„შესაძლოა, ადამიანებს აღარ ჰქონდეთ პრობლემები ბანკებთან, მაგრამ შეექმნებათ პრობლემები კერძო პირებთან, მევახშეებთან, ლომბარდებთან“

„შესაძლოა, ადამიანებს აღარ ჰქონდეთ პრობლემები ბანკებთან, მაგრამ შეექმნებათ პრობლემები კერძო პირებთან, მევახშეებთან, ლომბარდებთან“

7 მაისიდან კომერციული ბანკებისთვის ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რაც სესხების გაცემის პროცედურის გამკაცრებას გულისხმობს. კომერციულ ბანკებს კლიენტის გადახდისუნარიანობის, მისი შემოსავლისა და ხარჯის დეტალური ანალიზის გარეშე სესხის გაცემა ეკრძალებათ. ეროვნული ბანკი ცვლილებათა ამ პაკეტით ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებას ცდილობს.

ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებს შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხის გაცემაზე ლიმიტი დაუდგინდებათ. ბანკები, რომლებიც ამ ლიმიტს მიაღწევენ, დაკარგავენ უფლებას, გასცენ სესხი მომხმარებლის შემოსავლის დეტალური შეფასების გარეშე. ახალი რეგულაციით, შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემული სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

ექსპერტთა ნაწილი ახალ რეგულაციებს არ იწონებს. მათი აზრით, ეს რეგულაციები პრობლემებს იმ მოქალაქეებს შეუქმნის, რომლებსაც შემოსავალი აქვთ, მაგრამ ამ შემოსავლის ოფიციალურად დადასტურებას ვერ შეძლებენ. ეს კი ორმაგად დააზარალებს როგორც ბანკს, ისე კეთილსინდისერ გადამხდელს. ახალი რეგულაციების მოწინააღმდეგე ექსპერტთა არგუმენტაციით, დავუშვათ, ადამიანი ცხოვრობს სოფლად, მოჰყავს მოსავალი, რომელსაც ბაზარზე ჰყიდის. თუმცა იმის გამო, რომ ამას ოფიციალური კონტრაქტის გარეშე აკეთებს და სახელმწიფოსთვის მისი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია მიუწვდომელია, იგი შემოსავლის დადასტურების გარეშე უბრალო განვადებასაც ვერ მოახერხებს.

ჩვენს ქვეყანაში კი საკუთარი შემოსავლების დადასტურება, სავარაუდოდ, ნახევარ მილიონ შრომისუნარიან, თვითდასაქმებულ ადამიანს არ შეუძლია, რომლებიც გადასახადს არ იხდიან ბიუჯეტში.

 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში საშემოსავლო გადასახადს მხოლოდ 1,18 მილიონი ადამიანი იხდიდა. ამ დროს კი სახელმწიფო სტატისტიკას თუ ვენდობით, დასაქმებულად ითვლებოდა 1.76 მილიონი ადამიანი. გამოდის, თუკი საშემოსავლოს მხოლოდ 1,18 მილიონი იხდის, ხოლო ნახევარ მილიონ ადამიანს საკუთარი შემოსავლის დადასტურება არ შეუძლია, ბანკებიც მათ მიმართ სესხის გაცემისას გულუხვნი არ იქნებიან. ამდენად, ახალი რეგულაცია ამ ადამიანებს სესხის აღებას გაურთულებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამიერიდან თვითდასაქმებულ ადამიანებს, ასევე, პენსიონერებს შესაძლოა, საბანკო სესხებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდოთ, რაც თავისთავად შეამცირებს საბანკო სესხების მოხმარებას და ამ ადამიანებს საშუალებას არ მისცემს, სესხი აიღონ.

გიორგი კეპულაძის დაკვირვებით, როგორც წესი, დაბალ თუ საშუალოშემოსავლიანი, ასევე, თვითდასაქმებული ადამიანები კარგ გადამხდელებად არ ითვლებოდნენ, ფინანსური პრობლემები სწორედ მათ ექმნებოდათ და შესაძლოა, სწორედ ამითაც იყო გამოწვეული აღნიშნული რეგულაციების დაწესება. სახელმწიფოს სურს, მაქსიმალურად აირიდოს ეს პრობლემები და ნაკლები პრობლემური სესხი გაიცეს. თუმცა, საბოლოო ჯამში, თუ ამ ადამიანებს არ ექნებათ ხელმისაწვდომობა საბანკო სესხებზე, მაშინ ისინი შეეცდებიან, აიღონ სესხები ლომბარდში, ან არაფორმალურ სექტორში მევახშეებთან. ანუ რეალურად ამ რეგულაციამ შესაძლოა, არ გადაჭრას ჭარბვალიანობის პრობლემა და ამ ადამიანებმა არაფორმალურად მაინც მოახერხონ სესხის აღება და საკუთარი თავისთვის პრობლემების შექმნა. შესაძლოა, მათ აღარ ჰქონდეთ პრობლემები ბანკებთან, მაგრამ ჰქონდეთ პრობლემები კერძო პირებთან, მევახშეებთან, ანუ ვისგანაც ისესხებენ თანხას.

მისივე თქმით, ახალი რეგულაციები, ასევე, შეამცირებს კომერციული ბანკების საცალო დაკრედიტებას. ძირითადად თვითდასაქმებული ადამიანები სარგებლობდნენ ისეთი საბანკო პროდუქტით, როგორიცაა განვადება. თუ განვადებაზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდებათ, ისინი ვერ მოახერხებენ თავიანთი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

„მე მგონი, ცოტა ნაჩქარევია ეს რეგულაციები. ეს პრობლემას დიდად ვერ გადაჭრის. შესაძლოა, შეამციროს ბანკში მსესხებელთა ის რაოდენობა, რომელთაც ბანკებში ისედაც ექმნებოდათ პრობლემები გადახდისუნარიანობის თვალსაზრისით. კომერციული ბანკების მიერ სესხის გაცემა ჭარბვალიანობის მიზეზი სულაც არ არის. ახალი რეგულაციები ფულზე მოთხოვნას ვერ შეამცირებს. ცხადია, არც ერთი ყოფისთვის ნორმალური არ არის, როდესაც ადამიანი საკუთარი შემოსავლის 60-80%-ს იხდის სწორედ სესხში, მაგრამ ამის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლებელია არა მხოლოდ რეგულაციებით, არამედ ეკონომიკური ზრდით. ადამიანებს უნდა შევუქმნათ უკეთესი საცხოვრებელი პირობები, რათა ისინი არ გახდნენ ჭარბვალიანები, მინიმუმ, თვიდან თვემდე მაინც შეძლონ თავის გატანა.

სახელმწიფომ უნდა მოახერხოს, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში ადამიანების შემოსავალი გაზარდოს. სესხები კი არ გაიზარდოს, არამედ გაიზარდოს შემოსავლები. შემოსავლების ზრდა კი მხოლოდ რეგულაციებით ვერ მოხერხდება. ამას სწორი ეკონომიკური პოლიტიკა სჭირდება. რაც შეეხება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარის განახევრებას, პრინციპში, 50%-იანი წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არც ერთ საბანკო სესხს არ აქვს. შესაბამისად, ეს უფრო პრობლემა იქნება, ალბათ, ონლაინგამსესხებლებისთვის, ლომბარდებისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილისთვის და მევახშეებისთვის. სავარაუდოდ, ეს ცვლილება ბაზრიდან საბოლოოდ გააქრობს სწრაფი ტიპის სესხებს“, - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

კონსტიტუციონალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კოტე ჩოკორაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ახალ რეგულაციებს გარკვეული ტიპის პრობლემები ახლავს ხოლმე. პირველ რიგში, ეს პრობლემები მოკლევადიან პერსპექტივაში შეექმნება ბაზარსაც, სანამ ბაზარი გადაეწყობა ახალ რეგულაციებზე. ეს ბანკებისთვისაც პრობლემა გახდება, რადგან დამატებითი რესურსის გაჩენა იქნება საჭირო იმისთვის, რომ უფრო დასაბუთებული ინფორმაცია მოიპოვონ სესხის გაცემისას. ამან შეიძლება, გარკვეული თვალსაზრისით, გააძვიროს სესხი მოქალაქეებისთვის.

„მოქალაქისთვის შეიძლება პრობლემა იყოს ის, რომ მას რეალურად აქვს შემოსავალი, მაგრამ ტექნიკურად ამის დადასტურება ძალიან უჭირს. ასეთ მოქალაქეს დამატებითი დროის დაკარგვა დასჭირდება მთელი პროცედურებისთვის. არადა, სესხი სწრაფად სჭირდებათ ადამიანებს, ზოგს სჭირდება საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად, ზოგს სჭირდება თავისი საქმიანობის გასავითარებლად. მაგალითად, თვითდასაქმებული ადამიანები არიან ტაქსისტები. მათ ჰყავთ ტაქსი და სურთ მანქანის გაუმჯობესება, ტურისტებზე მუშაობა. მათ დამატებითი თანხები სჭირდებათ. ცხადია, ტაქსისტებზე სესხის გაცემა ამიერიდან პრობლემური გახდება.

გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება დარეგულირდეს ყველაფერი, ბაზარიც მოერგოს სიტუაციას და ნაკლები სესხი გახდეს პრობლემური, ისიც შეიძლება, უფრო დაბალ ფასადაც გასცენ სესხები ბანკებმა, მაგრამ პირველადი ეფექტი რთული იქნება. მით უმეტეს, რომ შეზღუდვების დაწესებისას ხშირად კეთილსინდისიერი გადამხდელები ზიანდებიან. ამდენად, შესაძლოა, ათასი ადამიანი დაიცვან საბანკო პრობლემისგან და ადამიანის დაცვის თვალსაზრისით ეს კარგი იყოს, მაგრამ 20-30-50 ადამიანი დაზარალდეს ასეთ ვითარებაში. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქე და ვერ ვიტყვით, რაოდენობრივად რა უფრო უმჯობესია“, - აცხადებს კოტე ჩოკორაია და კანონის მიღებამდე მეტი დაფიქრების მომხრეა.

მისივე თქმით, პრობლემები შეექმნებათ სტუდენტებსაც, რადგან სტუდენტებს სესხი საკუთარი სწავლის დასაფინანსებლად სჭირდებათ და საკუთარ ინვესტიციას თავად დებენ. ყველას არ ჰყავს შეძლებული ოჯახი, რომ დაეხმაროს ამ საქმეში. ამიტომ სტუდენტების პრობლემა ისევ ჩვენს სახელმწიფოს დააწვება ტვირთად.