მედიკამენტების გაიაფების ნამდვილი გზა თუ ფუჭი მცდელობა

მედიკამენტების გაიაფების ნამდვილი გზა თუ ფუჭი მცდელობა

საქართველოს მოქალაქეები მედიკამენტების საყიდლად თურქეთში ხშირად მიდიან. ეს იმიტომ, რომ ჩვენთან წამლები 2-3-ჯერ უფრო ძვირი ღირს. ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ ახლა იწყებს სერიოზულ მუშაობას მედიკამენტების გასაიფებლად, მაგრამ რა გამოვა ამ საქმიდან, ეს კიდევ სხვა საკითხია.

ბათუმელმა კობა ფარტენაძემ განაცხადა, რომ კონკრეტული წამალი თურქეთში სამჯერ უფრო იაფად იყიდა, ვიდრე ეს საქართველოში ღირს. მომხმარებლები ამბობენ, რომ თურქეთში მედიკამენტის ხარისხიც უკეთესია.

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკომ განმარტავს, თუ რატომ ღირს თურქეთში მედიკამენტები უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში. მინისტრის აზრით, დაბალ ფასს ბაზრის სიდიდე და ფარმაწარმოებაში სახელმწიფოს მონაწილეობა განაპირობებს.

„როდესაც ჩვენ 2007 და 2010 წლებში, უბრალოდ, ძალიან მარტივად მივიღეთ პრივატიზაციებზე გადაწყვეტილება, ჩვენგან განსხვავებით თურქეთი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა, იქ მძლავრი სახელმწიფო საპირწონეები დატოვა როგორც კლინიკებში, ისე ფარმაწარმოებაში. მეორე ის, რომ თურქეთი მოსახლეობის მხრივ საკმაოდ დიდ ბაზარს წარმოადგენს და სახელწიფოს მძლავრი ჩართვის გამო, თურქეთს საერთაშორისო მწარმოებლებთან აქვს მოლაპარაკება, რომ მათ გააკეთონ ე.წ. წარმოების ლოკალიზაცია, ანუ სხვა ქვეყნების დიდმა ფარმაკომპანიებმა აწარმოონ თურქეთში და ეს ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს“, - აღნიშნა სერგეენკომ.

ამისათვის საქართველოში ფუძნდება არასამეწარმეო იურიდიული პირი – „პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის“. მისი უმთავრესი ამოცანა, მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ნაწილისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, გაფართოვდება პროგრამა, რომელიც შარშან მაისში დაიწყო და 100 ათას ქულაზე ნაკლების მქონე სოციალურად დაუცველებს ემსახურება – მათ არაუმეტეს 1 ლარის ღირებულებით, 23 მედიკამენტით უზრუნველყოფს. სერგეენკოს თქმით, პროგრამით მოსარგებლეებს დაემატებიან პენსიონრები და შშმ პირები.

„თუმცა ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წამლის გაცემა 1 ლარად არ მოხდება, მაგრამ ამოცანაა, რომ მაქსიმუმ ნახევარი დახარჯონ იმასთან შედარებით, რაც ახლა ეხარჯებათ მედიკამენტებზე. იმედი მაქვს, მაისის ბოლოსკენ ან ივნისის დასაწყისში, პენსიონერებზე და შშმ პირებზე დაემატება მეორე ტიპის მართვის დიაბეტი, გულის უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ვვარაუდობთ, შემოდგომისთვის ეს 23 კომპონენტი გაუტოლდება ერთმანეთს არსებული სოციალურად დაუცველების და ახალი მოსარგებლეებისთვის. ხოლო მომავალი წლის დასაწყისიდან 23 კომპონენტი ორივე ჯგუფისთვის უნდა გახდეს 40 ან 45, 50-მდე“, – განაცხადა სერგეენკომ.

ჯერჯერობით ამ ყველაფერს ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები სიფრთხილით განიხილავენ. მედიკამენტებზე არსებულ მაღალ ფასებზე და სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო რეგულაციებზე ამახვილებს ყურადღებას ექსპერტი ირაკლი სასანია.

„თუ ეს იდეა განხორციელდა, იგი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება და მას რაც მთავარია, ექნება ორმაგი ეფექტი. პირველი - მოსახლეობის დიდ ნაწილს შეუმსუბუქებს ფინანსურ ტვირთს და მეორე - გარკვეული ზეწოლა განხორციელდება ფარმაცევტულ კომპანიებზე.

საზღვარგარეთ ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტებზე ფასებს მას შემდეგ განსაზღვავენ, რაც გაითვალისწინებენ მოსახლეობისა და სავარაუდო პაციენტების რაოდენობას, ისინი ატარებენ კლინიკურ კვლევებს, ჩართულნი არიან ამ პროცესში მკვლევარები, ითვალისწინებენ სარეკლამო ხარჯებს და ა.შ.

საქართველოში, რა პრინციპით ხდება მედიკამენტებზე ასეთი მაღალი ფასების დაწესება, ჩემთვის გაურკვეველია. მედიკამენტებზე ფასების ზრდის ერთადერთი შემაკავებელი და მარეგულირებელი სახელმწიფოა. ამდენად, აღნიშნული ინიციატივამ უნდა აიძულოს ფარმაცევტული კომპანიები დასწიონ მედიკამენტების ღირებულება“, - განუცხადა „კომერსანტს“ სასანიამ.