ნატალია ხარაძე: „საბჭოთა, ნაცქოცკრიმინალური, ყველა მთავრობას მორგებული ბანდა ისევ მართავს უნივერსიტეტს“

ნატალია ხარაძე: „საბჭოთა, ნაცქოცკრიმინალური, ყველა მთავრობას მორგებული ბანდა ისევ მართავს უნივერსიტეტს“

„ნაციონალების“ თარეშმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თავისი კვალი დააჩნია, თუმცა დღეს პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი პირად საუბარში არ მალავს, რომ მოლოდინის მიუხედავად, უნივერსიტეტში დიდად არაფერი შეცვლილა - ისევ დამყაყებული ძველი სახეები, ისევ კონფორმიზმი და უნარიან ახალგაზრდა ლექტორებთან ბრძოლა...

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნატალია ხარაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ისეთი განცდა ეუფლება, თითქოს უნივერსიტეტი ისევ 2012 წლამდე პერიოდშია ჩარჩენილი. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ნატალია ხარაძეს მარტოდმარტო უწევს იმ პრობლემასთან შეჭიდება, რაც „ნაციონალების“ დროსაც არსებობდა, და უშუალოდ უწევს იმ ადამიანებთან დაპირისპირება,რომლებიც უნივერსიტეტში პროგრესს ყოველთვის აფერხებდნენ.

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ უკვე მერამდენედ შეიცვალა უნივერსიტეტის რექტორატი. ეს ცვლილებები ფასადურია?

- უნივერსიტეტში აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა. ვერც ფასადურ ცვლილებას ვხედავ. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აბსოლუტურად იგივე ადამიანები მუშაობენ. მოგეხსენებათ, უნივერსიტეტში კონკურსები დაიწყო გია ხუბუას პერიოდიდან მოყოლებული. ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც იმ დროს კონკურსებში გავიდნენ? - მეტ-ნაკლებად ისინი, ვინც საბჭოთა პერიოდშიც გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდნენ. სააკაშვილის დროს აქტუალური იყო, რომ ჩასარეცხი უნდა ჩაირეცხოს, მაგრამ კონკრეტულად ჩვენს ფაკულტეტზე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეზტზე, ვინც ჩასარეცხი იყო, არ ჩარეცხილა. პირიქით, ძალიან ბევრი პატიოსანი ადამიანი აღმოჩნდა უნივერსიტეტის გარეთ.

ფაკულტეტზე ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელმაც სააკაშვილისდროინდელი რეჟიმის პერიოდი გაატარა სასამართლოში. იმ დროს სამი სასამრთლო პროცესი მქონდა, თუმცა დღესაც იგივე მდგომარეობაა. ანალოგიურ პრობლემებზე გვიწევს ბრძოლა.თუნდაც გამოვყოთ პროფესორთა არადემოკრატიულად შერჩევის წესი. ეს წესი სააკაშვილის პერიოდში დამკვიდრდა, რაც მიზნად ისახავდა ლექტორების დაშინებას და დაშანტაჟებას, ამით მანიპულირებდა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. ლექტორთა უმრავლესობა საკუთარი მოსაზრებების გამოხატვას ერიდებოდა და დღესაც ანალოგიური მდგომარეობაა.

როგორ შევაფასო ის ფაქტი, რომ ამჟამინდალი დეკანი იბარებს კოლეგას და ტუქსავს იმის გამო, რომ ჩემს ფეისბუქ სტატუსზე კომენტარი გააკეთა?! დღესაც, თავზე რომ დაენგრეთ უნივერსიტეტი, ხმის ამომღები არავინაა. ამის მიზეზია ის, რომ წინ აქვთ კონკურსები და ადამიანს, რომელიც ხმას ამოიღებს, სააკაშვილის პერიოდის მსგავსად, დღესაც არ გაახარებენ.

მაშინდელი შერჩევის კრიტერიუმი არანაირ კანონზომიერებას არ ექვემდებარებოდა, არადა, პრეტენდენტმა წინასწარ ხომ უნდა იცოდეს, რისთვის მოემზადოს, რა არის ის კრიტერიუმი, რომლითაც მას აირჩევენ ან ასოცირებულ პროფესორად ან ასისტენტად. ამ კრიტერიუმებს წინასწარ არავინ გეტყოდათ. ვითომ ე.წ. კომისია შეიქმნებოდა და შანსი არ იყო, კომისიის რომელიმე წევრს გადაწყვეტილება მიეღო. უბრალოდ, არსებობდა პირდაპირი სიები და იმ სიებით გაჰყავდათ ხალხი. ამაზე მეტყველებს ის წაგებული პროცესები, რომელიც ხშირ შემთხვევაში გარიგებით სრულდებოდა და ემატებოდა შტატები.

დღესაც იგივე ადამიანები ატარებენ ამ კონკურსებს?

- დიახ, იგივე ადამიანებს აბარიათ ეს საქმე. წლების მანძილზე ვერ მოხერხდა პროფესორთა გამჭვირვალე კრიტერიუმების შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემს პატიოსან მეცნიერს, შეინარჩუნოს სამსახური და გააგრძელოს სამეცნიერო საქმიანობა, ანუ იყოს ისეთი კრიტერიუმები, რომ მეცნიერი დაჯდეს და ამ კრიტერიუმების მიხედვითიმუშაოს წლების მანძილზე.

რაღაც იმედი გაჩნდა მაშინ, როცა უნივერსიტეტის პრორექტორად ახლანდელი ჩვენი განათლების მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა. მოსვლისას მან შემოიტანა ახალი კრიტერიუმები. რასაკვირველია, ეს კრიტერიუმებიც დახვეწას საჭიროებდა და ამაზე თავადაც თანახმა იქნებოდა, მაგრამ მთელი ფაკულტეტი წავიდა მის მიერშემოტანილი ახალი კრიტერიუმების წინააღმდეგ. ეს იმით აიხსნებოდა, რომ ცალკეულმა პირებმა მანამდე არსებული გაურკვეველი კრიტერიუმებით მარტივად ჩაიგდეს ხელში აკადემიური თანამდებობები და ახალი კრიტერიუმების გამო  ბევრი მათგანი კონკურსის მიღმა აღმოჩნდებოდა. სამაგიეროდ, წამოვიდოდნენ შედარებით ახალგაზრდა მეცნიერები, ბევრი მათგანი დააკმაყოფილებდა ახალ კრიტერიუმებს. ამიტომაც უნივერსიტეტმა ეს კრიტერიუმები ჩააგდო.

თუმცა მაოგნებს ერთი რამ. მე მქონდა შეხვედრა ბატონ მიხეილ ჩხენკელთან. მას ვუთხარი, ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც ამ კრიტერიუმებთან მიმართებით ფაკულტეტის  წინააღმდეგ წავედი და მხარი დაგიჭირეთ, მაინტერესებს, მე რომ ახლა ვიბრძვი, ჩემს მხარეს ვინ არის-მეთქი? მე ვარ თქვენს მხარესო, - მითხრა მაშინ მიხეილ ჩხენკელმა. მაინტერესებს, სად არისიგი დღეს?

კონფორმისტების კასტა, რომელზეც თქვენ საუბრობთ და რომელიც უნივერსიტეტს წლების განმავლობაში მართავს, ადაპტირებულია უნივერსიტეტთან, ამიტომაც არიან „შეუცვლელები“. ამდენად, თქვენი მოლოდინი, რომ ეს კასტა ჩამოსცილდებოდა მართვის სადავეებს, გადაჭარბებული ხომ არ იყო?

- მათთან ბრძოლა ძალიან ძნელია. თუმცა ასეთ პირობებში ცხოვრება და არსებობაც შეუძლებელია. ამ დღეების განმავლობაში შეხვედრები მქონდა, მხარდაჭერას მიცხადებენ ცალკეული ადამიანები, რომლებიც დღეს ღიად ვერ გამოდიან, მათ შორის, არიან თანამდებობის პირებიც და ჩემი კოლეგებიც. ისინი ხმამაღლა ვერ აპროტესტებენ იმას, რაც უნივერსიტეტში ხდება, მაგრამ, თუკი დაინახავენ, რომ ვინმე გაიგონებს ჩემს ხმას, სხვაგვარად მოიქცევიან. ფაქტობრივად, პირველი ვარ, ვინც ღიად გამოვედი. ამდენი ხნის მანძილზე ვფიქრობდი, არ მიმეყენებინა  ჩრდილი ახალი ხელისუფლებისთვის და მეტ-ნაკლებად თავს ვიკავებდი, მაგრამ ახლა უკვე წარმოუდგენელია მეტის ატანა. გეტყვით, რატომ არის უიმედო მდგომარეობა უნივერსიტეტში. ახლახანს ჩვენს ფაკულტეტზე ჩატარდა დეკანის არჩევნები. ეს არჩევნები ძალიან დაძაბული იყო. გარკვეულ მიზეზთა გამო არსებული დეკანი მიუღებელი იყო რექტორისთვისაც და ვიცოდით, რომ მისი დეკანად გაყვანა აღარ მოხდებოდა. სამაგიეროდ, წამოაყენეს კანდიდატურა, რომელიც, ფაქტობრივად, არავის უნდოდა. მას მხარს უჭერდა ერთადერთი ადამიანი, მომავალ დეკანს სწორედ იმ ერთი ადამიანის იმედი ჰქონდა. ეს იყო ავთანდილ სილაგაძე.

ახლანდელი დეკანი გიორგი ღაღანიძე რატომ იყო უნივერსიტეტელებისთვის მიუღებელი? ისიც მონაწილეობდა სააკაშვილისდროინდელ თამაშებში?

- მაინც უნივერსიტეტია და, ბუნებრივია, იმით აპელირება, რატომ უნდა ავირჩიოთ მიშა სააკაშვილის ბებიის ნათლული, ნათელ-მირონი და „ნაციონალი“, უნივერსიტეტისთვის შეუფერებელია. კარგი ლექტორია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამავდროულად შეგიძლია იყო კარგი ხელმღვანელიც. ისევე როგორც, იყო კარგი მეცნიერი არ ნიშნავს იმას, რომ იქნები წარმატებული რექტორი და ა.შ. თუმცა ჩვენი ფაკულტეტისთვის კარგად იყო ცნობილი ამ დეკანისთვის დამახასიათებელი თვისებები, რაც მან გამოავლინა დეკანის მოადგილედ ყოფნის პერიოდში სწორედ ნაცრეჟიმის დროს. კერძოდ, როგორი შემსრულებელი, ეს პიროვნება ყველაფერზე წამსვლელი იყო, ეს კარგად იცოდა ფაკულტეტმა და, რასაკვირველია, ასეთი დეკანი არ უნდოდათ. თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დაიწყო იმ ადამიანების დაშანტაჟება, ვინც დეკანს ირჩევს. ერთადერთი, მე ვიყავი, ვისაც შეეძლო ხმამაღლა გარკვეული ფაქტები დაელაგებინა და მეტ-ნაკლებად შეეშალა ხელი ამ პროცესისთვის, მაგრამ შევხვდი რექტორს.

მიუხედვად იმისა, რომ პირდაპირ რექტორს არაფერი უთქვამს და დემოკრატიულად და დავარცხნილად ლაპარაკობდა,  ვინც გინდათ, ის აირჩიეთო, მისი საუბრიდან გამოვიტანე საწინააღმდეგო დასკვნა. ასევე, საუბარი მქონდა რექტორის მრჩეველთან, კახა ჭეიშვილთან და იქიდანაც გამოვიტანე დასკვნა, რომ რექტორატისთვის ეს კანდიდატურა მისაღები იყო. რაც მთავარია, მათ არეულობის სურვილი არ ჰქონდათ. წინა არეულობა პაპავას რექტორობის დროს, ფაქტობრივად, მე დამბრალდა მაშინ, როცა სრულიად სხვა ძალები მართავდნენ იმ პროცესს. ახლაც ვიფიქრე, ხომ არ შეიძლება, ყველგან ერთი ადამიანის სახელი ტრიალებდეს და თავი შევიკავე.

ასევე, შევხვდი ავთანდილ სილაგაძეს. ლამის ცხარე ცრემლებით ვტიროდი, რაიმე არგუმენტი ეთქვა ახალი დეკანის კანდიდატურის სასარგებლოდ. ვეუბნებოდი, ბატონო ავთანდილ, ადამიანს, რომელსაც დაგიქციეს ოჯახი, „ნაცებმა“ მოგიკლეს ოჯახის წევრი, რა საერთო გამონახეთ მათთან, რომ ასეთ ადამიანს უჭერთ მხარს? მისი პასუხი წარმოუდგენელი და შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. მან თქვა, რომ გააკეთებინებს ამ დეკანს ყველაფერს, რაც სურს. ჯერ ერთი, ესეც მიუღებელია - რაში მჭირდება მე ისეთი დეკანი, რომელსაც გავაკეთებინებ ყველაფერს, რაც მინდა. მას შემდეგ, რაც ბევრი ფაქტი დაიდო ბატონ გიორგი ღაღანიძის საწინააღმდეგოდ, შეშინდნენ და ნეიტრალურ პიროვნებაზე ფიქრი დაიწყეს. ინიციატივა რექტორის გუნდისგან წამოვიდა და ერთ-ერთი ასეთი კანდიდატი აღმოჩნდა ელგუჯა მექვაბიშვილი. ელგუჯა მექვაბიშვილს ჩვენთანაც ჰქონდა შეხვედრა და რექტორთანაც. ფაქტობრივად, მეგონა, ბატონი ელგუჯა შეიტანდა საბუთებს დეკანის არჩევნებზე, მაგრამ ძალიან სანდო წყაროდან გაჟონა ინფორმაციამ, რასაც საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად დავადასტურებ. ამის შესახებ ფაკულტეტის საბჭოზეც ვისაუბრე, სადაც თქვეს, თითქოს ეს ბოდვაა. იგივე შემიძლია სასამართლოშიც დავადასტურო, რომ ეს ბოდვა არ არის. ამაზე უამრავი ადამიანი საუბრობდა და ის ადამიანები შეუძლიათ დაკითხონ. კერძოდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელგუჯა მექვაბიშვილი დაიბარეს...

რექტორატში დაიბარეს?

- იცით რა, ეს ძალიან ბუნდოვანია, მე უკვე რექტორატსა და ავთო სილაგაძეს ერთად მოვიაზრებ. ამიტომ კონკრეტულად ვერ ვიტყვი, ვისთან დაიბარეს. ფაქტია, რომ მას უთხრეს, რაში სჭირდებოდა დეკანობა, ის ხომ 15 წელიწადი, მთელი საბჭოთა პერიოდი, დეკანი იყო? რატომღაც მან მატერიალურ მხარეზე გააკეთა აქცენტი და არა იმაზე, რომ უნივერსიტეტი და კონკრეტულად ჩვენი ფაკულტეტი ჭაობში ეფლობოდა და ამ ჭაობისგან გადარჩენა იყო საჭირო. მას დაპირდნენ, რომ დანიშნავდნენ ჟურნალის რედაქტორად, სადაც დამატებითი  ანაზღაურება ექნებოდა პროფესორის ანაზღაურებასთან ერთად. სხვათა შორის, ბევრი თანამშრომელი ჩემთან საუბარში ამბობდა, რომ ეს ჭორია და ვერ დაიჯერებთდა, რომ ბატონ ელგუჯასთან ასეთი გარიგება შედგებოდა, მაგრამ აირჩიეს თუ არა დეკანი, მეორე დღესვე დანიშნეს ეს ადამიანი ჟურნალის რედაქტორად. ეს უკვე ნათელს ხდიდა, რომ ეს ბინძური გარიგება მართლაც არსებოდა და ის ჭაობი, რასაც უკვე ჩემი სტუდენტობიდან მოყოლებული, ვუყურებდი, ისევ გრძელდებოდა. რა თქმა უნდა, ეს ამბავი ფაკულტეტის საბჭოზე ხმამაღლა გავაპროტესტე, მაგრამ ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომელიც ხმას ამოიღებდა და ძველ რედაქტორს დაიცავდა.

საიდან იცით, რომ თქვენს კოლეგებს თქვენი მსგავსი განწყობა ჰქონდათ?

- ისინი ამოდიოდნენ ჩემთან. ჩემი ოთახი, ლაბორატორია მაქვს მე-12 სართულზე, იქ ცალ-ცალკე ამოდიოდნენ პროფესორები და ბოდიშს მიხდიდნენ, რომ ხმამაღლა ვერ თქვეს სათქმელი, თანადგომას მიცხადებდნენ, მაგრამ რას ნიშნავს ეს ბოდიში, აღარ ვიცი. მდგომარეობა უფრო გამწვავდა. ამ ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლისგან, რომელიც ჩვენი პროფესორია (ჯერჯერობით მას ვერ დავასახელებ), ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ახალმა დეკანმა შეიმუშავა ახალი კრიტერიუმები. მე გავეცანი ამ კრიტერიუმებს. როგორც კი წაიკითხავთ,  მიხვდებით, რომ ეს ავთო სილაგაძესთან ერთად არის გაკეთებული. კრიტერიმები შოკისმომგვრელია, დარღვევითაა გაკეთებული და პირდაპირ მორგებულია კონკრეტულ პიროვნებებს. დეტალებში არ შევალ, ეს მომაბეზრებელი იქნება მკითხველისთვის.

ერთ-ერთი, რაც ყველაზე მთავარია, არის ის, რომ წლების მანძილზე, საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, ისეთ თანამდებობებზე, როგორიცაა კათედრის გამგე, პროგრამის ხელმძღვანელი, ექსპერტოი და სხვა, არჩევანს აკეთებდნენ ერთსა და იმავე ადამიანებზე. ანუ, სხვა ადამიანს შესაძლებლობა არ ჰქონდა, იმავე საქმიანობაში ჩართულიყო. ადგნენ და ისეთი აქტივობები, რომელიც თავისუფალ არჩევანზე არ არის დამოკიდებული და მხოლოდ პრივილეგირებულთა ექსკლუზიური უფლება იყო და არის, სწორედ ეს აქტივობები დაიწერეს ქულებად, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, ვისაც მე 1986 წლიდან ვუყურებდი, სიკვდილამდე  უნდა დარჩნენ იმ ადგილებზე.

სწორედ ეს გავაპროტესტე, აბსოლუტურად ყველასთან მქონდა მიმოწერა, 5 ათასი მეგობარი მყავს ფეისბუკში და იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ მანიფესტივით დავწერე და ყველას გავუგზავნე, რათა მთელ საქართველოს გაეგო, რომ ისევ ჭაობში ვრჩებით. ჩემი გზავნილი რექტორმაც მიიღო. რექტორს პასუხების გაცემა წერილებზე არ ახასიათებს, მაგრამ, როგორც ჩანს, მასაც მოხვდა ეს წერილი გულზე და საკმაოდ ვრცელი პასუხი მომწერა, რომ ყველაფერი  დემოკრატიულად ჩატარდება.

მინდა ვუპასუხო მას: ბატონო გიორგი, რა ჩატარდება დემოკრატიულად, როცა ეს კრიტერიუმები თქვენ არ შეგიმუშავებიათ?! ის, რასაც თქვენი მეგობარი მინისტრი დაგვპირდა, ჰაერშია გამოკიდებული და ვერ გაიტანეთ ეს კრიტერიუმები. „ნაცმოძრაობის“ დროს დატოვებული კრიტერიუმებით აპირებთ ხალხის გაყვანას?

მით უმეტეს, რომ არ არსებობს დემოკრატიული ფონი და არ იყო ჩართულობა ამ კრიტერიმების შემუშავებისას. შერჩევის კრიტერიუმები ბუნდოვანია. არჩევნები არ არის დამოკიდებული პროფესორთა თავისუფალ ნებაზე. ისინი დაშანტაჟებულნი არიან და ვერ ბედავენ აზრის დაფიქსირებას. კრიტერიუმების სამი ვარიანტია. ერთ ვარიანტზე უკვე მოგახსენეთ, როცა ვიწრო კომისია დგებოდა და ეს კლანი წინასწარ დაწერილ გადაწყვეტილებებს იღებდა. გარე და შიდა ადმინისტრაციული თანამდებობებით მიღებული პრივილეგიები აპრიორი მათი პრივილეგია იყო, რაც თანაბარ პირობებში ვერ ჩააყენებს სხვა კონკურენტებს. სწორედ ეს კრიტერიუმები აქვთ შეტანილი.

ასე რომ, ორგანიზაციაში კლიმატი ძალიან მძიმეა,  აკადემიური პერსონალი ერთმანეთთან არის დაპირისპირებული, არიან დაშანტაჟებულნი კონკურსის გამო, ერთმანეთთან დალაპარაკების ეშინიათ, არ ენდობიან ერთმანეთს. მოვლენები „გათიშე და იბატონეს“ პრინციპით მიმდინარეობს.

როდესაც ეს ფაქტები  ფაკულტეტის საბჭოზე გამოვააშკარავე, გიჟად შემრაცხეს, თითქოს ვიგონებდი. რაც მთავარია, იმდენჯერ აღმოვჩნდი ისეთ სიტუაციაში, როცა პროფესორი ამბობს ერთს და შემდეგ თავის ნათქვამს გადათქვამს, იძულებული გავხდი, ყველას საუბარი ჩამეწერა. ე.წ. წითელმა ინტელიგენციამ, რომლებიც ჩემივე ლექტორები იყვნენ საბჭოთა პერიოდში, ყველაფერი იკადრა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ავთანდილ სილაგაძე და ელგუჯა მექვაბიშვილი. ერთმა მათგანმა გამოაცხადა, რომ, ვინც მოისმენდა ამ ჩანაწერს, ისიც უნდა დასჯილიყო, ხოლო მეორემ მოითხოვა, რომ ვიდრე პრობლემა არ გადაწყდებოდა, მე უნდა ამკრძალვოდა სოციალურ ქსელში რაიმეს დაწერა. 37 წელს ადამიანებს ხვრეტდენ, ახლა ვერ მოგკლავენ, მაგრამ სიკვდილამდე მიგიყვანენ.

ამ ადამიანებს არ სურთ პრივილეგიების დაკარგვა. ფინანსების გარდა, კიდევ რაში ვლინდება ეს პრივილეგიები?

- მე ვესაუბრე ავთანდილ სილაგაძეს. ვუთხარი, რომელ სამართლიანობაზე მელაპარაკებით და როგორ უნდა დავუჯერო თქვენს ნათქვამს, რომ ფაკულტეტზე სამართლიანად წარიმართება პროცესები, როცა ფაკულტეტზე დაბრუნდით, თქვენი კათედრა გაიკეთეთ. კი ბატონო, ღმერთმა შეგარგოთ, დიდი მეცნიერი ხართ, აკადემიკოსი, პროფესორი და გეკუთვნით ის კათედრა, მაგრამ, ყოველგვარი დამსახურების გარეშე თქვენს ცოლსა და მის მეგობარს ასისტენტ-პროფესორობიდან როცა გაუკეთეთ ასოცირებული პროფესორის ადგილი, ამიხსენით, რა დამსახურებისთვის მოიქეცით ასე? ეს ხომ არ არის თქვენი ბაღჩა-ბაღი, როგორც გინდათ, ისე რომ მოიქცეთ?! ამ დროს ფაკულტეტზე ძალიან ბევრი ასისტენტ-პროფესორია, რომლის კვალიფიკაციაც, სამართლიანად რომ ჩატარდეს კონკურსები, სრულ პროფესურაზე უკეთესია. ეს ადამიანები ვერასოდეს წავლენ წინ. ალბათ, ამისთვის სჭირდებათ გარკვეულ ადამიანებს მორჩილი დეკანატი, მორჩილი უმრავლესობა.

როგორ ფიქრობთ ამ პროცესის შეჩერებას? არსებობენ ძალები, რომლებიც დაგეხმარებიან?

- ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. თურმე, როცა ჩვენმა მინისტრმა - მიხეილ ჩხენკელმა დაურეკა მოსწავლეების დედას იტალიაში, ემიგრაციაში და თურმე ამ ქალბატონს ტელეფონზე ელოდებოდა, სანამ ის მოხუცს აჭმევდა. ადამიანო, წერილი მოგწერეთ, შეხვედრა ვითხოვე, სოციალურ ქსელში გვერდის ადმინისტრატორი შემპირდა, მინისტრს აუცილებლად გადავცემო. იტალიაში მოსწავლის დედას თუ ელოდებოდით, მე მზად ვარ, ნებისმიერ დროს გაგახსენოთ ჩვენი საუბარი, რომ იქნებოდით დედა-უნივერსიტეტის მხარეს. თავად ამბობდით, უმძიმეს გარემოში ვიმყოფებით ფაკულტეტზე, რომ ეს არის ჭაობიო. მან კარგად იცის, რა მდგომარეობაცაა და ამისთვის მარტო ვიბრძვი. იმასაც ხომ კარგად ხედავს, რომ დღესდღეობით წარმოდგენილი კრიტერიუმები სხვა არაფერია, თუ არა ისევ იმ კლანის გადარჩენა. ძალიან მწვავე, მძიმე ინფორმაციები გვაქვს, მქონდა გარკვეულ პირებთან შეხვედრები. ჩვენ არ გავჩერდებით და გავამწვავებთ სიტუაციას. აქ აღარც ნაცზეა საუბარი, აღარც ქოცზე, არანაირ პარტიულ კუთვნილებაზე საუბარი არ არის. აქ არის იმაზე საუბარი, რომ 1986 წლიდან მოყოლებული, როდესაც მე ფეხი შევდგი უნივერსიტეტში, რა კლანიც და მართვის რა ფორმებიც დამხვდა, ზუსტად იმავე მეთოდებით აგრძელებენ დღესაც მართვას. ამის ატანა წარმოუდგენელია.

ალბათ, ამიტომაც გარბიან უცხოეთში ლექტორები...

- რაკი უცხოეთი ვახსენეთ, მინდა გითხრათ, რომ უცხოეთში დეკანის, კათედრის გამგის თანამდებობები მონაცვლეობითია და ყველა პროფესორი ენაცვლება ერთმანეთს, რადგან არავის სურს ეს თანამდებობები. სად სცალია უცხოელ მეცნიერს იმისთვის, რომ ფაკულტეტს უხელმძღვანელოს?! მეტიც - არ არსებობს ქვეყანა, სადაც პროფესორს კონკურსს ასეთი წესით  უტარებენ. ასისტენტ-პროფესორობიდან რომ გადადიხარ ასოცირებულ პროფესორად, იქ ყველაფერი დამთავრებულია. ეს კონკურსები წინა ხელისუფლებას ჭირდებოდა იმისთვის, რომ დაშანტაჟებული ჰყოლოდა ხალხი. დღევანდელ პირობებშიც იგივე ჭირდებათ. მე არ ვიცი, რა ხდება სხვა სფეროში, ჩემს სფეროში კი, განათლებას მართავენ ისევ ნაცები. იმდენად გამწარებული ვარ ახლა, რომ ყველასთან ვაპირებ შეხვედრას, რადგან უნივერსიტეტდან დღეს მხოლოდ სახელიღაა დარჩენილი.

ვისაც უნივერსიტეტის სახელი არ აღიზიანებს და რაღაც სასიკეთოს გაკეთება უნდა უნივერსიტეტისთვის, ყველასთან ვაპირებ შეხვედრას. კიდევ ერთხელ განვმარტავ კრიტერიუმების შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, ავთანდილ სილაგაძესთან ერთად შეიმუშავა დეკანმა. დეკანთან აღშფოთებული შევედი და მივხვდი, რომ მასთან საუბარი შეუძლებელი იყო. მან მითხრა, ეს კრიტერიუმები  14-მა პროფესორმა მიიღო და რას მიპროტესტებო. რვა პროფესორს დავურეკე,  ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ მონაწილეობა არ მიუღიათ ამ კრიტერიუმების შემუშავებაში. მათ შორის, დავით ნარმანიამ, ნოდარ ხადურმა და სხვებმა. როგორც ჩანს, მათ გარეშე მიიღეს ეს კრიტერიუმები და მათ შედგენაში მონაწილეობა ძალიან ვიწრო კლანმა მიიღო.

ფაკულტეტზე არ ხდება ცოდნის გაზიარება. მინისტრმა რომ კრიტერიუმები წარადგინა, იმ კრიტერიუმებში ძალიან დიდი ადგილი ეთმობოდა ე.წ. ციტირების ინდექსსა და H ინდექსს. ეს ორი რამ მიუღწეველ ფანტაზიად მიაჩნდათ ადამიანებს. ამ დროს, იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობდნენ და საკმაოდ მაღალი ხარისხის სტატიები ჰქონდათ დაწერილი, არც ციტირების ინდექსი ჰქონდათ და არც H ინდექსი. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო სწორედ იმ კასტისთვის, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მართავდა უნივერსიტეტს. ისინი ამ ინფორმაციას არ ავრცელებდნენ და საკუთარ კოლეგებს ამის შესახებ არ ეუბნებოდნენ, მაგრამ რაღაცნაირად მაინც გაჟონა ინფორმაციამ და დღეს ახალგაზრდებმა, რომლებმაც უკვე დაიწყეს ციტირების ინდექსზე მუშაობა, დააგროვეს ციტირების და H ინდექსებიც.

სამაგიეროდ, იმ ადამიანებს, რომელთა გაყვანასაც ესენი ფიქრობენ, ეს ინდექსები არ აქვთ და, შესაბამისად, ყველაზე ნაკლები ქულა უფიქსირდებათ ახლადშექმნილი შეფასებითი კრიტერიუმის მიხედვით. სად ხდება ეს და რომელ უნივერსიტეტში გინახავთ, რომ კოლეგები ერთმანეთს ინფორმაციას უმალავდნენ და ერთმანეთის გუნდურ მუშაობაზე არ ფიქრობდნენ?! იმ ვარიანტით, რომელიც თავის დროზე წამოაყენა მინისტრმა, ფაკულტეტზე მოხდებოდა სრული ცვლა. ახალგაზრდა თაობა ჩაანაცვლებდა ძველ თაობას. აქ ახალგაზრდას პირობითად ვამბობ, უფრო შემცვლელი თაობა იგულისხმება, თორემ რომელ ახალგაზრდაზეა საუბარი? 1986 წელს, მე რომ მოვედი უნივერსიტეტში სტუდენტად, ჩვენ უნდა ვითვლებოდეთ ახალგაზრდებად? ეს ხომ სასაცილოა.

ამ ბერკეტების ხელიდან გაშვება არ აწყობს ე.წ. წითელ ინტელიგენციას. ეს მინისტრის ინეტერსშიც უნდა შედიოდეს. მერე რა, რომ ის დღეს მინისტრია, ის იყო თავის დროზე უნივერსიტეტის კანცლერი და წმინდა ადმიანურად, მას ხომ ახსოვს, რაზეც მელაპარაკა. მინდა, მან ეს გაიხსენოს.

აღარ გავაგრძელებ ბევრ რამეზე დღეს საუბარს, მაგრამ ძალიან ბევრი რამ მაქვს სათქმელი. ფაქტია, ისევ ნაცკრიმინალური ბანდა მართავს სისტემას.