ხორბლის იმპორტიორები ფქვილის გაძვირებზე ალაპარაკდნენ. მართლაც ბოლო დღეებში 2 ლარით მოიმატა 1 ტომრის ღირებულებამ. ამის მიზეზი ფიტოსანიტარიული კონტროლის წესში მთავრობის დადგენილებით შესული ცვლილებებია, რომელთა მიხედვით, გენმოდიფიცირებაზე ანალიზი საქართველოში, ხორბლით დატვირთულ ყველა შემოსულ მანქანას უნდა ჩაუტარდეს. აქამდე ეს პროცედურა მათთვის უფასო იყო, ახლა კი სპეციალური ტარიფი დაწესდა.
ფიტოსანიტარული კონტროლის შესახებ მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილებით, ხორბლის გენმოდიფიცირებაზე შემოწმების ანალიზი ფასიანი ხდება და ხორბლით დატვირთული ყოველი მანქანის ანალიზი, იმპორტიორს 250 ლარი დაუჯდება.
შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქციის გამოსავლენად ლაბორატორიული კვლევის საფასურის დაწესების შესახებ იმპორტიორებმა იცოდნენ. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარიული კონტროლის სამმართველოს უფროსის, თენგიზ მარტიაშვილის თქმით, ყველა იმპორტიორი გადამხდელადაა რეგისტრირებული, მათ გააჩნიათ საკუთარი გვერდები, შესაბამისად, შეტყობინებები ყველას გაეგზავნა.
ახალი რეგულაციია გამო ფქვილის ფასი უკვე შეიცვალა და ცოტათი გაძვირდა კიდეც - 1 ტომარა 1,5-2 ლარით. რა გავლენას მოახდენს იგი პურპროდუქტების ბიზნესზე, ჯერ უცნობია. მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ნებისმიერ სფეროში ნებისმიერი რეგულაცია, საბითუმო და სარეალიზაციო ფასზე ასახვას ჰპოვებს, თუმცა მზა პურპროდუქტის გაძვირებაზე ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია.
„მზა პროდუქტს რამდენად გააძვირებენ, ჯერ არ ვიცით, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ თვითღირებულებას რომ 2 ლარი დააწვა, ეს უკვე გასათვალისწინებელია. ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც ტარდება, აუცილებლად აისახება შემდგომ ფასზე. კონტროლს ითხოვენ ხორბალზე და ამ დროს სიმინდზე უფრო უნდა მოითხოვონ ფიტოსანიტარიული კონტროლი, ვიდრე ხორბალზე.
რატომ ვუძვირებთ ამ ხალხს პროდუქტს, არ მესმის. ხომ უნდა გაითვალისწინონ, რომ სამომავლოდ თითქოს შეუმჩნევლად ყველაფერი გაძვირდება?“ - აცხადებს დოლიძე.
მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ფასიანი ანალიზს შემოღება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესს უკავშირდება და მას ქართული მხარე წინ ვერ აღუდგებოდა.
„საქართველოში ხორბალი სამი გზით შემოდის, გემით, რკინიგზითა და ავტომანქანებით. ანალიზის აღების სპეციფიკა კი გულისხმობს, რომ ყველა დახურული სივრციდან ერთი სინჯი უნდა იქნეს აღებული. ეს გემის შემთხვევაშიც ერთია, სადაც დიდი რაოდენობის ხორბალი ეტევა და მანქანის შემთხვევაშიც ერთია. ამიტომ მანქანით შემოსული, შესაძლო გაძვირებული ხორბალი, დაბალანსდება გემით და რკინიგზით შემოსული ხორბალით. ამიტომ პურპროდუქტების საცალო ღირებულება ფასი არ შეცვლება“, - განუცხადა „ბიემს“ სილაგავამ.