თბილისის მერიამ მემანქანეებისთვის ხელფასის 43%-ით მომატებაზე უარი თქვა. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, ორშაბათიდან გაფიცვა გამოცხადდეს და დედაქალაქი მეტროს გარეშე დარჩეს. მერიაში ამ თემაზე კომენტარი არ კეთდება.
თბილისის მერიასა და ორგანიზაცია „ერთობა 2013“-ს შორის გამართული ერთსაათიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
„ერთობა 2013“-ის წარმომადგენლების თქმით, მეტროპოლიტენის 300-მდე თანამშრომელი კვირას შეიკრიბება და სამოქმედო გეგმას შიმუშავებს. ისინი, სავარაუდოდ, გაიფიცებიან. ყოველ შემთხვევაში მათი წინასწარი პასუხი მერიის უარყოფით პოზიციაზე სწორედ ასეთი იყო.
1 დღით ადრე „ერთობა 2013“-ის წევრები ამბობდნენ, რომ თუკი მერია და სატრანსპორტო კომპანია უარყოფით პასუხს დააფიქსირებდნენ, მეტროპოლიტენის 300-ზე მეტი მემანქანე გაიფიცებოდა.
„ეს შეხვედრა ბოლოა, სადაც ჩვენ მოვისმენთ თბილისის მერიის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდება თუ არა მეტროპოლიტების თანამშრომელთა ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც ხელფასების მომატებას ეხება. თუ მერია არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნას, იგეგმება ფართომასშტაბიანი გაფიცვა, რამაც შესაძლოა, მეტროპოლიტენის პარალიზება გამოიწვიოს. უფრო კონკრეტულად სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შეხვედრის დასრულების შემდეგ ვისაუბრებთ“, - განაცახდა „ერთობა 2013“-ის წარმომადგენელმა რატი კაპანაძემ შეხვედრის დაწყების წინ.
26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია მემანქანეებისთვის ხელფასის 43%-ით მომატების საკითხზე გადაწყვეტილებას 1-ელ მაისამდე მიიღებდა, თუმცა მუნიციპალიტეტში ამ დრომდე მოცდა აღარ ისურვეს და უარყოფითი პასუხი მეორე დღესვე დააფიქსირეს.
თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფკავშირების გამგეობის წევრის, პირველადი პროფკომიტეტის თავმჯდომარის, მაია შავიშვილის თქმით, გაერთიანებული პროფკავშირები სატრანსპორტო კომპანიისგან შეუსრულებელ პირობაზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, 2018 წლის იანვარში კომპანიას უნდა წარმოედგინა დასაბუთებული ინფორმაცია ხელფასების გაზრდის შესაძლებლობის თაობაზე, მაგრამ იანვარში მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის გამო, ეს საქმე გადაიდო. ამასთან, შეიცვალა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობა.
„თებერვალში, მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფკავშირისა და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას, კომპანიამ აპრილის ბოლომდე ითხოვა ვადა, ამიტომ ჩვენ აპრილის ბოლოს დაველოდებით, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ამის შემდეგ გამოვიყენოთ კანონით მონიჭებული უფლება და გადავიდეთ დავის პროცესში“, - განაცხადა მაია შავიშვილმა.
მეტროპოლიტენის მემანქანეებს მოთხოვნები წლებია უგროვდებათ. 2016 წელს მათ სამი საგაფიცვო მოთხოვნა ჰქონდათ: საათობრივი ანაზღაურების გაზრდა; ღამის საათებში განსხვავებული სატარიფო ანაზღაურება; პენსიების დანიშვნა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით.
საგაფიცვო მოთხოვნები სატრანსპორტო კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა და სასამართლომ გაფიცვა ერთი თვით გადაავადა, ერთი თვის თავზე კი სატრანსპორტო კომპანიამ მოთხოვნათა ნაწილი დაკმაყოფილა: 20%-ით გაიზარდა ღამის სამუშაო საათების ანაზღაურება, განისაზღვრა წლიური დანამატი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. მთავარი მოთხოვნა კი, გაეზარდათ საათობრივი ანაზღაურება, გაფიცვის ორგანიზატორებმა დათმეს იმ პირობით, რომ მოთხოვნა 2017 წელს შესრულდებოდა, თუმცა ეს პირობა დღემდე არ შესრულებულა.