რამდენი კვადრატული მეტრი ერგება გამარჯვებულ პრეზიდენტს?

რამდენი კვადრატული მეტრი ერგება გამარჯვებულ პრეზიდენტს?

პრეზიდენტის სასახლემ შესაძლოა, მისამართი შეიცვალოს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ახალი პრეზიდენტი კი არა ავლაბრის, არამედ ათონელის ქუჩაზე არსებულ საპრეზიდენტო რეზიდენციაში შევა.

2012 წელს პრემიერისთვის აშენებული რეზიდენცია კვლავ დაკეტილია. მმართველი პარტია თვლის, რომ პრეზიდენტისთვის მინიჭებული უფლებების მიხედვით, ქვეყნის პირველი პირი ავლაბრის სასახლეზე გაცილებით მოკრძალებულ შენობაში უნდა მუშაობდეს.

რა ფუნქცია ექნება ავლაბრის რეზიდენციას იმ შემთხვევაში თუ „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმარჯვებს უცნობია. მმართველი გუნდი შენობაში მუზეუმის განთავსების იდეით გამოდის.

პრეზიდენტის სასახლეში მუზეუმის მოწყობას აპროტესტებს ოპოზიცია, მათ დღეს „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ავლაბრის სასახლე მისი შიდა და გარე ინფრასტრუქტურით, მხოლოდ მაღალი რანგის თანამდებობის პირის საოფისედ გამოდგება და მისი გადაკეთება შეუძლებელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ავლაბრის რეზიდენციას სამხედრო დატვირთვა აქვს და იქ ივანიშვილის ნახატების გამოფენა აბსურდი იქნება. გოცირიძის აზრით, ავლაბრის რეზიდენციიდან გამოსვლა იქნებოდა ბოლო წერტილის დასმა, სრული კაპიტულაცია და იმის ჩვენება, რომ უზურპირებულია ხელისუფლების ყველა შტო.

„ეს ამ ხნის განმავლობაში იყო რაღაც კუნძული, რომელიც არ იყო პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაში“,- მიიჩნევს გოცირიძე.

მისივე განმარტებით, იქ უნდა იყოს ან პრემიერ-მინისტრი ან უნდა იყოს პრეზიდენტი, რადგან ეს არის არა მხოლოდ სახელმწიფო სიმბოლო, მას აქვს გარკვეული სამხედრო კომპონენტებიც - არის საკმაოდ დიდი მიწისქვეშა კომუნიკაციები, გვირაბი და ა.შ.

მმართველ პარტიაში არ უარყოფენ, რომ ეს საკითხი აქტიურად განიხილება და განმარტავენ, რომ პრეზიდენტის ოფისი უნდა იყოს მოკრძალებული.

უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ მთავარია მოხდეს იმ ხარჯების შემცირება, რომელიც ავლაბრის რეზიდენციას სჭირდება.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე თვლის, რომ იმაზე მსჯელობა, თუ რამდენი კვადრატული მეტრი ფართი ეკუთვნის პრეზიდენტს, არის ამ ინსტიტუციის დასუსტებისა და დაკნინების მცდელობა.

„აქ საუბარი არ არის ფართზე, აქ საუბარი არ არის შენობაზე, საუბარი არის იმაზე, რომ თუ საქართველო არის სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუციებს ეკუთვნით შესაბამისი პატივისცემა. სახელმწიფო ინსტიტუცია გახლავთ პრეზიდენტი. არსებობს პრეზიდენტის სასახლე, ამიტომ პრეზიდენტის ადგილი გახლავთ პრეზიდენტის სასახლეში“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.