საეჭვო ხანძრებმა ტყეებში უკვე იფეთქა

საეჭვო ხანძრებმა ტყეებში უკვე იფეთქა

ჯერ წლის ცხელი პერიოდი არ დამდგარა, მაგრამ ხანძრის რამდენიმე კერა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე გაჩნდა. უკვე გაჩნდა ეჭვი, რომ ტყეებში ცეცხლი ხელოვნურად ჩნდება. მარტო აპრილში ტყის ხანძრის 3 შემთხვევა იყო. აქედან 2 წინა კვირას მთიან საქართველოში მოხდა. 25 აპრილს ხანძარი გაჩნდა აჭარაში, აბასთუმნის ტყეში. 26 აპრილს კი ხანძარს კობალტის ტყეშიც ებრძოდნენ. ხანძრის პირველი შემთხვევა 10 აპრილს რაჭაში მოხდა, შარლოთის ტყეში ხანძარი დროულად ჩააქრეს.

მაისის დაწყებისთანავე კი ცეცხლი ახალი კერა გაჩნდა, 1-ელ მაისს ღამით ხანძარმა ბორჯომში, საკირეს ტყეში იფეთქა. რთული რელიეფური პირობების გამო, ადგილზე მობილიზებული იყო დამატებით ჯგუფები ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ქარელის, კასპის, გორის, ხარაგაულის და ხაშურის დანაყოფებიდან. ხანძრის ჩაქრობის პროცესში სულ მონაწილეობდა 6 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. თბილისიდან ხანძრის ქრობის განყოფილებიდან დამატებით 5 კაციანი ჯგუფი გაიგზავნა. საბოლოო ჯამში ცეცხლი ჩაქრობა მოხერხდა, მაგრამ 2 ჰექტარი ტყე დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი მღებრიშვილმა ხანძრის ბუნებრივად გაჩენა კატეგორიულად გამორიცხა.

„მიზეზი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ არის ადამიანური ფაქტორი. ყველანაირად გამოვრიცხავ ბუნებრივ მომენტს, რადგან ამ პერიოდში ბუნებრივად ხანძრის გაჩენა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. სოფელ საკირეში ხანძრის გამომწვევი ადამიანური ფაქტორია. მიზანმიმართული იყო, თუ დაუდევარი მოქმედება, ამას, ალბათ, კომპეტენტური ორგანოები დაადგენენ“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

ამ მოსაზრებას ეთანხმებიან სპეციალისტებიც. ეკოლოგ ნინო ჩხობაძეს ნაადრევად ტყის ხანძრების გაჩენა აეჭვებს და დაუფარავად ამბობს, რომ მომავალში მეტი საფრთხეა მოსალოდნელი.

„მართლაც ნაადრევად გაჩნდა ხანძრები საქართველოს ტყეებში, როცა „სეზონი“ ჯერ კიდევ არ არის დამდგარი, რაც ძალიან დიდ ეჭვს აღძრავს. თანაც ისეთ ადგილებში გაჩნდა ცეცხლი, სადაც მიუვალი ტყეებია. ბოლომდე არც არის დადგენილი, რა იყო მიზეზი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ეს ადამიანის ჩარევის გარეშე არ მომხდარა. ზოგადად, ტყის ხანძრები ასეთი მასშტაბებით არ იყო დამახასიათებელი საქართველოსთვის, ახლა კი ყველაფერი პირიქითაა. ეს ეჭვს აძლიერებს“, - აღნიშნა ჩხობაძემ.

რამდენად მომზადებული ხვდება ცხელ ზაფხულს საგანგებო სიტუაციების სამსახური და რა გაკეთდა 2017 წლის ზაფხულის გამოცდილების შემდეგ ხანძრის უმოკლეს ვადებში ლოკალიზებისთვის? საგანგებო სიტუაციების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მიხეილ ფეიქრიშვილი ამბობს, რომ საჭიროა უფრო მეტი მობილიზება ხანძრის კერების ჩასაქრობად.

„აქედან გამომდინარე ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი, რომელიც გერმანული ფირმის „მანის“ სახანძრო მანქანებმა მოიგო. ამ ეტაპზე გვყავს 19 სახანძრო მანქანა და თითოეული მათგანი იტევს სამ ტონა წყალს. მათი მეშვეობით, მიუვალ ადგილებშიც აღარ გაგვიჭირდება ხანძრის ჩაქრობა და ეს მანქანები გადანაწილდება ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც ტყეეში შესაძლო ხანძრის ალბათობა მაღალია.

გარდა ამისა, დავიწყეთ ცოცხალი ძალის გადამზადება, თუკი აქამდე მეხანძრეები ვერ ახერხებდნენ ღამე მუშაობას, ეს პრობლემაც მოგვარდება და დროის ნებისმიერ მონაკვეთში იქნება შესაძლებელი ხანძრის კერების ლოკალიზება. ექსტემალურ სიტუაციებში მოქალაქეებმაც უნდა მოახერხონ ჩვენი დახმარება“, - აღნიშნა ფეიქრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურმა შემოიტანა დიდი რაოდენობით დრონები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ტყეების 24-საათიან მონიტორინგი. უახლოეს თვეებში საქართველოში ფირმა „როზენბაუერის“ მიერ და პირველად ისტორიაში, საქართველოშივე აეწყობა სახანძრო მანქანები.