ნარკორეალიზატორთა საქმეში ახალი ფიგურანტები იკვეთებიან

ნარკორეალიზატორთა საქმეში ახალი ფიგურანტები იკვეთებიან

ნარკორეალიზატორებს - ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ორივე ბრალდებულის მიმართ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნა, გიორგი გოგებაშვილის აღკვეთის გარეშე დატოვებასთან დაკავშირებით.

ადვოკატი, მარიკა ფხალაძე აცხადებს, რომ გოგებაშვილი არ მონაწილეობდა ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფურ რეალიზაციაში. მისი თქმით მკაცრი იყო მოსამართლის გადაწყვეტილება ნინო გეგელაშვილის მიმართაც, რომელიც დანაშაულს აღიარებს.

„ის, რომ მოსამართლეს ასეთი მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოეყენებინა იმ ფონზე, როდესაც მას ხუთი წლის შვილი ჰყავს, რომელიც პრაქტიკულად დარჩა ქუჩაში და მამასთან ამ ბავშვს არანაირი კონტაქტი და კავშირი არ აქვს, ვფიქრობ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ძალიან მკაცრი“, - განაცხადა მარიკა ფხალაძემ.

ადვოკატი ამბობს, რომ მტკიცებულებები, რომელიც პროკურატურამ წარადგინა, გიორგი გოგებაშვილის ბრალდეულობას არ ადასტურებს. მეტიც, ფხალაძე ამტკიცებს, რომ გიორგი გოგებაშვილმა არაფერი იცოდა, რომ საბანკო ანგარიში მის პირადობაზე იყო მიბმული.

„ბრალდების მხარემ ამ საქმეში გოგებაშვილის ჩართულობაზე ასეთი არგუმენტი მოიყვანა, რომ სახლიდან ამოღებულია პირადობის მოწმობა, რომლითაც რეგისტრირებულია ონლაინ ტოტალიზატორების ანგარიშები და ამ ანგარიშებს მიბმული აქვს გოგებაშვილის სახელზე გაფორმებული ბარათი.

ეს არგუმენტები ნამდვილად არ არის იმისთვის საკმარისი, რომ პირს არათუ აღკვეთის ღონისძიება შეეფარდოს, არამედ, ბრალიც კი წარედგინოს. საგულისხმოა ისიც, რომ ეს პირადობის მოწმობა გეგელაშვილის პირადი ნივთებიდანაა ამოღებული. საბანკო ანგარიშის მიბმაზეც გოგებაშვილმა არაფერი იცოდა და თავად გეგელაშვილმა თქვა ეს“, - აცხადებს მარიკა ფხალაძე.

სასამართლოს სხდომას დაესწრო ბრალდებული გიორგი გოგებაშვილის ძმა, რომელიც შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. მან თანამდებობა სწორედ მისი ძმის დაკავების შემდეგ დატოვა. იაკობ გოგებაშვილმა კომენტარი სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ არ გააკეთა. თუმცა, დაადასტურა, რომ შსს მისი ძმის დაკავების შემდეგ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ შს სამინისტრომ ნინო გეგელაშვილი ვარკეთილში, გიორგი გოგებაშვილი კი გლდანში, გმირ კურსანტთა ქუჩაზე მაშინ დააკავა, როდესაც ის დევნილთა საერთო საცხოვრებელში მივიდა. ორივე დაკავებული ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით დააკავეს. მათი დაკავების შემდეგ, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას ინტერნეტის გამოყენებით ახდენდნენ.

დაკავებამდე გაკეთდა ორი საკონტროლო შესყიდვა და ეს ხდებოდა ჩანერგილი პოლიციის თანამშრომლის მხრიდან, რომელიც ინტერნეტის საშუალებით ახდენდა თანხების გადახდას და ნარკოტიკების აღებას. საუბარია ერთ შემთხვევაში ჰეროინზე და მეორე შემთხვევაში ბუპრენორფინზე. თუმცა, როგორც ადვოკატი ფხალაძე აცხადებს, დაკავებულ ნინო გეგელაშვილს ჰეროინი არასოდეს გაუსაღებია და ჰყიდდა მხოლოდ ახალ ფსიქოტროპულ ნივთიერება - ბიოს.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, საქმის პროკურორი აცხადებს, რომ ჩხრეკისას ამოღებულია ე.წ. ბიო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორები ჰეროინის ან სხვა ნარკოტიკული საშუალებების მარაგის შევსებასა და გასაღებას არ ახდენდნენ. მისი თქმით, გამოძიებას აქვს მოპოვებული არაერთი მტკიცებულება, რაც ნინო გეგელაშვილისა და გიორგი გოგებაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებს.

როგორც პროკურორმა ირინა ჩოჩიამ განმარტა, მტკიცებულებებს შორისაა ფარული ჩანაწერები, მათ შორის ბრალდებულების გადაადგილების ამსხველი ფარული ვიდეოჩანაწერები, ანგარიში და პლასტიკური ბარათი, რომელზეც თანხის ჩარიცხვა და განაღდება ხდებოდა, გიორგი გოგებაშვილს ეკუთვნოდა.

„მოპოვებული იქნა არაერთი კონკრეტული მტკიცებულება, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ როგორც ნინო გეგელაშვილი ასევე გიორგი გოგებაშვილი ჯგუფურად, ერთმანეთთან შეთანხმებით ახორციელებდნენ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა-შენახვას და შემდგომში გასაღებას.

მოპოვებულ მტკიცებულებებს შორისაა ინტერნეტ ტოტალიზატორების ანგარიშები, რომლებზეც პირები თანხებს რიცხავდნენ, რათა მიეღოთ ნარკოტიკული საშუალებები. ამ ტოტალიზატორებით სარგებლობდნენ როგორც ნინო გეგელაშვილი, ასევე გიორგი გოგებაშვილი. ასევე საბანკო ანგარიშები, რომელზეც ხდებოდა თანხის ჩარიცხვა და შემდეგ განაღდება რეგისტრირებულია გიორგი გოგებაშვილზე. ასევე მოპოვებულია სატელეფონო საუბრების ჩანაწერები და ბრალდებულთა გადაადგილების ვიდეოჩანაწრები, რომლებიც ადასტურებს, რომ ორივე შეთანხმებულად მოქმედებდა“, - განაცხადა ირინა ჩოჩიამ.

ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ნინო გეგელაშვილი დანაშაულს აღიარებს. დაკავებული ამბობს იმასაც, რომ დანაშაული ჯგუფურად არ ჩაუდენია და გიორგი გოგებაშვილს საქმესთან კავშირი არ აქვს.

საქმის მასალების მიხედვით, ნინო გეგელაშვილი და გიორგი გოგებაშვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკისა და ფსიქოტროპული აბების გასაღებას პროგრამა „Telegram“-ის  მეშვეობით ახდენდნენ. დაკავებულები ნარკომომხმარებლებს ჯერ ინტერნეტ-ტოტალიზატორის ანგარიშის ნომერს უგზავნიდნენ, თანხის ჩარიცხვიდან რამდენიმე წუთში კი იმ ადგილის ფოტომასალას აწვდიდნენ, სადაც ნარკოტიკული ნივთიერების სამალავი იყო.

ფიგურირებენ თუ არა ნარკორეალიზაციის საქმეში სხვა პირები ჯერ უცნობია. თუმცა, საქმის პროკურორის თქმით, გამოძიება გრძელდება იმის დასადგენად, თუ როგორ და სად ყიდულობდნენ ბრალდებულები სარეალიზაციოდ ნარკოტიკულ საშუალებებსა და ახალ ფსიქოტროპულ ნივთიერებებს.

„პირველი საკონტროლო შესყიდვისას შეძენილია ნაროკოტიკული საშუალება ჰეროინი, მეორე შესყიდვისას მოხდა ბუპრენორფინის შემცველი აბისა და ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა. ბრალდებულების დაკავებისას კი ნინო გეგელაშვილის პირადი ჩხრეკისას და მანქანის ჩხრეკისას, პოლიციამ ამოიღო ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებები, 20 პაკეტად დაფასოებული და ასევე 20 სხვადასხვა მისამართიდან ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებები“, - განაცხადა ირინა ჩოჩიამ.