„უმრავლესობის ლიდერი პრეზიდენტს სადებატოდ იწვევდეს?! - ალბათ, საქართველოში შეიძლება მოხდეს მსგავსი რამ“

„უმრავლესობის ლიდერი პრეზიდენტს სადებატოდ იწვევდეს?! - ალბათ, საქართველოში შეიძლება მოხდეს მსგავსი რამ“

გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო გამოსვლის შემდეგ უმრავლესობისა და პრეზიდენტის დაპირისპირების თემა დღის წესრიგიდან არ იხსნება და სხვადასხვა რაკურსით გრძელდება. რატომ აწყობს მთავრობას, პარლამენტს და პრეზიდენტს უთანხმოების დემონსტრირება, ვინ რას იღებს ან კარგავს შექმნილი ვითარებით - მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

ვახტანგ ძაბირაძე: არჩევნების წელია და დაპირისპირება შესაძლოა, ხელს აძლევდეს როგორც ერთ ასე - მეორე მხარეს. როგორც ჩანს, გიორგი მარგველაშვილს ცალსახად სურს, დაადასტუროს, რომ ის არ არის „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, ცდილობს იყოს არა მხოლოდ ოპოზიციის არამედ, მთელი ქვეყნის პრეზიდენტი. მას სიტუაციის გამწვავება აწყობს, თუ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

რომ არ აპირებდეს კიდეც კენჭისყრას, მარგველაშვილის პოზიცია უფრო გასაგებია, ვიდრე ხელისუფლების, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო გამოსვლის დროს რეგლამენტის დარღვევის საკითხში პრეზიდენტის მხარეს არ იყო სიმართლე.

კინკლაობა აწყობს ხელისუფლებასაც იმიტომ, რომ მას გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, სჭირდება კონკურენტი. შესაძლოა, მათთვის ცნობილია, რომ მარგველაშვილი იყრის კენჭს და ცდილობენ, ვიდრე საარჩევნო კამპანია დაიწყება, მოახდინონ მისი დისკრედიტირება - წარმოაჩინონ აგრესიულ ფიგურად, რომელიც ცალკეულ შემთხვევაში ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს. ამ შემთხვევაში გამოყენებული იყო შეწყალების თემა, მაგრამ თუ ის მონაცემები, რაც გასაჯაროვდა, შს სამინისტროს მანამდეც ჰქონდა, უნდა ეზრუნა იმაზე, რომ პარლამემტს შესაბამისი შესწორებები მიეღო.

ასე რომ, ორივე მხარეს მეტ-ნაკლებად, ხელს აძლევს სიტუაციის გამძაფრება, თუმცა უმრავლესობა როცა პრეზიდენტს სატელევიზიო დებატებს სთავაზობს, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ცუდად არის საქმე - ეს ერთ რამეს უსვამს ხაზს - უმრავლესობას არ ესმის პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობა - სად გაგონილა, უმრავლესობის ლიდერი პრეზიდენტს სადებატოდ იწვევდეს?! - ალბათ, მხოლოდ საქართველოში შეიძლება, მოხდეს მსგავსი რამ.

სავარაუდოდ, ეს დაპირისპირება არც ერთ მხარეს არ მატებს იმიჯს და თუ ნებისმიერ ბრძოლას მიზანი უნდა ჰქონდეს, ამ შემთხვევაში რა შეიძლება ჩაითვალოს მიზნად? თუ მოწინააღმდეგის ჩაძირვა, ინსტიტუციურად ისინი დაპირისპირებული მხარეები არ არიან...

- ეს დამოკიდებულება თავიდანვე აირჩია „ქართულმა ოცნებამ“ და პრეზიდენტის სასახლეში შესვლა მიიჩნია სახელმწიფო მნიშვნელობის პრობლემად, თუმცა გაუგებარია, ეს რატომ ხდება. ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და ვინ რომელ სასახლეში იქნება, ეს არ არის მთავარი. არც მისი დანგრევა წაადგება საქმეს და არც მასზე მსჯელობა - ქვეყანაში უდიდესი და უმნიშვნელოვანესი პრობლემებია და ამ ფონზე მივიღეთ ის დაპირისპირება, რაც არის.

ასეთი ვითარება არა მხოლოდ ინსტიტუტებს აკნინებს, არამედ, მოსახლეობაში იწვევს გულგატეხილობას. როდესაც ხალხი ხედავს, რომ მისი ქვეყნის უმაღლესი პირები იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ მოსახლეობის პრობლემები გადაწყვიტონ, არამედ კინკლაობით არიან დაკავებული, ეს ინსტიტუტებსაც ანგრევს და ხალხის ნდობასაც ხელისუფლების მიმართ - როგორც არ უნდა შეატრიალოს გნებავთ ერთმა, ან მეორე მხარემ, რომ კრიმინალი გაიზარდა, პრეზიდენტმა ვიღაცეები შეიწყალა და ა.შ. ხალხი ამას აღიქვამს ჩვეულებრივ კინკლაობად.

როგორც შიძლება პარლამენტში გამართული დებატები ვინმემ ნორმალურად შეაფასოს? - ეს ერთმანეთის კი არა, საზოგადოების მიმართ არის აგდებული დამოკიდებულება. თუ საზოგადოებას ანგარიშს უწევ, ბევრი რამ უნდა მოითმინო და ამიტომაც აქვს სახელმწიფო მოხელეს თმენის ვალდებულება.

ბოლო პერიოდში აქტუალური იყო ოპოზიციის მარგველაშვილის ირგვლივ გაერთიანების თემა, თუმცა თავად პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისთვის მსგავსი რამ არც ერთ ოპოზიციურ ძალას არ შეუთავაზებია - საპარლამენმტო დებატების შემდეგ დავინახეთ მარგველაშვილისგან დისტანცირებული ოპოზიციაც - მათ შორისაც კონკურენტული გარემო შეიქმნა?

- არ ვთვლი, რომ წინასაარჩევნოდ გამოთქმული სურვილები საბოლოო გადაწყვეტილებაა. შესაძლოა, მოხდეს კანდიდატების განხილვა და ერთ მათგანზე შეჩერება. არ მგონია ეს პროცესი იმდენად ღრმად იყოს წასული, რომ შეუძლებელი იყოს გადახედვა. ჩემი მოსაზრებაა, რომ ოპოზიციას დიდი არჩევანიც არ აქვს, ამ შემთხვევაში მარგველაშვილი რამდენად არის ის ფიგურა, რომელიც შეიძლება ოპოზიციის საერთო კანდიდატად დასახელდეს, ვერ გეტყვით, მაგრამ საინტერესოა, თავად მარგველაშვილს რამდენად აქვს ამისი სურვილი.

რაც შეეხება შანსებს, სულ რამდენიმე ადამიანია, ვინც შეძლებდა ოპოზიციის ყველა ფრთის ამომრჩევლის გაერთიანებას, ერთ-ერთი მათგანი მგონია, რომ არის დავით უსუფაშვილი - ანუ მარგველაშვილს და უსუფაშვილს უფრო მეტი შანსი აქვთ ოპოზიციური ამომრჩევლის მიმხრობის, ვიდრე სხვა ოპოზიციური ძალების ლიდერებს. თვითონ შესაძლოა, სხვაგვარად ფიქრობენ, მაგრამ ვთვლი, რომ თუ ერთი ან მეორე იქნებოდა გაერთიანებული ოპოზიციური კანდიდატი, სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდა სახელისუფლებო კანდიდატს. წინაღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ჩვეულ ვითარებაში ჩაივლის. არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან შექმნილი სიტუაცია ასე გამოიყურება.

როდესაც საპარლამემტო რესპუბლიკის პრეზიდენტი პარტიულ კუთვნილებას წარმოადგენს, იმ კინკლაობამ რასაც მარგველაშვილის პრეზიდენტობისას ვუყურებდით, შესაძლოა, ბევრად უფრო მწვავე ფორმა მიიღოს - ეს არ არის პრობლემა?

- კონსტიტუცია არ არის გამართული და რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ, რომ დასავლეთი აღფრთოვანებულია, კონსტიტუცია არ არის მორგებული ქართულ რეალობას, თუმცა, იმაზე უკეთესია, რაც გვქონდა. ეს არის და იყო პრობლემა. რასაც თქვენ მეკითხებით, ეს რომ დალაგდეს, ამისათვის საარჩევნო სისტემა, პრეზიდენტის არჩევის წესია შესაცვლელი და თუ ეს არ შეიცვალა, ვერაფერი ვერ მოგვარდება.

თითქოს საპარლამენტო მმართველობაა, მაგრამ სინამდვილეში რა მმართველობაა, კვლავ გაუგებარია - ვინ პირველი პირია, ვინ - მეორე და ვინ ღებულობს გადაწყვეტილებას, ივანიშვილი თუ კვირიკაშვილი გაურკვეველია და ასე, არეული იქნება იქამდე, ვიდრე სრულად არ გავმართავთ კონსტიტუციას, რომელიც არის ასევე, გამართული სისტემის გარანტი.

30 წელია, ერთი პრობლემა გვაქვს და ალბათ ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საზოგადოება არ მივა იმ დასკვნამდე, რომ ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი.

ან ხელისუფლებას უნდა ეყოს გამბედაობა, რომ ამ მიმართულებით გადადგას ნაბიჯები, ხოლო საზოგადოებას უნდა ეყოს გონიერება, რომ ეს მოითხოვოს - ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება, ვერც სოციალურ პოლიტიკას ეშველება რამე, ვერც - ეკონომიკურს და ვერც ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ.

როცა მივხვდებით, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ამის გამკეთებელ ხალხს მოვიყვანთ ხელისუფლებაში, რეალურად მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიცვლება მდგომარეობა და სერიოზულად დალაგდება ქვეყანა.