს დროებითს და არა მუდმივ ნებართვას“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ცნობილია გარკვეული ზომები ინვესტირების მიმართულებითაც გატარდება - ეკონომიკის სამინისტრო იხილავს 35 ათას ლარიანი ზღვრის აწევის საკითხს, რომელიც დროებითი ნებართვის გაცემას ეხება.

როგორც მთავრობაში აცხადებენ, ჩვენ ასევე დავრჩებით ღია ქვეყნად ინვესტიციების თვალსაზრისით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მახინჯი მექანიზმების გამოყენებით ადამიანებმა შეძლონ და პრაქტიკულად, კანონს გვერდი აუარონ.

მთავრობაში განმარტავენ, რომ ეს არის აუცილებელი კვალიფიციური ინვესტორების მოსაზიდად, მათი უსაფრთხოებისთვის და ა.შ.