ტაქსისტებს ყოველ წელს 50-100 ლარის გადახდა მოუწევთ

ტაქსისტებს ყოველ წელს 50-100 ლარის გადახდა მოუწევთ

საქართველოს პარლამენტმა 77 ხმით მხარი დაუჭირა თბილისის მერიის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მეშვეობითაც დედაქალაქში ტაქსის სერვისი სალიცენზიო საქმიანობა ხდება. რეგულაცია პირველად დედაქალაქში ამოქმედდება და ქვეყნის სხვა ქალაქებს არ შეეხება, თუმცა ეს, ალბათ, დროებით. მომავალში ტაქსების ლიცენზირება ყველგან დაიწყება.

ახალი წესის მიხედვით, ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციის გავლა და ავტომობილში სპეციალური საინფორმაციო ტაბლოს განთავსების ვალდებულება ექნებათ. მათ სავალდებულო წესით უნდა დაამონტაჟონ ტაქსომეტრები და ერთიანი ტარიფებით იმოძრაონ.

ამ დროისთვის არაა გადაწყვეტილი თუ რა ეღირება ლიცენზია, თუმცა მერიის ინფორმაციით, ის 50-100 ლარის ფარგლებში იქნება. არაოფიციალური ინფორმაციით, თბილისში ყოველდღიურად მინიმუმ 40 000 ტაქსი მოძრაობს. გამოდის, რომ მერია ლიცენზიის მოსაკრებლის მეშვეობით წელიწადში 2-4 მილიონ ლარს აკრეფს.

2018 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, თბილისის მთავრობამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით გადაყვანის ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესი.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ვარაუდობს, რომ ტაქსის მძღოლებს ყოველწლიური გადასახადი დაუწესდებათ, რაც მომსახურების სერვისს საგრძნობლად გააძვირებს.

„მერია ნებართვის პირობებთან დაკავშირებულ დეტალებს არ ასაჯაროებს, რაც ძალიან დიდ ეჭვს აღძრავს. კანონს ისე იღებენ, რომ კონკრეტული ვადა და თარიღი უცნობია. რაც შეეხება გადასახადს, მერიაში ამბობენ, რომ ეს იქნება დოკუმენტის, საფასური, რაც ტაქსის მძღოლს, ალბათ, 50-დან 100 ლარამდე დაუჯდება. პირველ ეტაპზე შეიძლება თქვან, რომ ეს ერთჯერადი გადასახადია, მაგრამ ასე ნამდვილად არ იქნება. დიდი ალბათობით, სალიცენზიო ნებართვის ტარიფი ყოველწლიურად გაიზრდება.

დღეს არსებული იაფი ტაქსი, რომლითაც შეგვიძლია 3-4 ლარად ვიმგზავროთ, წარსულს ჩაბარდება. დღესდღეობით იაფი კერძო ტრანსპორტი თბილისის მერიას სინამდვილეში ეხმარება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მწვავედ არ გამოჩნდეს. სამომავლოდ ტაქსები აუცილებლად გაძვირდება და ამ შემთხვევაში მგზავრთა ნაკადი გაიზრდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომელიც ისედაც არასაკმარისია. მერე უკვე მუნიციპალური ავტობუსების მგზავრობის გადასახადის ზრდის საკითხი დადგება დღის წესრიგში“, - აცხადებს მესხიშვილი და დასძენს, რომ ლიცენზიის აღების ეტაპები არასწორად განისაზღვრა, რაც სამომავლოდ მძღოლებს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის.

საკრებულოში მოსალოდნელ რეგულაციაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე ამბობს, რომ დეტალები „ოპტიმალურ ვადაში“ დაზუსტდება.

ამ ეტაპზე გარკვეული მხოლოდ ჯარიმის ფასია - ის მძღოლები, რომლებიც ულიცენზიოდ გადაიყვანენ მგზავრებს 200 ლარით დაჯარიმდებიან. ტაქსების კონტროლზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება.

ამ ეტაპზე თბილისში ყოველ 56 მაცხოვრებელზე ერთი ტაქსი მოდის, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.