როგორ იზომება ბიზნესის თავისუფლება პარლამენტის ტრიბუნიდან

როგორ იზომება ბიზნესის თავისუფლება პარლამენტის ტრიბუნიდან

ბიზნესის თავისუფლებასთან დაკავშირებით ქვეყანაში თანდათან აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა. პარლამენტის წინაშე ანგარიშით გამოსვლისას ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც შეეხო. მისი აზრით, ხელისუფლებამ შეძლო და მოახერხა ის, რომ ბიზნესზე წნეხი მოიხსნა და იგი დღეს თავისუფალია.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „მცირე და საშუალო ბიზნესი ჯერ კიდევ ძალიან მცირე მოცულობით არის ჩვენს ქვეყანაში და ჯერ კიდევ დიდი ბიზნესის ჩრდილშია“.

„ჩვენ შევძელით და ის წნეხი, რომელიც იყო ბიზნესზე, ნამდვილად აღარ ხორციელდება და ბიზნესი თავისუფალია. ეს ნამდვილად პოზიტიური და წინგადადგმული ნაბიჯია. მივესალმები პრემიერის ინიციატივებს საგადასახადო მიმართულებით. ესეც გვაჩვენებს, რომ პოზიტიური ნაბიჯია. მივესალმები სტარტაპებისა და ინოვაციების ხელშეწყობას, თუმცა 2020 წლის მიზანი სოციალური თანასწორობის მიმართულებით სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს საზოგადოებაში მაღალი უთანასწორობაა, და ეს ფაქტია. ამ უთანასწორობის ფონზე სერიოზული დარტყმა იყო ჩვენი მოსახლეობისთვის ის პროცესები, რაც მიმდინარეობდა საბანკო სესხებთან მიმართებაში“, - განაცხადა მარგველაშვილმა და ეროვნული ბანკს მადლობა გადაუხადა იმ ნაბიჯებისთვის, რომელსაც ის დგამს, სტაბილურობისა და მომავლის განჭვრეტისთვის.

რამდენად თავისუფალია საქართველოში ბიზნესი და როგორ ვითარდება, ეს სადავო საკითხია. მართალია ბიზნესმენები დღეს პოლიტიკურ მარწუხებში აღარ არიან მოქცეულნი, მაგრამ სამაგიეროდ, მათ სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები უღობავს გზას.

სწორედ ამიტომ პრეზიდენტის შეხედულებას არ იზიარებს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე, მისი აზრით, მომატებული შეზღუდვები და არაკონკურენტული გარემო, ბიზნესს არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს. შეშელიძის თქმით, ქვეყანაში პრივილეგირებული მეწარმეები არსებობენ, რომელსაც ხელისფულება ლობირებს.

„ბიზნესზე საგადასახადო ტვირთი გაიზარდა, რეიტინგებში თანდათან ჩვენი ადგილები უარესდება, გაიზარდა გადასახადები, შემოღებულია შეზღუდვები სესხის გაცემაზე. ყველამ იცის, რომ ონლაინ სესხების კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეექმნა, რაც მათი დიდი ნაწილის გაკოტრების და დახურვით დამთავრდა.

რა თქმა უნდა, იყო პოზიტიური მიმართულება ე.წ. ესტონურ მოდელთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნებთან საერთაშორისო დონეზე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების დადება, მაგრამ ეს მაინცდამაინც ამ მთავრობის დამსახურება არ არის.

ეჭვი მაქვს, რომ ხელოვნურად ხდება გარკვეული ბიზნესების მხარდაჭერა. არიან პრივილეგირებული მეწარმეები და არიან მეწარმეები, რომელიც ცდილობენ თავი გადაირჩინონ ამ სიტუაციაში“, - განუცხადა „კომერსანტს“ პაატა შეშელიძემ.

სხვაგვარ აფასებს სიტუაციას ახალგაზრდა ფინანსისთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი. მისი აზრით, ბიზნესი დღეს საქართველოში თავისუფალი, ხოლო საინვესტიციო გარემო გაუმჯობესებულია. ამ ყველაფერს რეიტინგებში საქართველოს წინსვლა ადასტურებს.

„პრეზიდენტის განცხადება სწორია, საქართველში ბიზნესი აღარ იზღუდება. ბიზნესი თავისუფალია, რასაც არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს. ბიზნესის თავისუფლების მხრივ საქართველოს რეიტინგები წინა წლებთან შედარებით მკვეთრად არის გამოსწორებელი“,- განაცხადა ანდრია გვიდიანმა.