„უნივერსიტეტის პროფესორი არ არის მომზადებული საიმისოდ, რომ სკოლის მოსწავლეს ელაპარაკოს“

„უნივერსიტეტის პროფესორი არ არის მომზადებული საიმისოდ, რომ სკოლის მოსწავლეს ელაპარაკოს“

პროფესორები სკოლებში ონლაინლექციებს წაიკითხავენ. როგორც განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აცხადებს, სამინისტრომ ჩვენს წამყვან პროფესორებს, გამოჩენილ მეცნიერებს, ბრწყინვალე პედაგოგებს სთხოვა დამატებითი ონლაინგაკვეთილების ჩატარება მოსწავლეებისთვის. ეს პროცესი მოიცავს მთელ საქართველოს, 2085-ივე საჯარო სკოლას. ასევე, კერძო სკოლებშიც ონლაინრეჟიმით დამატებითი სპეციალური გაკვეთილები ჩატარდება.

მინისტრმა განმარტა, რისთვის არის საჭირო ონლაინლექციების წაკითხვა. მისი თქმით, სპეციალური ხასიათი მდგომარეობს იმაში, რომ პროფესორები ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე მოყვებიან თავიანთი დარგის ხიბლს, სილამაზეს, თუ რატომ აირჩიეს თავად ესა თუ ის პროფესია. ყველა დარგს გააჩნია თავისი უნიკალური მხარე და სწორედ ამას დაანახებენ ჩვენს ბავშვებს იმისთვის, რომ მოსწავლეებმა აღმოაჩინონ, რომ თურმე ჰქონიათ ამა თუ იმ დარგის ნიჭი. ონლაინლექციების შემდეგ შეიძლება, მოზარდებში მეცნიერებისადმი, ფიქრისადმი, ინტელექტუალური შრომისადმი სიყვარულმა გაიღვიძოს.

ცოცხალი ლექციებისგან განსხვავებით, ონლაინლექციებს შედარებით დაბალ საფეხურად მიიჩნევენ პროფესორები.

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ მებონია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პროფესორსაც გააჩნია, თუ როგორ შეძლებს ის, გააგებინოს ბავშვებს სათქმელი. ეს დამოკიდებულია ისევ პროფესორის კვალიფიკაციაზე, მის გამოცდილებაზე. თუმცა თავად ონლაინსწავლების პროცესი რამდენად კარგია, ამის თქმა ცოტა რთულია. ჯემალ მებონიას შეფასებით, ცოცხალი ლექციების ჩატარება მაინც შეუცვლელია და დისტანციური სწავლება ამ პროცესს ვერ შეცვლის.

„თავის დროზე, კინო რომ შემოვიდა, ჩათვალეს, რომ თეატრი მოკვდებოდა, მაგრამ თეატრი არ მოკვდა. პირიქით, უფრო გაძლიერდა. თეატრს თავისი ხიბლი აქვს და ადამიანებმა დაინახეს ცოცხალი კავშირის უპირატესობა. კინო შემოსული იყო, მაგრამ სულ სხვა ხიბლი ჰქონდათ ჩვენს კორიფეებს- ვახტანგ ჭაბუკიანს, აკაკი ხორავას... თეატრი ისე პოპულარული იყო, რომ ბილეთს ვერ იყიდდით, მიუხედავად იმისა, რომ კინოს აღმავლობის პერიოდი იდგა. ონლაინლექციების შემთხვევაშიც იგივე ითქმის. ცოცხალ პროცესს ვერავინ შეცვლის, მთავარია, როგორმე ჩვენი მასწავლებლების დონე ავწიოთ. სამწუხაროა, რომ მაინცდამაინც უცხოელებმა უნდა გვითხრან, რომ ჩვენი ბავშვების წიგნიერების დონე დაბალია. არადა, სწორედ ფუნდამენტურ საგნებში გვქონდა მოწინავე პოზიციები მთელ მსოფლიოში. განათლება უპირველესი მიზანი უნდა იყოს საქართველოში, გაუნათლებელი ხალხით ვერაფერს გავაკეთებთ. ჩვენი ბავშვები კი კომპიუტერებთან არიან ჩამსხდარნი, ჩასუქებულნი. სპორტმა არ უნდა დაკარგოს თავისი ხიბლი. თორემ ერი დაკნინებისკენ წავა“, - აღნიშნა ჯემალ მებონიამ.

განათლების პოლიტიკის მკვლევარი, პროფესორი სიმონ ჯანაშია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ონლაინლექცია მაინც ექსპერიმენტია და გამოჩნდება, რამდენად შეუძლიათ ლექტორებს, დააინტერესონ მოსწავლეები. უნივერსიტეტის პროფესორი მაინცდამაინც არ არის მომზადებული საიმისოდ, რომ სკოლის მოსწავლეს ელაპარაკოს. ხშირად უფროსებს გვგონია, რომ მოსწავლეებს რაღაც აინტერესებთ, მაგრამ, სინამდვილეში, სხვა რაღაცები უფრო აინტერესებთ. ამიტომ ლექტორმა უნდა იცოდეს ასაკობრივი თავისებურებები, უნდა იცოდეს, როგორ დაალაგოს მასალა, რომ მოზარდებისთვის აღსაქმელად არც ზედმეტად რთული იყოს და არც ზედმეტად მარტივი. გარდა ამისა, ლექტორმა უნდა მოძებნოს საერთო ინტერესი თავის მოსწავლეებთან ერთად. ეს მარტივი მისაღწევი არ არის.

„ზოგადად, დისტანციური სწავლება საქართველოში საკმაოდ განუვითარებელია და კარგია, რომ რაღაც ინიციატივა არსებობს ამ თვალსაზრისით. თუმცა არ ვიცი, რა იგულისხმება ონლაინლექციებში. ეს ჩაწერილი ლექციები იქნება, თუ პირდაპირ რეჟიმში წაიკითხავენ ლექციებს?! ზოგადად, ონლაინსწავლება მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, მათ ბევრი რამის სწავლა მოუწევთ დამოუკიდებლად. ჯერ კიდევ წინა მინისტრის დროს დაიწყო ამაზე საუბარი. იმ პერიოდში არსებობდა იდეა, რომ სკოლაში მყოფი მოსწავლეებისთვის პირდაპირ რეჟიმში ჩაეტარებინათ ონლაინლექცია, ან წინასწარ ჩაწერილი ლექცია ეჩვენებინათ“, - აღნიშნა სიმონ ჯანაშიამ.

ონლაინლექციების შეფასებისას ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ელიავა აცხადებს, რომ ასე ჩვენ შეიძლება მივიდეთ იქამდე, რომ ბავშვი შეიძლება სახლში იჯდეს, ან იწვეს ტახტზე და მას ონლაინრეჟიმში უკითხავდნენ გაკვეთილებს. ასეთ მარაზმამდე კი არ უნდა დავიდეთ.

„ცოცხალი ლექცია განსაკუთრებულია. მით უმეტეს, აქცენტი ახლა ყოველთვის კეთდება ინტერაქტიულ (გამოკითხვით) გაკვეთილზე, ინტერაქტიულ ლექციაზე, როდესაც შენ არა მარტო რაღაცას უყვები მოწაფეებს ან სტუდენტებს, არამედ მათ აქტიურად ეკონტაქტები, კითხვებს უსვამ, მათ პასუხებს უსმენ. თუ ვიღაც მონდომებულია, ონლაინლექცია ჩაწეროს, კი ბატონო, ჩაწეროს ვიდეო, ატვირთოს ინტერნეტში და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. შეიძლება, მეთოდურ ლიტერატურაშიც შეიტანონ ონლაინგაკვეთილები და ვიღაცამ სიამოვნებით უყუროს, თუკი ამის სურვილი გააჩნია. თუმცა სკოლაში მოვითხოვოთ ამის გაკეთება, ეს ნიშნავს, რომ, ბოლოს და ბოლოს, მივალთ „დივანის სწავლებამდე“, - აცხადებს ლია ელიავა For.ge-სთან საუბარში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კოტე ჩოკორაია მიიჩნევს, რომ, ზოგადი პათოსიდან გამომდინარე, ინტერნეტტექნოლოგიების გამოყენება საინტერესო და კარგია. დღეს ჩვენ ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ და ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ.

„ზოგადად, აკადემიური ცოდნის გადაცემა მოსწავლეებისთვის კარგი იდეაა. მოსწავლეებს ხელი უნდა შევუწყოთ, როგორც ეროვნულ-სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნის გადაცემაში, ასევე, სხვა დამატებითი ცოდნის მიღებაში. ამაში თუ აკადემიური საზოგადოებაც ჩაერთვება, კარგი იქნება“, - გვითხრა კოტე ჩოკორაიამ.