ექსპერტთა ნაწილი გაზსაცავის აშენების აუცილებლობაზე საუბრობს. მათი მოსაზრებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც გაზსაცავი არ აქვს. ეს მაშინ, როცა ენერგოუსაფრთხოება მნიშვნელოვანია და გაზის შეწყვეტა არ უნდა იწვევდეს კრიტიკულ საფრთხეს გაზის იმპორტზე დამოკიდებულ ჩვენს ქვეყანაში.
გაზსაცავს, როგორც ენერგოუსაფრთხოების საუკეთესო საშუალებას, ბევრი ქვეყანა აშენებს. ამჟამად მსოფლიოში 700-მდე გაზსაცავია. აქედან სამი მათგანი ამიერკავკასიაშია-ერთია სომხეთში, ორი კი-აზერბაიჯანში. 13 მიწისქვეშა გაზსაცავი აქვს უკრაინასაც.
მიწისქვეშა საცავში გაზის შენახვისა და ენერგოკრიზისის დროს მისი გამოყენების აუცილებლობაზე საქართველოში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საუბრობდნენ. თუმცა თანხის არარსებობის გამო პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა. ახლა კი, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მოთხოვნით, იმპორტზე დამოკიდებულ ყველა ქვეყანას გაზის სტრატეგიული მარაგი უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს, აქ იგულისხმება საქართველო, რომელიც 100%-ით იმპორტულ გაზზეა დამოკიდებული.
ამის მიუხედავად, არსებობს ქართველ ექსპერტთა გარკვეული ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ამჟამად საქართველოში გაზის მოხმარება არ არის იმ დონის, გაზსაცავის კრიტიკული საჭიროება გვაწუხებდეს. ამას ემატება ისიც, რომ ევროკავშირმა გაზის მიწისქვეშა საცავის აშენების ვადა 2023 წლამდე გადაგვიწია. 10-15 წლის შემდეგ, როცა საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება გაიზრდება, საცავი აუცილებლად დაგვჭირდება.
ყოველი შემთხვევისთვის, საქართველოში გაზსაცავის ასაშენებლად უკვე სამი ადგილია შერჩეული- ჭალადიდის (200 მლნ კუბ/მ მოცულობის გაზი), სამგორის (250 მლნ კუბ/მ) და ნინოწმინდის (400-500 მლნ კუბ/მ). საბადოებს შორის უპირატესობა ნინოწმინდას მიანიჭეს, რაც იმით ახსნეს, რომ ყველაზე დიდი მოცულობის საბადოა და გაზსაცავის მშენებლობა გაცილებით ნაკლებხარჯიანი იქნება. ნინოწმინდის ნავთობის ყოფილი საბადოს რეზერვუარში საქართველოსთვის 2 თვის მარაგის გაზის შენახვაა შესაძლებელი.
ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, დამსახურებული ინჟინერი ანზორ ჭითანავა For.ge-სთან საუბარში იზიარებს მოსაზრებას, რომ გაზსაცავი ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიაა. მისი გამოყენება საჭიროა კატასტროფების, კრიმინალური მოვლენების თუ პოლიტიკური აშლილობის პერიოდში განვითარებულ პროცესთა დასარეგულირებლად. თუკი პოლიტიკური ინტერესის გამო მეზობელი სისტემებიდან ენერგომატარებლების მიწოდება შეგვიწყდება, ან პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით მეზობლების ტექნიკურ საშუალებებზე მომხდარი ავარიის ან აფეთქების გამო, ქვეყნის შიგნით უნდა გვქონდეს საკუთარი რესურსი, რომლითაც მოვახდენთ საკუთარი მოსახლეობის დაკმაყოფილებას და ეკონომიკის ფუნქციონირებას.
„გაზსაცავის მშენებლობა აუცილებელია, რათა ჩვენ ენერგეტიკული უსაფრთხოების დონე ავიმაღლოთ და კრიტიკული სიტუაციის დროს სტაბილურობის განცდა შევქმნათ ქვეყანაში. რაც უფრო ვიწროვდება წრე და ალტერნატიული ჩანაცვლების საშუალებები მცირდება, მეტი დატვირთვა ენიჭება გაზსაცავის მშენებლობის დაჩქარებას. გაზსაცავის ასაშენებლად ჩვენ უნდა ვიპოვოთ გეოლოგიურად შესაფერისი ადგილი, სადაც მოხდება გაზის დაჭირხვნა, რომელიც მილების საშუალებით, ან მეზობელი სისტემებიდან, ან ჩვენივე საკუთარი მოპოვების არხებით, დაიჭირხნება მოცულობაში. აქ მთავარი საკითხია, როგორ უზრუნველვყოთ გაზის გაჟონვის ლიკვიდაცია, გაზსაცავი ჰერმეტიულად უნდა იყოს დახურული. ამავე დროს, გაზსაცავი საშუალებას უნდა იძლეოდეს, რომ მოთხოვნილების შესაბამისად დაჭირხნილი გაზი მივაწოდოთ მომხმარებელს ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. სირთულე არის ზუსტად ამაში და არა იმაში, რომ გაზსაცავის მშენებლობა შეუძლებელია. შეუძლებელი არაფერი არ არის, მაგრამ გააჩნია გეოლოგიურ პირობებს. თუ ქანები იმის საშუალებას იძლევა, რომ ბუნებრივი აირი არ გაიპაროს, მაშინ ასეთ საცავს ყველა სახელმწიფო აშენებს. ცალკეული ქვეყნები დიდი რაოდენობით თანხას ხარჯავენ, რათა ქვაბულები და მიწისქვეშა მოცულობები სპეციალური შემავსებლებით შეავსონ, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს გაზის გაპარვის შეზღუდვა“,-აცხადებს ანზორ ჭითანავა.
მისივე თქმით, ასეთი ადგილები არის საქართველოში და ისინი ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან გახლავთ მოძიებული, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო დაბრკოლდა გაზსაცავის მშენებლობა. ვინაიდან ახლა ისევ გააქტიურდა ამ თემაზე საუბარი, ანზორ ჭითანავა ვარაუდობს, რომ გაზსაცავის აშენებას მეტი პერსპექტივა ექნება.
სპეციალისტის განმარტებით, ბუნებრივი აირის გარდა, ჩვენს ქვეყანას კომუნისტების დროს მაზუთის მარაგებიც ჰქონდა შემონახული თბილისისთვის და ამისთვის სპეციალური ჭურჭლებიც იყო დამზადებული. როგორც წესი, ეს მარაგები 1-ლი ოქტომბრისთვის მთავრობის დონეზე კონტროლდებოდა და ხელისუფლებამ იცოდა, რამდენად იყო შევსებული საწვავისა და ენერგომატარებლების მარაგი.
„ასე რომ, მრავალი საკითხის მოგვარება მოგვიწევს. არა მარტო გაზსაცავის, არამედ წყალსაცავების შევსების საკითხიც აქტუალურია ისევე, როგორც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის საწვავით მომარაგების საკითხი. ეს ყველაფერი უშუალოდ ქვეყნის უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია. ამის მხარდაჭერა აუცილებელია და სპეციალისტებში ეს კითხვებს არ აჩენს. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს ვიღაცის პირადი ინტერესისთვის კეთდება და ამაზე ვიღაც ფულის გაკეთებას აპირებს, ეს სისულელეა. გაზსაცავი ქვეყნის სტაბილურობის გარანტია“.