ჩინეთისკენ ექსპორტი კატასტროფულად მცირდება. ამას არ შველის არც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და არც მისი პოპულარიზება. ამ ქვეყანაში სულ უფრო ნაკლები ქართული პროდუქტი გადის. ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მარიამ გაბუნია ამბობს, რომ ეს, ძირითადად, გამოწვეულია სპილენძის მადნისა და კონცენტრატების ექსპორტის კლებით, თუმცა მიზეზი მხოლოდ ეს არ უნდა იყოს. ბოლო პერიოდში იკლო ღვინის ექსპორტმაც, რომლოს რეკლამირებაზე შორეულ ქვეყანაში საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში ჩინეთში ექსპორტმა 20.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს მკვეთრად ჩამოუვარდება. კერძოდ, შარშან პირველ კვარტალში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 49.3 მლნ დოლარი იყო.
საექსპორტო პრობლემა მხოლოდ ჩინეთს არ ეხება. საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებს თუ დავაკვირდებით, იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველომ სხვადასხვა დროს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა, მდგომარეობა არასახარბიელოა. გამოდის, რომ ან სისტემა არ მუშაობს, ან საქართველოს არ აქვს შესაბამისი პროდუქცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასატანად.
მაგალითად, რთული მდგომარეობა გვაქვს თურქეთთანაც, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2009 წლიდან მოქმედებს. მეზობელ ქვეყანასთან ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკას წლების მიხედვით თუ მიმოვიხილავთ, ვითარება ნამდვილად დამაფიქრებელია. თურქეთში ექსპორტი, 2009 წლის მდგომარეობით, 225 მლნ დოლარს შეადგენდა, მომდევნო წელს ეს მაჩვენებელი 216 მლნ-მდე შემცირდა, მცირედი ზრდა განიცადა 2011 წელს და 226 მლნ დოლარამდე მოიმატა, თუმცა 2012 წელს 140 მლნ-მდე ჩამოვიდა. 2013 წელს ეს მაჩვენებელი მცირედით გაუმჯობესდა და 184 მლნ დოლარი შეადგინა. ყველაზე კარგი ვითარება ამ მხრივ გვქონდა 2014 წელს, როცა თურქეთთან ექსპორტი 239 მლნ დოლარმდე ავიდა, რასაც მაშინვე მოჰყვა ვარდნა და 2015 წელს 186 მლნ დოლარამდე დაეცა. უარესი იყო 2016 წელი - 173 მლნ, ხოლო 2017 წელს ცოტათი გაუმჯობესდა ვითარება და თურქეთში ექსპორტმა 216 მლნ დოლარი შეადგინა. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 9 წელიწადში თავისუფალი ვაჭრობის ფორმატში თურქეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი საერთოდ არ გაზრდილა.
ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ჩინეთის მიმართულებით გაჩენილ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და რეალური მიზეზების ძიებაშია.
„ჩვენ გავაანალიზეთ სამი თვის შედეგები და მინდა ავღნიშნო, რომ ექსპორტის 29-მილიონიანი კლებიდან, რაც ამა წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა, 28,6 მილიონი დოლარი სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე მოდის. ამ პროდუქციის ჩინეთში ექსპორტის შემცირების მიზეზი არის ის, რომ ექსპორტიორებმა მოახდინეს ბაზრის დივერსიფიცირება და ჩინეთის ნაცვლად ეს პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე გაიტანეს“, - განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება ქართული ღვინის ექსპორტის შემცირებას ჩინეთში, მან ასეთი განმარტება გააკეთა:
„ეს განპირობებულია იმით, რომ გასულ წელს ჩინეთში ახალი წელი იყო იანვრის ბოლოს, ხოლო წელს, თებერვლის ბოლოს, შესაბამისად თებერვლის ბოლომდე გასტანა იქ არსებულმა ღვინის მარაგებმა. ექსპორტრიორი კომპანიები ამჟამად აპირებენ მარაგების შევსებას, მათ დიდი რაოდენობით პროდუქცია გაიტანეს აპრილში და მომავალი თვეების განმავლობაშიც აპირებენ აქტიურ ექსპორტს“, - განუცხადა „საქმის კურსს“ გაბუნიამ.
სხვაგვარ შეფასებას აძლევენ შექმნილ სიტუაციას ექსპერტები. მათი აზრით, ზოგადად, პრობლემა ისაა, რომ საექსპორტო პროდუქტი გვაქვს ცოტა. ამიტომაა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები სათანდოდ არ მუშაობს.
„ხელისუფლების მცდელობა, გაზარდოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებათა რაოდენობა, სწორია. მაგრამ ამის პარალელურად საექსპორტო საქონლის წარმოება უნდა გაზარდონ ბიზნესმენებმა. მთავრობა თავად ხომ ვერ გააგზავნის საზღვარგარეთ პროდუქციას? არის რაღაც, რაც უშუალოდ ბიზნესმა უნდა გააკეთოს. ხელისუფლების საზრუნავია, გაჭრას საექსპორტო არხები, ხოლო ვისაც ეხება პროდუქტის რეალიზაცია, ისინი თავად უნდა გავიდნენ ამ გზაზე“, - განაცხადა ეკონომისტმა გიორგი ღაღანიძემ.