„რესპუბლიკის მოედანს“ სახელის ხშირი ცვლილება დაებედა. 2003 წელს მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2005 წლიდან მოყოლებული, ამ მოედანს „ვარდების რევოლუციის მოედანი“ ეწოდა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაისვა საკითხი, რომ ამ მოედნისთვის „პირველი რესპუბლიკის მოედნის“ სახელი დაებრუნებინათ, როგორც ეს იმთავითვე იყო, ოღონდ მაშინ ცოტა შეკვეცილი ფორმით მოიხსენიებოდა-„რესპუბლიკის მოედანი“. „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ამ სურვილის განხორციელება კარგა ხნით გადაიდო.
დღეს „ვარდების რევოლუციის მოედნის“ სახელის გადარქმევის რეალური პერიოდი დადგა, რადგან 26 მაისს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების თარიღს ვზეიმობთ. აშკარაა, რომ „ვარდების რევოლუციის მოედნისთვის“ სახელის გადარქმევას გააპროტესტებენ ისინი, ვინც ამას ყოველთვის აპროტესტებდა. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი სახელის გადარქმევის ინიციატივას ვიწროპარტიულ და იაფფასიან პოლიტიკურ აქციას უწოდებს. მისი აზრით, ვარდების რევოლუცია არ არის მხოლოდ ერთი პარტიის საკუთრება. ეს არის დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა შეურაცხყოფა ვერ აიტანა.
ამის მიუხედავად, კახა კალაძე შეუვალია. თბილისის მერი „ვარდების რევოლუციის მოედნისთვის“ დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭებას მხარს უჭერს და იმედოვნებს, რომ თბილისის საკრებულოს ამ ინიციატივის მიმართ ჩვენი საზოგადოებაც არ იქნება გულგრილი.
უნდა ჩაბარდეს თუ არა წარსულს „ვარდების რევოლუცის მოედნის“ ხანმოკლე დასახელება?
„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ცნობილი ტირანებისა და ჯალათი ბოლშევიკების სახელები „ამშვენებს“ თბილისის ცალკეულ ქუჩებს. ასე რომ, აუცილებელია ამ დასახელებებისგან ჩვენი დედაქალაქის გაწმენდა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შემდეგ „ვარდების რევოლუციის მოედნის“ ჯერიც უნდა დადგეს.
ქართველი პოლიტიკოსის აზრით, ნებისმიერი ცვლილება უნდა იყოს ქვეყნის პოლიტიკური ფასეულობების შემადგენელი ნაწილი და არ უნდა იყოს პიარზე გათვლილი. ლენინის ძეგლი როდესაც ჩამოვიღეთ, ეს უნდა ყოფილიყო სიმბოლო იმისა, რომ ბოლშევიკების გზაზე არ ვაპირებდით სიარულს და ეს უნდა ასახულიყო ყველაფერში, მათ შორის, კანონმდებლობაშიც, რადგან ლენინი იყო სიმბოლო, რომელმაც პარტიული და სახელმწიფო ინსტიტუტები გააერთიანა და შეურწყა ერთმანეთს. თუ ჩვენ იმავეს ვტოვებთ, მაშინ ლენინი ცოცხალი ყოფილა და გინდა, ძეგლი ჰქონდეს დადგმული და გინდა, ფიტული. ასევე, ვარდების რევოლუციაზე როცა ლაპარაკობენ, თუ უნდათ, სახელი გადაარქვან მოედანს, მაშინ ახსნან, რატომ უცვლიან სახელს, შეფასება მისცენ ვარდების რევოლუციას.
„2003-12 წლების პოლიტიკური შეფასება გააკეთე, დამარწმუნე იმაში, რომ 2003 წელს მომხდარი ამბავი ქვეყანამ, საზოგადოებამ, პოლიტიკურმა ელიტამ შესაბამისი პოლიტიკური თუ სამართლებრივი კრიტერიუმებით განიხილა, დადო დასკვნა და საზოგადოების კონსენსუსის შემდეგ, ბუნებრივია, თუკი რაიმე არასწორი ატრიბუტიკაა დარჩენილი, აუცილებლად უნდა შევცვალოთ. თორემ ახლა „ვარდების მოედანს“ სახელი გადავარქვათ და „ნაცმოძრაობას“ ხელი შევუწყოთ, ყოველდღიურად სახელისუფლებო ეთერით პროპაგანდირებული იყოს, სწორი არ იქნება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთ მილიონ 700 ათასს ვუხდით „ნაცმოძრაობას“, კიდევ ერთ ამდენივეს ვუხდით „ნაცმოძრაობის“ სატელიტ პარტიებს, ერთ ამდენს ვუხდით „ევროპულ საქართველოს“ და მის სატელიტ პარტიებს. ე.ი. სადღაც 3 მილიონზე მეტი თანხა ბიუჯეტიდან იხარჯება ამ პარტიების პოლიტიკური ცხოვრების უზრუნველსაყოფად და ამ დროს „ვარდების მოედნისთვის“ სახელის გადარქმევა გახდა მთავარი?! სისტემატიზაცია გვაკლია და, ელემენტარულად, როგორც თავის დროზე რუსეთის იმპერია დაამხეს და იმპერიალისტური საბჭოთა კავშირი მიიღეს, ზუსტად ასე ხდება ახლაც. ამიტომ ეს არ არის დამაჯერებელი, ეს არის პიარგათვლა, საზოგადოების ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანა. ცხადია, „ვარდების მოედნისთვის“ სახელის გადარქმევის მომხრე ვარ, მაგრამ არ შეიძლება, ამ საკითხს სუბიექტურად მივუდგეთ და რომელიმე პიროვნების სურვილით ვცვალოთ სახელწოდებები, სიმბოლიკები თუ ატრიბუტები და არსი დავტოვოთ იგივე. სწორედ ასე აკეთებდა სააკაშვილი. თითქოს მან საბჭოთა სიმბოლიკა აკრძალა, მაგრამ საბჭოთა სისტემა დატოვა ქვეყანაში“, - აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.
მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც მისი პარტიის პოლიტიკური წინაპრები, ღირსეული მამულიშვილები- „ეროვნულ-დემოკრატები“ ოპოზიციაში იყვნენ და უარყოფითად აფასებდნენ ნოე ჟორდანიას მთავრობის ქმედებას, მათთვისაც პირველი რესპუბლიკა იყო საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლო. ბუნებრივია, 26 მაისი ჩვენი დამოუკიდებლობის სიმბოლოა და, გვინდა თუ არა, პირველ რესპუბლიკასთან მიმართებით უნდა უკვდავყოთ მისი სახელი. ამდენად, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი უნდა არსებობდეს თბილისში, მაგრამ ამისთვის კონსენსუსი გვჭირდება და ეს კონსენსუსი, თუ ეროვნული თანხმობა გადაწყვეტილებებშიც უნდა აისახოს.
„თბილისის ზოგიერთ ქუჩას ჰქვია იმ ბოლშევიკების სახელები, რომლებიც 1924 წელს ეროვნულ მოღვაწეებს, ეროვნული აჯანყების მონაწილეებს, საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრეებს ხვრეტდნენ. 1937-ში თავად ეს ტირანი ხალხი დახვრიტეს და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი შვილები და შვილიშვილები პარლამენტში იყვნენ და დამოუკიდებელ საქართველოში თანამდებობი ეკავათ, მათ თავიანთი ტირანი წინაპრების სახელები მიანიჭეს ქუჩებს. ტირანების შთამომავლებს არ გაუთვალისწინებიათ ის, რომ, მართალია, მათი წინაპრები შიდა კლანური გარჩევების დროს 37-ში დახვრიტეს ბოლშევიკებმა, მაგრამ მანამდე ისინი ხომ თვითონ ხვრეტდნენ პატიოსან ხალხს.
სწორედ ასეთი დასახელებების ქუჩებია თბილისში და კალაძეს თუ უნდა პირველი რესპუბლიკის პატივისცემა, მთლიანად გადახედოს ამ ქუჩების სახელწოდებებს. პირადად მე ასეთი რამდენიმე ქუჩა ვიცი, რადგან ამ ქუჩების მიღმა შემონახული სახელები ცნობილ ტერორისტებსა და მკვლელებს ეკუთვნით. მათ შვილებთან, ყოფილ დეპუტატებთან პიროვნულად არანაირი პრობლემა არ მაქვს, რადგან ისინი ჩემი კოლეგები იყვნენ, მაგრამ ამ ქუჩების დასახელების შენარჩუნება არასახელმწიფოებრივი მიდგომა იქნება“.
„სახალხო ფრონტის“ ლიდერი ნოდარ ნათაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ვარდების მოედანი“ დებილური სახელია, ეს სერიოზული ადამიანების მიერ დარქმეული სახელი არ არის. ერთადერთი ნეიტრალური სახელი „თავისუფლების მოედანია“, რომელსაც ისტორიაში პოზიტიური ხდომილებები აქვს. კომუნისტების ხელში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის რამდენიმე გამოსვლა სწორედ თავისუფლების მოედანთანაა დაკავშირებული. ამიტომ ამ მოედანმა უკვე მოიპოვა საფუძველი, რომ ღირსეულად შევიდეს საქართველოს ისტორიაში.
„პირადად ჩემი ფორმულირებაა, რომელიც მე ურყევად მაქვს უკვე რამდენიმე წელიწადია, რომ ისტორიამ იცის ორი შემთხვევა, როდესაც მთავარსარდალი ომობს მტრის მხარეზე- ერთია შევარდნაძე, მეორეა სააკაშვილი. მე ამას ისტორიის თავისებურებად ვთვლი. ის, რომ ასეთი შემთხვევები გვაქვს სწორედ საქართველოში და არსად სხვაგან, შემთხვევითობად არ მიმაჩნია, რადგან დღეს ჩვენს მენტალიტეტს მრავალი პათოლოგია სჭირს. სიტუაცია ასეთია, რომ ქართველები სწორედ ასეთი პათოლოგიური ტიპების დაწინაურებას უწყობენ ხელს. საქართველოს დამოუკიდებლობასთან არანაირი საერთო არ ჰქონდა სააკაშვილს ისევე, როგორც შევარდნაძეს. ორივე მათგანი რუსეთის გამოხატული აგენტი იყო“, - აღნიშნა ნოდარ ნათაძემ.