მაისის ბოლომდე ლომბარდებს რეგულაციის მარწუხებში მოაქცევენ

მაისის ბოლომდე ლომბარდებს რეგულაციის მარწუხებში მოაქცევენ

ლომბარდების საქმიანობს რეგულირების აუცილებლობაზე დიდი ხანია მიდის საუბარი და როგორც იქნა, გარკვეული შედეგი მიღწეულია. ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ლომბარდებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები მიმდინარე თვის ბოლომდე დაწესდება.

როგორც ბახტაძემ განუცხადა, ავტომობილების და უძრავი ქონების დალომბარდება არის ძალიან ნეგატიური პრაქტიკა და ამ მიმართულებით პრინციპული ნაბიჯები გადაიდგმება.

„მნიშვნელოვანია უმოკლეს ვადებში და ეს მაისის თვეს არ გასცდეს, მივიღოთ ახალი თამაშის წესები ლომბარდებთან დაკავშირებით. ის საქმიანობა, რომელიც განსაკუთრებით უკავშირდება ავტომობილების და უძრავი ქონების დალომბარდებას, არის ძალიან ნეგატიური პრაქტიკა. ეს მომხმარებლებზე ცუდად აისახება და ხშირ შემთხვევაში გახდა კრიმინალის წყაროც. ამიტომ, მე ვფიქრობ ამ მიმართულებითაც უნდა გადავდგათ პრინციპული ნაბიჯები. გვჭირდება პრინციპულად და ხარისხობრივად ახალი წესები“, - განუცხადა „აიპიენს“ ბახტაძემ.

ლომბარდების მიმართულებით მართლაც ცუდი ვითარებაა და ამ ტიპის ორგანიზაციები რეგულაციას ადასტურებს „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე. როგორც იგი აღნიშნავს, საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე ემზადება ახალი რეგულაციებისთვის და შესაძლოა, ცვლილება არარეგულირებად საფინანსო სექტორსაც შეეხოს.

„ლომბარდში ადამიანი უკიდურესი შემთხვევის გარდა არ მიდის. მისი მომხმარებელი არის საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანი. ბინისა და მანქანის ლომბარდში მაღალი პროცენტით ჩადება არც ღირს საერთოდ და სჯობს, რომ არც დაიწყონ ამ ფულით არანაირი საქმიანობა.

რა იქნება მომავალში და როგორი რეგულაციის ჩარჩოში მოექცევიან, არ ვიცი, თუმცა ვიცი რეგულაციების შესახებ, რომლებსაც უკვე ეროვნული ბანკი ამზადებს და სულ მალე გახდება ყველასთვის ნათელი. შესაძლოა, მათი ცვლილება არარეგულირებად საფინანსო სექტორსაც შეეხოს, ანუ მევახშეებს.

არ მაქვს ამ ეტაპზე ინფორმაცია, თუ რას ამზადებენ კერძო გამსესხებლების შემთხვევაში, მაგრამ გარკვეული შეზღუდვა ამ მიმართულებითაც იქნება. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ რთულია არაფორმალური სექტორის დარეგულირება, თუმცა ვიცით, რომ ყველაზე დიდი რეგულაცია სწორედ ამ სექტორს სჭირდება“, - აცხადებს კეპულაძე.

ეკონომისტები ამბობენ, რომ ლომბარდებისან მიღებულ ფულს ადამიანები არადანიშნულებისამებრ იყენებენ, უბრალოდ რომ ვთქვათ, ფლანგავენ. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი პაატა აროშიძე ამბობს, რომ თანხის საკმაო ნაწილი მიდის სათამაშო ბიზნესში.

„ის თანხა, რომელსაც ლომბარდიდან აიღებს უძრავი ქონების, ავტომობილის დაგირავებით, სრულიად არ არის საკმარისი ბიზნესის დასაწყებად. თუ ადამიანი ლომბარდს იმისთვის მიმართავს, რომ თვიდან თვემდე თავი ირჩინოს, სწავლის ან ჯანმრთელობის საფასური გადაიხადოს, მაშინ კიდევ გამართლებულია, მაგრამ ყველაზე მეტად სამწუხარო ის არის, რომ ძირითადად, ლომბარდში ჩადებული ქონება და იქიდან მიღებული თანხა არამიზნობრივადაა გამოყენებული. თანხის ძირითადი ნაწილი მიდის ტოტალიზატორებზე, სათამაშო ბიზნესზე“, - აცხადებს პაატა აროშიძე.