უპატრონოდ მიტოვებული „ლაგუნა ვერეს“ გამო პასუხს „ქართუს“ სთხოვენ

უპატრონოდ მიტოვებული „ლაგუნა ვერეს“ გამო პასუხს „ქართუს“ სთხოვენ

5 მაისს, 17 საათზე ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ ოფისთან აქცია გაიმართება, რომელზეც „ლაგუნა ვერეს“ ამუშავებას მოითხოვენ. უკვე ხუთი წელია ქალაქის ცენტში უზარმაზარი ტერიტორია უპატრონოდაა მიტოვებული და ნაგავსაყრელად ქცეული.

„ლაგუნა ვერე“, რომელმაც ათასობით სპორტსმენი გაზარდა და რომელიც თბილისის ერთ-ერთი სიმბოლო იყო, „ქართუ ჯგუფის“ მფლობელობაშია და 2013 წლის 30 დეკემბრის შემდეგ აღარ გახსნილა. 8000 იქ მოვარჯიშე ადამიანი და ასზე მეტი თანამშრომელი გარეთ დარჩა. მეხუთე წელია აუზი უფუნქციოდ არის და შველას ითხოვს… ჩვენ შევიკრიბებით „ქართუს“ ოფისთან, რათა გავახსენოთ მათ და მთლიანად საზოგადოებას, რომ თბილისს სჭირდება ლაგუნა ვერე!“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ყველაზე ცნობილ აუზს უკვე 5 წელია აღარ უმუშავია. გაურკვეველია როდის იგეგმება „ლაგუნა ვერეს“ რეაბილიტაცია. ფონდ „ქართუშიც“ და „ქართუ ჯგუფში“ დროგამოშვებით უარყოფენ, რომ „ლაგუნა ვერე“ მათ საკუთრებაშია.

„ლაგუნას ვერეს“ აქციების მფლობელი სს „იუნიონია“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბესიკ დემეტრაშვილია. იგი იმავდროულად „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. უკვე 2014 წლის 15 დეკემბრიდან სპორტული კომპლექსის ხელმძღვანელობაში მის გარდა ირიცხებიან: გიორგი ჯანელიძე, გიორგი ქსოვრელი, გელა კობერიძე და ვლადიმერ გოიაშვილი.

დავით ჩხეტიანი აღნიშნავს, რომ კომპლექსი ფონდი „ქართუს“ საკუთრებაა და განვითარების პროექტის შესახებ ინფორმაცია სწორედ მათთან უნდა გაირკვეს.

„მეპატრონეები იხილავენ მსგავს საკითხებს. ჩვენთვის ჯერ ცნობილი არაფერი არის. ჩვენ უშუალოდ რაც გვევალებოდა, ობიექტის მოვლა-პატრონობა, ეს უკვე გავაკეთეთ. ასევე, გვევალება ობიექტის არსებული იერსახის შენარჩუნება. ველოდებით მეპატრონეების გადაწყვეტილებას. დამატებითი დეტალებისთვის ქართუ „ფონდს“ უნდა მიმართოთ. მე ინფორმაცია არ მაქვს, ადგილზე კონკრეტულად რა პროექტის განხორციელება იგეგმება“, - განუცხადა „ბიპიენს“ ჩხეტიანმა.

„ლაგუნა ვერე“ 2013 წლის 28 დეკემბრის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს. მაშინ საცურაო აუზის თანამშრომლები დეკემბერში ერთთვიან შვებულებაში გაუშვეს და მას შემდეგ ელოდებიან, როდის განაახლებს კომპლექსი მუშაობას.

წლებია თბილისის ცენტრში უფუნქციოდაა დარჩენილი გასართობი და ზაფხული ცხელ დღეებში ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ადგილი „ლაგუნა ვერე“. იგი ამჟამდ ახლა ნაგავსაყრელადაა ქცეული. ტერიტორიის ნაწილზე პოლიეთილენის პარკები, ბოთლები, დაშლილი ავტომანქანების ნაწილები ყრია, აუზებში ხე-მცენარეებია ამოსული.

სხვათა შორის თბილისში ასეთი მიტოვებული ადგილები საკმაოდ არის, თუმცა უშუალოდ ქალქის ცენტრში მხოლოდ „ლაგუნაა“. ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი - საქართველოს“ წარმომადგენელმა მამუკა სალუქვაძე უპატრონოდ მიგდებული ტერიტორიების შესახებ ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა, რომელშიც მხოლოდ „ლაგუნა ვერე“ არ იგულისხმება.

„მხოლოდ ის არ არის, რომ შენი ტორიტორიაა, შემოიღობე და როგორც გინდა, ისე გექნება. ქალაქმა გაკრვეული პასუხისმგებლობები უნდა დააკისროს მეპატრონეებს. ასე არ შეიძლება, ცენტრში იყოს ტერიტორია, რომელსაც არავინ უვლის და ნაგავსაყრელადაა ქცეული. თუ მესაკუთრეა, კეთილი უნდა ინებოს და მოაუაროს“, - აღნიშნა სალუქვაძემ.