დიდი საკრედიტო ცვლილებები არ გადავადდება და ორშაბათიდან ამოქმედდება

დიდი საკრედიტო ცვლილებები არ გადავადდება და ორშაბათიდან ამოქმედდება

საბანკო სექტორში დაგეგმილი ცვლილებების გადავადება არ იგეგმება. საფინანსო ორგანიზაციებს, როგორც ჩანს, ახალი რეგულაციების თაობაზე ჰქონდათ ინფორმაცია, თუმცა სებ-ის მხრიდან ასეთ სწრაფ გადაწყვეტილებას არ ელოდნენ. ახალა ისინი გადავადებას ითხოვენ, თუმცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამტკიცებს, სექტორი რეგულაციებისთვის მზადაა.

„ჭარბვალიანობის რისკები მანამდე უნდა შევამციროთ ვიდრე ეს მოსახლეობისთვის პრობლემად იქცევა. ზომების მიღება ეტაპობრივად მიმდინარებს. სექტორი ემზადება ამისთვის. გადავადება არ გეგმება“, - ამბობს გვენეტაძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საბანკო სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე სექტორთან კომუნიკაცია უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.

„ამ საკითხზე საუბარი ფინანსურ ინსტიტუტებთან კარგა ხანია მინდინარეობს. ჯერ კიდევ შარშან დეკემბრის დასაწყისში შევიდა ძალაში კაპიტალის მოთხოვნები გარკვეული ტიპის სესხებზე, რომელიც გაცემული იყო შემოსავლების შეფასების გარეშე და ასეთ სესხებზე ბანკებს უფრო მაღალი კაპიტალის მოტანა მოეთხოვათ. ჩვენ ვახორციელებთ პოლიტიკის ზომებს თანმიმდევრულად და დროში განაწილებულად. ყველა ზომები ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. 2018 წლიდან უნდა შევუერთდეთ ევროდირექტივას, რომლის მიხედვითაც სესხების გაცემა არ უნდა მოხდეს მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე. პირველ მარტს ჩვენ გავმართეთ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი, სადაც ავღნიშნეთ, რომ არსებობს ჭარბვალიანობის პრობლემა და აუცილებელია ზომების მიღება და იქვე დავაანონსეთ, რომ მუშავდება რეგულაციები“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ბანკები კი აგრძელებენ გადავადების მოთხოვნას. „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე ამბობს, რომ კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები ეროვნულ ბანკთან და მთავრობასთან. ხდება დაკონკრეტება ახალი რეგულაციებისა: რა ჯგუფის მომხამრებლებს შეეხება, რამდენად შეიძლება უფრო გრძელ ვადაში მოხდეს ახალი სიახლეების დანერგვა და ა.შ.

„ამ ცვლილებებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საბანკო სექტორზე და მომხმარებელზე, რადგან ძალიან მოკლე პერიოდში ინერგება და თუ მოხდება ამ პერიოდის გახანგრძლივება, უფრო დადებითად აისახება ეს ქვეყნის ეკონომიკაზე“, - განაცხადა კიკნაველიძემ.

ბანკებს კრედიტების გაცემა 2018 წლის 7 მაისიდან შეეზღუდებათ. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, მათ სესხები მხოლოდ მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის შემდეგ უნდა გასცენ. ასეთი სესხების საერთო თანხა კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

სანამ საფინანსო ინსტიტუტები სესხებს გასცემენ, თვითდასაქმებულთა ფინანსური მდგომარეობა უნდა შეისწავლონ. ფაქტობრივად, განსაზღვრულია სესხის ზედა ზღვარი, რომლის ზევითაც ამ კატეგორიის ადამიანებზე, „სასურველია“, სესხი არ გაიცეს.

ეროვნული ბანკის სამუშაო დოკუმენტში წერია, რომ ტაქსისტის სესხის მოცულობამ, სასურველია, არ გადააჭარბოს 6000 ლარს; რეპეტიტორისა - ასევე 6000 ლარს; პროფილაქტიკის ხელოსნის კრედიტის მოცულობაც ასეთივეა და სასურველია, ბანკმა ამ კატეგორიაზე 6000 ლარზე მეტი არ გასცეს. ძიძის სესხი 2000 ლარის ფარგლებში უნდა იყოს, ხოლო დალაქს შეუძლია, მეტი აიღოს, ოღონდ სასურველია, არ გადააჭარბოს 3500 ლარს. ფულადი გზავნილების მიმღებ პირთა სესხის მოცულობამ კი, სასურველია, არ გადააჭარბოს 2000 ლარს.

მოწინააღმდეგების გარდა, სებ-ის ინიციატივას ფინანსურ სექტორში მხარდამჭრებიც ჰყავს. „რიკო კრედიტის“ დამფუძნებელი ლაშა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ეროვნული ბანკის ინიციატივა სასიხარულოა.

„რეგულაციები მაშინ რომ ამოქმედებულიყო როდესაც ონლაინ კომპანიები შემოვიდნენ ქვეყანაში და ახლა ასეთი საშინელი მდგომარეობა არ იქნებოდა. სესხი უნდა აიღოს იმან, ვისაც გადახდის საშუალება აქვს და არ უნდა იყოს ისეთი ანომალიური მდგომარეობა, რომელიც ონლაინ კომპანიებს ჰქონდათ შექმნილი. ჩვენ არასდროს ვაძლევდით სესხებს იმ მოქალაქეებს, რომელთაც არ ჰქონდათ გადახდის საშუალება. „რიკო კრედიტი“ არ ნადირობს ხალხის ქონებაზე, არასდროს გვქონდა იპოთეკური ლომბარდი. თვითდასაქმებული ადამიანების გადამხდელუნარიანობა სრულფასოვან ანალიზს ექვემდებარება, რაც ნათლად არის გაწერილი ახალ რეგულაციებში“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.